”ლამბორგინიმ” ”მურსიელაგოს” შემცვლელის ფოტო-ტიზერი გაავრცელა
Lamborghini Teases Murcielago Replacement Teaser
2 ივნისი
ახალი ავტომობილის პრემიერამდე ფოტო-ტიზერების (გინდა, ფოტო-თავსატეხის) გამოქვეყნება-გაჟონვა ავტომწარმოებლებისთვის ბოლო წლებში ერთგვარ თავშესაქცევად იქცა, რომლითაც ისინი მსოფლიო მედიის ყურადღების ადრევე მიქცევას და ამგვარად, თავიანთი ავტომობილების რეკლამას ცდილობენ.
როგორც წესი, ტიზერებზე მომავალი დებიუტანტის ნაწილი ჩანს ხოლმე, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელია ახალ ავტომობილზე მეტნაკლები წარმოდგენის შექმნა. მაგრამ ”ლამბორგინიმ” ეს წესი დაარღვია - გამოქვეყნებულ ტიზერზე მხოლოდ ჩამწკრივებული მისი მოდელები და კომპანიის ლოგო ჩანს. ამ ტიზერის მიხედვით მხოლოდ ის შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახალი ავტომობილი ღია არ იქნება (ვარაუდი 50-პროცენტიანია) და მას ”ლამბოს” ლოგო - მძვინვარე ხარის გამოსახულება დაამშვენებს (100-პროცენტიანი ვარაუდი).
ახალი სუპერ ავტომობილის სავარაუდო (კიდევ ერთხელ სავარაუდო) სახელია ”ჯოტა”, რომელიც გარეგნობით მოდელ ”რევენტონს” დაესმგავსება. რა თქმა უნდა, მის ძარაზე ბევრი სიახლეც გამოჩნდება. მათ შორის, აეროდინამიკური ელემენტები. ამასთან, ავტომობილი ფოლადის მილებით შეკრული შასის ნაცვლად, კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ მზიდ ელემენტზე აიგება.
კომპანიის აღმასრულებელ შტეფან ვინკელმანს ნათქვამი აქვს, რომ ”ლამბორგინი” არ აპირებს ძრავების მუშა მოცულობის შემცირებას. სამაგიეროდ, საწვავის დაზოგვის მთავარი საშუალება ავტომობილების წონის შემცირება გახდება. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ მრავალნაცად ფოლადის კარკასს კარბონის მონოკოკი შეცვლის. კარბონს კი წონის შემცირებაში ალუმინის დეტალებიც დაეხმარება. სავარაუდოდ, ოდნავ შემცირდება ახალი ახტომობილის გაბარიტებიც. საერთო ჯამში, ”მურსიელაგოსთან” შედარებით, ”ჯოტა” 165 კილოგრამით შემსუბუქდება და მისი წონა 1500 კილოგრამის ფარგლებში მოექცევა. რა თქმა უნდა, როგორც ”ლამბოს” შეეფერება, ”ჯოტას” ოთხივე წამყვანი ბორბალი და ზევით, გილიოტინის სტილის კარები ექნება, რომელიც ზევით იღება. სხვათა შორის, კარების წონაც შემცირდება.
სავარაუდოდ, ახალი ”ლამბო” 6.0-ლიტრიანი V12 ძრავით აღიჭურვება, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 700 ცხენის ძალამდე იქნება. მისი მეშვეობით, ”ჯოტას” ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად დაახლოებით 3 წამი დასჭირდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 370 კმ/სთ-ს მიაღწევს.
”მურსიელაგოს” შემცვლელის მსოფლიო პრემიერა პარიზის საავტომობილო შოუზე, სექტემბერში ჩატარდება.
No comments:
Post a Comment