Tuesday, April 13, 2010

ლონდონური ქები ჩინური ”ჯილისგან”

Geely Englon TXN

13 აპრილი

ჩინურმა საავტომობილო კომპანია ”ჯილიმ”, რომელიც ახლახანს შვედური ”ვოლვოს” მფლობელი გახდა, პეკინის საავტომობილო შოუსთვის კონცეპტუალური მოდელი ”ენგლონ TXN” შექმნა და მის შესახებ მწირი ინფორმაცია და ფოტოები, გამოფენის დაწყებამდე გამოაქვეყნა. ეს ავტომობილი იმითაა საინტერესო, რომ მალე მან ცნობილი ლონდონური შავი ქები უნდა შეცვალოს.

ამჟამად ლონდონურ ტაქსის კომპანია ”მანგანეს ბრონზ ჰოლდინგსის” შტო ”ლონდონ ტაქსის ინტერნეიშნლი” აწარმოებს. ”მანგანეს ბრონზ ჰოლდინგსის” აქციების 19.9 პროცენტი ”ჯილის” ეკუთვნის. მაგრამ ჩინური კომპანია ამას არ სჯერდება და მისი აქციების საკონტროლო პაკეტის დაუფლებას აპირებს.

ცნობისათვის, ”ლონდონ ტაქსის ინტერნეიშნლი” ლონდონურ ქებს 1948 წლიდან აწარმოებს. მისი ქარხანა, სადაც ქების ძარებს ამზადებენ, ქოვენთრიში მდებარეობს, თუმცა მას შემდეგ, რაც ”ჯილი” ”მანგანეს ბრონზს” დაეუფლება, ახალი ავტომობილის წარმოებას ალბათ ჩინეთში გადაიტანს. ამის გამო, ქოვენთრის ქარხანაში სამუშაო ადგილს 60 ადამიანი დაკარგავს. თუმცა, ამ ქარხანაში ტრადიციული ქების გამოშვება კვლავაც გაგრძელდება.

”ჯილიმ” და ”მანგანეს ბრონზმა” ქების შანჰაიში წარმოების შესახებ ხელშეკრულება უკვე გააფორმეს. ახალ საწარმოში ჩინური კომპანია 100 მილიონ დოლარს დააბანდებს. ამასთან, ერთობლივ საწარმოში ბრიტანული კომპანიის წილი 38 პროცენტი იქნება. შანჰაის ქარხანაში წლიურად დაახლოებით 20 000 ავტომობილის წარმოება იგეგმება. შედარებისთვის, ბრიტანული ქარხნის წარმადობა მხოლოდ 2 500 ავტომობილია.

No comments:

Post a Comment