”ტოიოტა” ჰიბრიდ ”პრიუსს” შვიდადგილიან ვერსიას ამზადებს
Toyota Prius Compact Minivan Named 'Alpha'
26 მაისი
შესაძლოა, გარეგნობით ”პრიუს ალფა” კონცეპტუალურ ”ჰიბრიდ X-ს” დაემსგავსოს
..........................................
ავტოინდუსტრიის მსოფლიო ლიდერი, იაპონური ”ტოიოტა” წარმოებისთვის ახალ ჰიბრიდულ ავტომობილს ამზადებს, რომელიც პოპულარულ ჰიბრიდ ”პრიუსის” 300 მილიმეტრით დაგრძელებულ პლატფორმას დაეყრდნობა.
ამერიკულ გამოცემა ”მოტორ ტრენდის” ინფორმაციით, ახალი ავტომობილი შვიდადგილიანი მინივენი იქნება და მისი მსოფლიო პრემიერა მერმისს ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება. არადა, იმავე ინფორმაციის მიხედვით, ეს ავტომობილი, ჯერ მხოლოდ იაპონური ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი.
მინივენი ”პრიუსის” ჰიბრიდული აგრეგატით აღიჭურვება, რომელშიც ბენზინის 1.8-ლიტრიანი ძრავი (98 ცხენის ძალით) და ელექტროძრავი (81 ცხენის ძალით) შედის. ამ უკანასკნელს, ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი მოამარაგებს. სხვათა შორის, ამ ტიპის აკუმულატორებს ”ტოიოტა” თავისი ჰიბრიდებისთვის პირველად გამოიყენებს.
ჯერჯერობით, მინივენის შესახებ, რომელსაც სახელად ”პრიუს ალფას” დაარქმევენ, დაწვრილებითი ტექნიკური ინფორმაცია არ ვრცელდება. სავარაუდოდ, ის ჰეჩბეკ ”პრიუსზე” ნელი და ხარჯიანი იქნება, რასაც ავტომობილის მომატებული წონ განაპირობებს. ცნობისათვის, კომბინირებული ციკლით მოძრაობისას, ჰეჩბეკი პრიუსი 100 კილომეტრს 3.9 ლიტრი ბენზინით გადის.
No comments:
Post a Comment