Monday, March 29, 2010

ჩინური ”ჯილი” ”ფორდისგან” ”ვოლვოს” შეიძენს

Geely agrees to buy Volvo from Ford for $1.8 billion

29 მარტი

ლი შუფუ (მარცხნივ) და ლუის ბუტი (მარჯვნივ) ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ

..........................................

უდიდესმა ჩინურმა კერძო საავტომობილო კომპანია ”ჯეძიან ჯილიმ” და ”ფორდ მოტორმა” ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის ძალითაც, ”ჯილი” შვედურ კომპანია ”ვოლვოს” შეიძენს და ამის სანაცვლოდ, ამერიკულ კომპანიას 1.8 მილიარდ ევროს გადაუხდის. ეს უდიდესი გარიგებაა, როგორიც კი ოდესმე ჩინურ კომპანიებს უცხოური კომპანიის შესაძენად გაუფორმებიათ.

ამგვარად, ჩინეთმა რეალურად გადადგა ის ნაბიჯი, რომლითაც ის მსოფლიო ავტო ინდუსტრიის მოთამაშე ხდება. ამ გარიგებით კი დასრულდა ორწლიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც, ”ჯილი” და ”ფორდი” შვედური კომპანიის თაობაზე, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

კონტრაქტს ხელი ლი შუფუმ (მარცხნივ, მჯდომარე) და ლუის ბუტმა (მარჯვნივ, მჯდომარე) მოაწერეს

.........................................

”ფორდმა” კი დაასრულა ოდესღაც მის პრემიერ ჯგუფში შემავალი კომპანიების გაყიდვა. შეგახსენებთ, რომ ამ ჯგუფში, ”ვოლვოს” გარდა, ინგლისური კომპანიები - ”ასტონ მარტინი”, ”იაგუარი” და ”ლენდ როვერი” შედიოდა. მათგან პირველი კუვეიტურ-ამერიკულ-ბრიტანულმა საინვესტიციო ჯგუფმა შეიძინა, დანარჩენი ორი კი - ინდურმა ავტოკომპანია ”ტატა მოტორმა”.

”დღევანდელი დღე განსაკუთრებულია ”ჯილის” ისტორიაში”, - რეპორტიორებთან საუბრისას განაცხადა ”ჯილის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლი შუფუმ და დასძინა, რომ ”ვოლვო ქარზი” დამოუკიდებელ კომპანიად დარჩება და მას უცვლელად შეუნარჩუნდება მმართველი საბჭო, რომლის შტაბ-ბინა ისევ შვედეთში დარჩება.

არადა, ჯერ კიდევ ორი წლის წინ, როდესაც ორ კომპანიას შორის მოლაპარაკებები დაიწყო, ”ჯილი” ძალიან პატარა კომპანია იყო. მისი წარმოება ”ვოლვოს” წლიური წარმოების მხოლოდ 16 პროცენტს შეადგენდა, შტატით კი ”ვოლვოს” თანამშრომელთა რაოდენობის ნახევარს არ აღემატებოდა.

”ჯილის” შტაბ-ბინა ჰანჯოუში

............................................................

წელს ეს მეორე დიდი გარიგებაა, რომელიც საავტომობილო სამყაროში დაიდო. წლის დასაწყისში, ჰოლანდიურმა ”სპაიკერმა” ”ჯენერალ მოტორსისგან” შვედური საავტომობილო კომპანია ”სააბი” გამოისყიდა. თანაც, იმ შემთხვევაშიც, მყიდველი კომპანია ნაყიდზე მცირე ზომისაა.

ჩინური კომპანიის განცხადებით, მან შეძლო იმ ფინანსური სახსრების მოზიდვა, რომლითაც ”ვოლვოს” გამოსყიდვას და ამ კომპანიის განვითარებისთვის საჭირო სამუშაოების ჩატარებას, კერძოდ, საწარმოო პროგრამის გაფართოებას და განახლებას შეძლებს. ამასთან, ”ჯილი” ელის, რომ დამატებით სახსრებს ევროპის საინვესტიციო ბანკისგანაც მიიზიდავს.

გარიგება, რომლის საფუძველზეც, ”ჯილის” მეტწილად ნაღდი ფულის გადახდა მოუწევს, ითვალისწინებს, რომ ჩინური კომპანიის ხელში, ”ვოლვოს” უძრავი ქონების გარდა, მისი ინტელექტუალური საკუთრებაც გადავა. გარდა ამისა, ”ფორდი” და ”ვოლვო” თანამშრომლობასაც გააგრძელებენ, რაც ამ ორი კომპანიის საერთო მომარაგებას, კვლევებსა და განვითარებას, ასევე საერთო ტექნოლოგიების შემუშავებას ითვალისწინებს.

კითხვაზე, დარჩება თუ არა ”ვოლვოს” ძირითადი საწარმოები ევროპაში, ლი შიფუმ უპასუხა, რომ მნიშვნელოვანია, შვედური კომპანიის ქარხნები იმ არეში მდებარეობდეს, სადაც მაკომპლექტებლებით მისი მომმარაგებელი საწარმოების დიდი ნაწილია განლაგებული. ასეთი არე კი ძველი კონტინენტია. ყოველ შემთხვევაში, ახლო მომავალში ასეც იქნება. ცნობისათვის, ამჟამად ”ვოლვოს” ორი ძირითადი ამწყობი საწარმო გააჩნია, რომლებიც გიოტენბურგში (შვედეთი) და ბელგიაში მდებარეობს.

