”ოპელ მერივა” ჯანმრთელობისთვის სასარგებლოაო
Opel Meriva
17 აპრილი
ხერხემლის ჯანმრთელობის საკითხზე სპეციალიზებულ ექიმ თერაპევტთა ასოციაციამ, ”ოპელის” ახალი ”მერივა” ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ მიიჩნია და მისთვის შესაბამისი სერტიფიკატი გასცა. ახალი ”მერივას” ერგონომიკის გასაუმჯობესებლად, გერმანული კომპანიის ინჟინრებმა მძღოლის და მგზავრების სავარძლები, ზურგის საყრდენი სპეციალური საშუალებებით აღჭურვეს.
ახალი ავტომობილის სავარძლებს გააჩნია სამი სისტემა, რომლებმაც მძღოლის და მგზავრების ზურგისთვის მოხერხებული გარემო უნდა უზრუნველყოს. ერთია სისტემა ”ფლექსსპეისი”, რომელიც უკანა სავარძლებისთვისაა, მეორე სისტემაა ”ფლქსდორზ”, რომელიც წინა და უკანა კარებებს ერთმანეთის საპირისპიროდ ხსნის და ამით, მანქანაში ჩაჯდომასა და იქიდან გადმოსვლას მოსახერხებელს ხდის. მესამე სისტემას კი სპორტული ყაიდის სავარძლების ერგონომიკა წარმოადგენს.
ოპციის სახით, მყიდველს შეუძლია სისტემა ”ფლექსფიქსის” შეძენა, რომელიც ველოსიპედისთვის განკუთვნილ სპეციალურ საბარგულს წარმოადგენს. ამ სისტემის ერგონომიულობა იმაში მდგომარეობს, რომ აღარ იქნება საჭირო ველოსიპედის სახურავის საბარგულზე დამაგრება, რის დროსაც, მანქანის პატრონს შეიძლება ზურგის კუნთი დაეჭიმოს.
”ოპელი” აცხადებს, რომ ის სულ მეორე ავტომწარმოებელია, რომელმაც ზემოთ დასახელებული ასოციაციის სერტიფიკატი მიიღო. პირველი იყო პრემიუმ სეგმენტის გერმანული კომპანია, რომლის დასახელებისგანაც რუსელსჰაიმელები თავს იკავებენ.
No comments:
Post a Comment