Monday, April 12, 2010

”დაიმლერმა” და ”რენო-ნისანმა” ალიანსი ჩამოაყალიბეს

Renault-Nissan, Daimler announce alliance

12 აპრილი

7 აპრილს, ტოკიოში, ”დაიმლერმა” ერთის მხრივ და ”რენოსა” და ”ნისანის” ალიანსმა მეორეს მხრივ, ახალი გლობალური ალიანსი ჩამოაყალიბეს. გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ისინი ერთმანეთს თავიანთ აქციებს გაუცვლიან და რაც მთავარია, კომპაქტური და კომერციული ავტომობილების, ასევე მომავლის ძრავების შემუშავებაზე ითანამშრომლებენ.

შეთანხმების მიხედვით, ”დაიმლერი” ”რენოსა” და ”ნისანის” აქციების 3.1-3.1 პროცენტს დაეუფლება, თავის მხრივ კი თითოეულს თავისი ავტომწარმოებელი შტოს აქციების 1.55 პროცენტს გადასცემს. სქციების პროპორციულად გადანაწილების საკითხი იყო ბოლო წინაღობა, რომლის გადალახვის შემდეგაც, სამმა ავტომწარმოებელმა ახალი ალიანსის ჩამოყალიბება შეძლო.

ალიანსის შექმნა თავიდანვე იყო ”რენოსა” და ”ნისანის” მთავარი აღმასრულებლის, კარლოს გონის იდეა, რომელიც ამ გხით, საწარმოო ხარჯების შემცირებას და ამ გზით, ბიზნესის რენტაბელობის გაუმჯობესებას ესწრაფვის. ამ ეტაპზე, ალიანსის მთავარი მიზანი ახალი ტექნოლოგიების შემუშავებაა, რომელიც სამივეს გამონაბოლქვზე ახალი, მეტად გამკაცრებული სტანდარტების დაკმაყოფილებას შეაძლებინებს.

ამგვარად, წელს ავტოსამყაროში სამი ახალი ალიანსი წარმოიქმნა. პირველი ორი ”ფიატმა” და ”კრაისლერმა”, ასევე ”ფოლკსვაგენმა” და ”სუზუკიმ” ჩამოაყალიბეს. და ამ ალიანსების შექმნის მთავარი მიზანიც საწარმოო დანახარჯების, ახალი ტექნოლოგიების და ავტომობილების შემუშავების ღირებულების შემცირებაა.

ცნობისათვის, ფრანგულმა ”რენომ” და იაპონურმა ”ნისანმა” ალიანსი 1999 წელს ჩამოაყალიბეს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მყარი ალიანსი სხვადასხვა ქვეყნების ავტომწარმოებელთა შორის. ”დაიმლერკრაისლერისგან” განსხვავებით, ”რენო-ნისანის” ალიანსი გამართულად მუშაობს და ორივე კომპანიისთვის დიდი ხეირი მოაქვს.

აღსანიშნავია, რომ ორი წლის წინ, ”რენო-ნისანს” ალიანსის ამერიკულ კომპანიასთან ჩამოყალიბება სურდა. მაშინ, ამერიკელ მილიარდერ კირკ კერკორიანის შუამდგომლობით, პარტნიორად ”ჯენერალ მოტორსი” შეირჩა, მაგრამ ხანგრძლივ მოლაპარაკებათა შემდეგ, მიზნის მიღწევა ვერ მოხერხდა. ”გენერლებმა” კრახისგან თავი მართვადი გაკოტრებით და სახელმწიფოსგან უზარმაზარი კრედიტის აღებით გადაირჩინეს, ”რენო-ნისანის” შეფმა გონმა კი ამერიკის ნაცვლად, ახალი პერტნიორი ძველ კონტინენტზე მოძებნა.

”კანონმდებლებისა და მომხმარებლების მხრიდან, მუდმივად ვგრძნობთ ახალი ტექნოლოგიების შემუშავების აუცილებლობას. ამიტომ, აუცილებელია მუდმივად სიახლეების, მოწინავე ტექნოლოგიების შემუშავება, რათა კონკურენტუნარიანობა შევინარჩუნოთ, ამ საქმეში კი დიდ კომპანიებს შორის თანამშრომლობას მხოლოდ სიკეთის მოტანა შეუძლია”, - ამბობს გონი.