სხვათა შორის, ”ფორდის” და ”ჯილის” გარიგებას თავიდან დიდ წინააღმდეგობას უწევდა ”ვოლვოს” პროფკავშირული გაერთიანება, მაგრამ ხანგრძლივ მოლაპარაკებათა შედეგად, ეს წინააღმდეგობა გადალახულ იქნა და დღეს პროფკავშირი თანახმაა, რომ შვედური კომპანია ჩინური ჰოლდინგის წევრი გახდეს.

გარიგება ოფიციალურადაა გაფორმებული, ”ვოლვოს” შესყიდვის პროცესს ”ჯილი” წლის მესამე მეოთხედში დაასრულებს. ”ფორდი” კი მთლიანად თავისი ძირითადი ბრენდების (ფორდი, მერკური, ლინკოლნი) განვითარებაზე იზრუნებს.

ცნობისათვის, ”ფორდმა” ”ვოლვო” 1999 წელს შეიძინა და მასში 6.5 მილიარდი დოლარი გადაიხადა. შარშანწინ, ამერიკულმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ თავისი შვედური შტოს გაყიდვას აპირებს. კონკურსში მაშინვე ჩაება ”ჯილი”, რომელმაც შერჩევის პროცესი წარმატებით გაიარა, თუმცა ”ფორდთან” მთავარი მოლაპარაკება მაინც ძალიან გაუჭიანურდა, რისი მთავარი მიზეზიც ის იყო, რომ ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, ”ჯილის” გარიგების ფინანსური მხარდამჭერების მოძებნა დაუგვიანდა. მართალია, ”ფორდს” ”ვოლვოს” გაყიდვა თითქმის სამნახევარჯერ იაფად უწევს, ვიდრე მისი შეძენა დაუჯდა, მაგრამ ამერიკული კომპანიის მთავარი ფინანსური მოხელე ლუის ბუტი აცხადებს, რომ მხარეებს შორის მიღწეული გარიგების ფინანსური მხარე ”სრულიად სამართლიანია”.

შარშან ჩინეთში 13.6 მილიონი ავტომობილი გაიყიდა და ამ მაჩვენებლით, მზისქვეშეთის ქვეყანამ, მსოფლიოს უდიდესი საავტომობილო ბაზრის სტატუსი ამერიკას ჩამოართვა. მართალია, ჩინური ავტომწსრმოებლებიც სწრაფი ტემპით ვითარდებიან, მაგრამ მათ ჯერ არ გააჩნიათ ის ტექნოლოგიები, რომლებიც განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე შეღწევის საშუალებას მისცემს. ”ჯილის” მიერ ”ვოლვოს” შეძენა კი ამ ნაკლის გამოსწორების მეორე სერიოზული ნაბიჯია. პირველად კი შეიძლება ჩაითვალოს ”შანჰაი ავტომოტივის” მიერ ბრიტანული ”როვერის” შეძენა. თუმცა, ფინანსური მოცულობის მხრივ, ის ნაკლებად მასშტაბური გამოსყიდვა იყო.

გარდა იმისა, რომ ”ვოლვოს” ქარხნებს ევროპაში დატოვებს, ”ჯილი” ასევე გეგმავს ”ვოლვოს” ახალი ქარხნის ჩინეთში აშენებას, სადაც წლიურად 300 000 ავტომობილის წარმოება იქნება შესაძლებელი. ანუ, ამ ქარხნის ამუშავების შემდეგ, შვედური მარკით ჩინეთში იმდენივე ავტომობილის წარმოება იქნება შესაძლებელი, რამდენსაც ”ვოლვო” დღეს ევროპაში აწარმოებს.

სხვათა შორის, ”ვოლვოს” შეძენაში ”ჯილის” ჩინეთის მთავრობა ეხმარება, რომელმაც ცოტა ხნის წინ, უარი განაცხადა, ფინანსურად უზრუნველეყო ჩინური მანქანათმშენებელი კომპანია ”ტენჯონის” მიერ ”ჯენერალ მოტორსისგან” მარკა ”ჰამერის” გამოსყიდვაზე.

ლი შიფუ აცხადებს, რომ მალე, ჩინური ბაზარი ”ვოლვოსთვის” მეორე საშინაო ბაზარი გახდება. ამასთან, შვედური კომპანია გახდება ლიდერი იმ პრემიუმ სეგმენტის ავტომობილების მწარმოებელთა შორის, რომლებიც თავიანთ ავტომობილებს ჩინეთში ჰყიდიან. ეს კი ”ვოლვოს” საუკეთესო მომავალს უქადის.

პარალელურად, ჩინეთის მთავრობა არ მალავს, რომ სურს, სამთავრობო აპარატების თანამშრომლების მომსახურე ავტომობილებს ადგილობრივი კომპანიები აწარმოებდნენ. ეს სურვილი კი, რომელიც ალბათ მალე განხორციელდება, ”ვოლვოს” გასაღების დიდ ბაზარს ჰპირდება. ცნობისათვის, დღეისათვის, ჩინეთის სამთავრობო სტრუქტურების მაღალმოხელეები ძირითადად ”ფოლკსვაგენის” და ”აუდის” ავტომობილებით სარგებლობენ.

დაბოლოს, ”ჯილიმ” შარშან მხოლოდ 330 000 ავტომობილი გაჰყიდა, დაახლოებით იმდენივე, რამდენიც ”ვოლვომ”. თუმცა, ჩინური კომპანია იმედოვნებს, რომ 2015 წელს მის მიერ წარმოებული ავტომობილების გაყიდვები 2 მილიონს მიაღწევს.

No comments:

Post a Comment