”სუბარუ იმპრეზა” ”კოსუორტისგან”
Subaru Cosworth Impreza STI CS400
2 ივნისი
ინგლისურმა კომპანია ”კოსუორტმა”, რომელიც წელს ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდა, ”სუბარუს” პოპულარულ სპორტულ ჰეჩბეკ ”იმპრეზა WRX STI-ს” კიდევ უფრო ტემპერამენტიანი ვერსია შექმნა, რომელსაც ძალიან შეზღუდული რაოდენობით - მხოლოდ 75 ცალს დაამზადებს. როგორც ”კოსუორტში” იქადნიან, მძღოლები ”კოსუორტ იმპრეზა STI CS400-ით” ისეთივე სიამოვნებას მიიღებენ, როგორსაც მათ სუპერ ავტომობილი მიანიჭებს.რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ”კოსუორტის” ინჟინრების ხელი ძრავს შეეხო. მათ 2.5-ლიტრიან ოპოზიტურ აგრეგატს დგუშები, ბარბაცები, ცილინდრების ბლოკის თავაკი და მისი შუასადები, ასევე საკისრები შეუცვალეს. მოდერნიზაცია ასევე ჩაუტარდა ძრავის მართვის ელექტრონულ სისტემას, შეზეთვის სისტემას, გამოიცვალა ტურბოკომპრესორი.
ძრავის ასეთი საფუძვლიანი მოდერნიზაციის შედეგი კი ისაა, რომ მისი სიმძლავრე 400 ცხენის ძალამდე (5 750 ბრ/წთ-ზე), მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 540 ნიუტონმეტრამდე გაიზარდა. ასეთი აგრეგატით, ”კოსუორტის” ”იმპრეზა” ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს სულ რაღაც 3.7 წამში აკრეფს. შედარებისთვის, 300-ცხენისძალიან ”იმპრეზა WRX STI-ს” იგივე აჩქარებისთვის 5.2 წამი სჭირდება.
ძრავის გარდა, მოდერნიზაცია ავტომობილის სხვა ნაწილებსაც ჩაუტარდა. კერძოდ, შეიცვალა საკიდარი, რომელსაც უფრო ხისტი და 10 მილიმეტრით დაბალი ზამბარა-ამორტიზატორის წყვილები დაუყენეს. შეიცვალა მუხრუჭების სისტემა - მანქანის შენელება ამიერიდან ”AP რეისინგის” წარმოების მუხრუჭებს ევალება, რომლებშიც ჭარბი ძალის მოთოკვას 6-ცილინდრიანი სუპორტები და 355-მილიმეტრიანი დისკოები ემსახურება.
რაც შეეხება ავტომობილის გარეგნობას, აქ თვალშის საცემია შეცვლილი წინა ბამპერი, რომელთანაც ინტეგრირებულია ქვედა სპოილერი და რადიატორის ბადე, ”კოსუორტის” ლოგოები, შეცვლილი უკანა სპოილერი და სპეციალურად ამ ავტომობილისთვის შექმნილი 18-დუიმიანი ბორბლები. სალონში კი ჩვეულებრივის ნაცვლად, ”რეკაროს” სპორტულ სავარძლებს ნახავთ.
No comments:
Post a Comment