Sunday, August 22, 2010

”ისარო GT-E” - კიდევ ერთი ელექტრული სუპერქარი

Izaro GT-E Electric Supercar

22 აგვისტო

ავტოინდუსტრიის ისტორია როგორც უნდა განვითარდეს, ამერიკულ კომპანია ”ტესლას” ამავე სახელწოდების როდსტერი პირველი სერიული ელექტრომობილი იქნება. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას არც კონკურენტები ეყოლება ოდესმე. ის დრო, როდესაც ”ტესლა როდსტერი” ელექტრომობილების სეგმენტის ეული მოთამაშე იყო, მალე წარსულს ჩაბარდება.

ერთ-ერთი პირველი ავტომობილი კი, რომელიც ”ტესლას” კონკურენტთა სიაში ჩაეწერება, შეილება ესპანურ კომპანია ”ისარო მოტორსის” სუპერქარი გახდეს, რომლის შესახებამ მწარმოებელმა ინფორმაცია და ფოტოები ინტერნეტით გაავრცელა.

ავტომობილს ”ისარო GT-E” უწოდეს, ანუ, ”ისაროს” დიდი ტურიზმის ელექტრომობილი. სხვათა შორის, ”ისაროს” პირველი სუპერავტომობილი ”სპანო GTA” იყო. ასე რომ, ესპანური კომპანია უცხო ტერიტორიის ათვისებას არ აპირებს. მისი ელექტრომობილის სავარაუდო ფასი 55 000 ევროა, ეს კი ”ტესლა როდსტერის” ფასზე ცოტაა, რაც ესპანურ ელექტრომობილს კონკურენციაში გამოადგება.

ძალური დანადგარის შესაბამისად, ”ისარო GT-E” ორი ვარიანტის სახით დამზადდება. ერთია ჰიბრიდული ვერსია, რომლის ჰიბრიდული აგრეგატის ჯამური სიმძლავრე 416 ცხენის ძალა, სვლის სიშორე კი დაახლოებით 690 კილომეტრი იქნება. მეორე კი ელექტრული ვერსია იქნება, რომლის სამსახურშიც 495 ცხენის ძალა ჩადგება. სამაგიეროდ, აკუმულატორების ერთი სრული დამუხტვით, ის მხოლოდ 250 კილომეტრის გავლას შეძლებს.

ესპანურმა კომპანიამ თავისი სპორტული ელექტრომობილის შემუშავებისას, უხვად გამოიყენა მსუბუქი მასალები, როგორებიცაა ალუმინისა და მაგნიუმის შენადნობები, ასევე კარბონის კომპოზიტი. ამის შედეგი კი ისაა, რომ ”ისარო GT-E” მხოლოდ 1 000 კილოგრამს იწონის. მწარმოებელი ირწმუნება, რომ მისი ელექტროქარის მაქსიმალური სიჩქარე 280 კმ/სთ იქნება (შედარებისთვის, ტესლა როდსტერის მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 200 კმ/სთ-ია). ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას კი ის სულ რაღაც 4 წამში მოასწრებს.

ესპანური კომპანია ამ ელექტრომობილს მხოლოდ შეკვეთებით დაამზადებს. ამასთან, ინტერიერი ყოველი შემკვეთის გემოვნების მიხედვით გაფორმდება. მასალად კი კარბონს, ხეს, ალკანტრას, ალუმინს, ან ტყავს გამოიყენებენ, ან მათს კომბინაციას.

No comments:

Post a Comment