”დაიმლერის” მთავარი აღმასრულებელი დიტერ ცეტშე ამბობს, რომ ამ ალიანსით, მისი კომპანია მხოლოდ მოგებული დარჩება: ”ჩვენი შესაძლებლობები ერთმანეთის მოთხოვნილებებს საუკეთესოდ მიესადაგება. ამ მომენტიდან, ჩვენ კომპაქტური ავტომობილების სეგმენტსა და გამონაბოლქვში CO2-ის შემცირების საქმეში, ჩვენი კონკურენტუნარიანობა მნიშვნელოვნად გავზარდეთ და ამას ხანგრძლივი ეფექტი ექნება”.

გონის თქმით, ”დაიმლერთან” მჭიდრო თანამშრომლობა მის ორივე კომპანიას უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში, მინიმუმ 2 მილიარდ ევროს დაუზოგავს. მომავალში კი ალიანსის ფინანსური ეფექტი კიდევ უფრო სოლიდურ თანხებს მიაღწევს. დაახლოებით იგივე ხეირის მოლოდინშია ცეტშეც.

ალიანსის შექმნასთან დაკავშირებულ პრეს კონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ამჯერად, ”დაიმლერი” დაზღვეულია იმისგან, რომ ”კრაისლერთან” განცდილი წარუმატებლობა კვლავ გამოსცადოს. ამასთან, ისიც დასძინა, რომ ამერიკულ კომპანიასთან ალიანსის ჩაშლის მთავარი მიზეზი ერთობლივი პროექტების არგანხორციელება გახდა. ამასთან, ”რენო-ნისანთან” აქციების მინორული პაკეტების გაცვლას მან სიმბოლური უწოდა.

”როდესაც ჩვენ ”კრაისლერთან” გავერთიანდით, მაშინ ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ბევრი არ გვიფიქრია. ამიტომ, ეს სრულიად არაფრის მომტანი გაერთიანება გახდა და ამის გამო დაიშალა. ამჯერად კი სულ სხვა მიზნები გვამოძრავებს. უკვე რამდენიმე თვეა, რაც სპეციფიკურ პროექტებზე ერთობლივად ვმუშაობთ”, - ამბობს ცეტშე.

ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელსაც ახალი ალიანსის წევრები ერთობლივად შეიმუშავებენ, შემდეგი თაობის ”სმარტ ფორ თუ” და ”რენო ტვინგოა”, რომლებიც ერთ პლატფორმაზე აიგება. ორივე ავტომობილის ბაზარზე გამოჩენა 2013 წელს არის მოსალოდნელი და დებიუტისთანავე, ორივე ელექტროძრავებით იქნება აღჭურვილი.

კომპაქტური ავტომობილების გარდა, ახალი ალიანსის წევრები მცირელიტრაჟიან, ბენზინის და დიზელის სამ და ოთხცილინდრიან ძრავებსაც შეიმუშავებენ. ამ ძრავებს ორივე კომპანია კომპაქტურ ავტომობილებში გამოიყენებს. პარალელურად, ”ნისანის” პრემიუმ ბრენდი ”ინფინიტი” ”მერსედეს ბენცის” ოთხ და ექვსცილინდრიან ბენზინის და დიზელის ძრავებს თავის მოდელებზე გამოიყენებს. გონის თქმით, ამ ძრავების დახმარებით, ”ინფინიტი” აშშ-ის, ჩინეთისა და განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე მნიშვნელოვნად გაიმყარებს პოზიციებს.

თანამშრომლობა ასევე მსუბუქ კომერციულ ავტომობილებსაც შეეხება. ამ შემთხვევაში საბაზო გახდება ”რენოს” ვენი, რომლის ბაზაზეც, ”მერსედესი” საკუთარ ვენს 2012 წელს გამოუშვებს. ამავე ვენისთვის, გერმანული კომპანია ”რენო-ნისანისგან” დიზელის ძრავებსაც შეიძენს.

გონი და ცეტშე ამბობენ, რომ ალიანსის ჩამოყალიბება აქციების გაცვლის გარეშეც შეიძლებოდა, თუმცა პაკეტების გაცვლით, ისინი ერთმანეთს პარტნიორობის მოტივაციას გაუძლიერებენ. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ მათ აქციების უფრო მსხვილი პაკეტები არ გაცვალეს.

No comments:

Post a Comment