Saturday, June 5, 2010

როსიმ ფეხი მოიტეხა და ორ თვეს გამოტოვებს

Rossi breaks shin, faces two months out

5 ივნისი

როსი ტრასის მედცენტრში საკაცით გადაჰყავთ

..............................

მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონმა წრიულ მოტორბოლებში, იტალიელმა ვალენტინო როსიმ ფეხი მოიტეხა და მინიმუმ, ორი თვე ვერ შეძლებს რბოლებში მონაწილეობას. საბედისწერო ინციდენტი მას მუჯელოს ავტოდრომზე, იტალიის დიდი პრიზის თავისუფალი ვარჯიშის დროს შეემთხვა.

პრაქტიკის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, ”იამაჰას” 31 წლის იტალიელი მრბოლი მესამე უსწრაფესი იყო. მაგრამ ერთ-ერთ მოსახვევში შესვლისას, მოტოციკლი ვერ დაიმორჩილა და დაეცა. როსის წამოდგომა გაუჭირდა და იქვე ჩაიკეცა. მას სასწრაფოდ აღმოუჩინეს პირველი დახმარება და ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ მოტომრბოლს მარჯვენა წვივის ორივე ძვლის მოტეხილობა აქვს. ამასთან, მცირე ძვალზე ღია მოტეხილობა დაფიქსირდა მოტეხილმა ძვალმა კი რბილი ქსოვილი დააზიანა.

როსის ავარია

..............................

პირველი გასინჯვის შემდეგ, როსი ქალაქ მუჯელოს ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია გაუკეთეს, რომლის დროსაც, მოტეხილი ძვლები დაფიქსირდა. ექიმებმა განაცხადეს, რომ მოტეხილობისა და რბილი ქსოვილის შესახორცებლად, დაახლოებით ორი თვე იქნება საჭირო. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ როსი სარბოლ ტრასას ამ ვადაში დაუბრუნდება. შეხორცების შემდეგ, მას სარეაბილიტაციო კურსის გავლა მოუწევს, რის გამოც, შესაძლოა მან ამ სეზონში დაბრუნებაც კი ვერ შეძლოს.

”სრულიად მშვიდად ვარ. ექიმები თავის საქმეს გააკეთებენ და მერე ვნახოთ”, - განაცხადა როსიმ, ვინც იტალიური რბოლის წინ, ეგრეთ წოდებული მოჰიკანური (ინდიელთა ტომია ამერიკაში) ვარცხნილობით გააკვირვა თავისი მრავალრიცხოვანი ქომაგი.

აღსანიშნავია, რომ ტრავმის გამო, როსის მსოფლიო ჩემპიონატის რბოლების გამოტოვება პირველად მოუწევს. ამ ეტაპზე, დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ როსი ბრიტანეთის, ჰოლანდიის, კატალონიისა და აშშ-ის დიდ პრიზებს გამოტოვებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის უკვე ვერ შეძლებს შარშან მოპოვებული მეცხრე ტიტულის (პირველი სამი 125, 250 და 500 კლასებში აქვს მოგებული) დაცვას.

მიმდინარე ჩემპიონატში, პირველი სამი ეტაპის შემდეგ, იტალიურ ეტაპამდე, როსი მეორე ადგილზე იმყოფებოდა და თავის ლიდერ თანაგუნდელს, ესპანელ ხორხე ლორენსოს 9 ქულით ჩამორჩებოდა.

სხვათა შორის, ამ სეზონში როსისთვის ეს პირველი ტრავმა არაა. უფრო ადრე, მან მხრის ტრავმა მიიღო, რომლის გამოც, რბოლებში თავის შესაძლებლობათა სრულად გამოვლენას ვერ ახერხებდა. როგორც ჩანს, სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ როსის მდევრის როლში ყოფნა უწევდა.

No comments:

Post a Comment