”იაგუარი” სამოდელო გამას გააფართოებს
Jaguar Land Rover
31 მაისი
კარლ-პეტერ ფორსტერიინდური საავტომობილო კომპანია ”ტატა მოტორსი” თავისი ორი ბრიტანული ბრენდის - ”იაგუარის” და ”ლენდ როვერის” ჩინეთის და სხვა სწრაფად განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე ექსპანსიას და ჩინეთში ამ ორი მარკის ავტომობილების წარმოებას გეგმავს. თავიდან, ორივე ბრენდით, წლიურად სულ 40 000 ავტომობილის წარმოება იგეგმება, თუმცა მოთხოვნის ზრდის პარალელურად, წარმოების მოცულობაც გაიზრდება. მათი მთავარი კონკურენტი კი გერმანული კომპანიები - ”მერსედეს-ბენცი” და ”ბეემვე” იქნება.
”ტატა მოტორსის” მთავარი აღმასრულებელი კარლ-პეტერ ფორსტერი ამბობს, რომ ”ლენდ როვერი” და ”იაგუარი” მარტო ჩინეთში კი არა, მთელი მსოფლიო მასშტაბით აპირებს ზრდას.
”ჩინეთი სწრაფად მზარდი ბაზარია, ჩვენ კი გვინდა, რომ ჩვენი გაყიდვები მთელს მსოფლიოში გაიზარდოს. ჩვენ ჩინეთში, ევროპაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში ვაპირებთ ჩვენი ბიზნესის გააქტიურებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ამისთვის საჭირო რესურსი გაგვაჩნია”, - სააგენტო ბლუმბერგთან საუბრისას განაცხადა ფორსტერმა.
იაგუარ XK180მანვე ორივე ბრენდის სამომავლო გეგმებიც ზოგადად მიმოიხილა. კერძოდ, ფორსტერმა, ვინც ცოტა ხნის წინ, ”ჯენერალ მოტორსის” ევროპული შტოს პრეზიდენტი და ”ოპელის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო, განაცხადა, რომ მალე ”ლენდ როვერის” გამას ახალი კომპაქტური მოდელი - LRX დაემატება, რომელსაც, კომპანიის ისტორიაში პირველს, წამყვანი წინა ბორბლები ექნება.
გაცილებით მეტი სიახლე ”იაგუარის” გამაში იგეგმება. ფორსტერის თქმით, უკვე მწვანე შუქი აუნთეს თითქმის მივიწყებულ პროექტს, რომელიც როდსტერ F-ტაიპის გამოშვებას ითვალისწინებს. ”იაგუარი” იმედოვნებს, რომ ამ ავტომობილით კონკურენციას ”პორშე ბოქსსტერს” გაუწევს. პირველად ”იაგუარში” ამ როდსტერის წარმოებაზე ჯერ კიდევ 1998 წელს განაცხადეს, როდესაც საზოგადოებამ კონცეპტუალური ”იაგუარ XK180” იხილა.
იაგუარ RD6
..........................................
მაგრამ მალე ეს პროექტი თაროზე შემოდეს, რის მიზეზადაც ფინანსური კრიზისი და საკონვეიეროდ მისი მომზადებისთვის სახსრების უქონლობა გამოცხადდა. ახლა კი, ”ტატა მოტორსმა” პირობა დადო, რომ ხუთი წლის განმავლობაში, ”იაგუარის” განვითარებისთვის წლიურად თითო მილიარდი გირვანქა სტერლინგის ინვესტირებას აპირებს და ბუნებრივია, ინგლისურ კომპანიასაც ხელ-ფეხი გაეხსნება.
შემდეგი სიახლე კომპაქტური X-ტაიპი გახდება. ამ ავტომობილის მთავარი დანიშნულება, ”იაგუარის” წარმოების მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდა იქნება. ბლუმბერგის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ახალი X-ტაიპი გარეგნულად კონცეპტუალურ R-D6-ს დაემსგავსება, რომლის დებიუტიც ასევე საკმაოდ შორეულ წარსულში - ფრანკფურტის 2003 წლის მოტორ შოუზე შედგა. თავის დროზე, ამ ავტომობილს კონკურენცია მე-3 სერიის ”ბეემვესთვის” და ”აუდი A4-თვის” უნდა გაეწია, მისი მეშვეობით კი ”იაგუარი” თანდათან გლობალური ბრენდი უნდა გამხდარიყო.
გარდა ამისა, ფორსტერი ადასტურებს იმ ინფორმაციასაც, რომლის მიხედვითაც, ”იაგუარი” სპორტულ სედან XF-ს ბაზაზე, უნივერსალის წარმოებასაც აპირებს. მისი თქმით, XF იმდენად პოპულარულია, რომ მის ბაზაზე სხვადასხვა ძარიანი მოდელების წარმოება გამართლებულია. უნივერსალის გარდა, XF-ს ბაზაზე ასევე კუპეც დამზადდება.
ფორსტერი ასევე ადასტურებს, რომ ”იაგუარ ლენდ როვერი” მალე თავის ერთ-ერთ ბრიტანულ ქარხანას დახურავს. ალბიონზე დღეისათვის ამ ჯგუფის ორი ხარხანა მუშაობს - უესტ მიდლენდსისა და კესტლ ბრომვიჩის. მათ შორის არჩევანს ჯგუფის ხელმძღვანელობა მალე გააკეთებს. ფორსტერის თქმით, უმჯობესია ერთი დიდი ქარხნის შენახვა, ვიდრე ორისა, რომლებიც ნაწილობრივ იქნება დატვირთული.
სამაგიეროდ, მალე გაიხსნება ჩინური ქარხანა, რომელიც თავიდან ”ლენდ როვერის” მოდელებს - ”დეფენდერს”, ”დისქავერის” და ”ფრილენდერს” გამოუშვებს. ”ტატა მოტორსის” შეფი აცხადებს, რომ ჩინეთში ქარხნის ამოქმედება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ”ლენდ როვერს” თავისი წარმოების ალბიონის მიღმა გატანა სურს. უბრალოდ, ეს ჩინეთის ბაზარზე პოზიციების გასამყარებლად კეთდება.
No comments:
Post a Comment