Sunday, April 11, 2010

ყველა დროის ყველაზე სწრაფი ”ფერარი”

Ferrari 599 GTO

11 აპრილი

სუპერ ავტომობილების მწარმოებელმა იტალიურმა კომპანია ”ფერარიმ” ინტერნეტით თავისი ახალი მოდელის, 599 GTO-ს (გრან ტურიზმო ომოლოგატას) შესახებ ინფორმაცია და ფოტოები გაავრცელა. ამ ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ ეს არის მარანელოელთა ისტორიაში ყველაზე სწრაფი საგზაო ავტომობილი.

”ფერარი” ამ ავტომობილს შეზღუდული ტირაჟით, 599 ცალს დაამზადებს. მის მსოფლიო პრემიერას კი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდსა და უდიდეს ავტობაზარზე - ჩინეთში, პეკინის მოტორ შოუს დროს ჩაატარებს.

”ფერარი 599 GTO” 6.0-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც დაახლოებით 670 ცხენის ძალას (8 250 ბრ/წთ-ზე) და 620 ნიუტონმეტრს (6 500 ბრ/წთ-ზე) იძლევა. ეს აგრეგატი აქამდე ”ფერარი 599 GTB ფიორანოზე” გამოიყენებოდა. ძრავთან შეწყვილებულია 6-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფი, რომელიც გადაცემების 60 მილიწამში გადართვას უზრუნველყოფს.

ავტომობილი 1605 კილოგრამს იწონის, რაც მისი წინამორბედის წონაზე 85 კილოგრამით ნაკლებია. წონისა და სიმძლავრის ფარდობა კი, თითოეულ ცხენის ძალაზე 2.23 კილოგრამს შეადგენს. ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად 17.5 ლიტრი ბენზინი სჭირდება, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროს 411 გრამი CO2-ით აბინძურებს.

”ფერარის” მონაცემებით, 599 GTO-ს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 3.35 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 335 კმ/სთ-ია. რელიზში ასევე მითითებულია, რომ ეს ავტომობილი ფიორანოს სარბოლი ტრეკის ერთ წრეს წუთსა და 24 წამში გადის, რაც 2.5 წამით ნაკლებია იმ დროზე, რაც იმავე წრის გასავლელად, ”599 GTB ფიორანოს” სჭირდება.

გაუმჯობესებული აგრეგატების გარდა, ყველაზე სწრაფი ”ფერარი” ასევე აღჭურვილია აეროდინამიკური ელემენტებით, რომელთა მსგავსებიც პირველად მარანელოელებმა სატრეკო მოდელ ”ფერარი 599XX-ზე” გამოიყენეს. მაგალითად, ესაა წინა და უკანა ბამპერების ქვეშ მოთავსებული ჰაერის ამღებები და ”სასუნთქები” (უკანას შემთხვევაში), კაპოტში ამოჭრილი დამატებითი სავენტილაციო ღრიჭოები, უზარმაზარი უკანა დიფუზორი და ახალი უკანა სპოილერი. რელიზში ნათქვამია, რომ ამ ელემენტების წყალობით, 200 კმ/სთ სიჩქარეზე, ავტომობილის დინამიკური დატვირთვა დაახლოებით 144 კილოგრამით იზრდება.

ახალი ავტომობილი ასევე აღჭურვილია მოდერნიზებული სამუხრუჭე სისტემით, რომლის წინ 398-მილიმეტრიანი, უკან კი 360-მილიმეტრიანი დისკოებია განლაგებული. ავტომობილი 20-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც 285/30 (წინ) და 315/35 (უკან) საბურავებითაა შემოსილი.

ერთადერთი ინფორმაცია, რომლის შესახებაც მარანელოელები ჯერჯერობით სდუმან, 599 GTO-ს ფასია. სამაგიეროდ, დასავლური ავტორიტეტული გამოცემები ვარაუდობენ, რომ ავტომობილის საბაზო ღირებულება 267 136 ევრო იქნება.

No comments:

Post a Comment