Wednesday, September 8, 2010

”ვენუჩია” - ახალი ჩინურ-იაპონური საავტომობილო ალიანსი

Dongfeng Nissan Venucia Brand is Born

8 სექტემბერი

იაპონურმა საავტომობილო გიგანტმა ”ნისანმა” და ჩინურმა ”დონფენმა” სრულიად ახალი ბრენდი ჩამოაყალიბეს, სახელად ”ვენუჩია”, ანუ ჩინურად ”ქი ჩენი”, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე იმუშავებს და რომლის პრემიერაც 2012 წელს ჩატარდება.

”დონფენი” აქამდე ”ნისანის” ლიცენზიით აწარმოებს ავტომობილებს. ამიერიდან კი ისინი ერთობლივადაც იმუშავებენ, რაც მათი პროდუქციის ხარისხსა და ფასზეც დადებითად აისახება. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ ”ნისანი” ფრანგულ ”რენოსთანა” ალიანსში, შეიძლება ითქვას, რომ ახალი ბრენდი სამი დიდი კომპანიის შვილობილია.

ჯერჯერობით უცნობია გარიგების პირობები. ამ ეტაპზე, ერთობლივ კომპანიაში თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები მუშაობენ, თუმცა მისი გახსნის დროს, ”ვენუჩიას” ათასობით თანმშრომელი ეყოლება. აქ იქნებიან სხვადასხვა სფეროს მკვლევარები, დიზაინერები, ინჟინრები, ტექნლოგები, მარკეტოლოგები, გაყიდვების მენეჯერები და ყველა ის ადამიანი, რომლების ცოდნაც სრულფასოვან საავტომობილო კომპანიას ესაჭიროება.

”ვიმედოვნებთ, რომ მომავალში, წლიურად მილიონზე მეტი ავტომობილის გაყიდვას შევძლებთ, ჩვენი ახალი ბრენდი მყიდველს პრაქტიკულ ავტომობილებს შესთავაზებს, რომლებსაც თავიანთი კლასისთვის უმაღლესი ხარისხი ექნებათ”, - ამბობს ”დონფენ ნისანის” მმართველი დირექტორი ფუმიაკი მაცუმოტო.

ჯერჯერობით, არც ის გამოცხადებულა, თუ რომელ მოდელებს გამოუშვებს ახალი კომპანია. სამაგიეროდ, ”ნისანი” ახალი ბრენდის სახელწოდებასა და ლოგოს განმარტავს. მაგალითად, სახელი ”ვენუჩია” რომაულ ქალღმერთ ვენერასგან (ვენუს) ისესხეს, ლოგო კი ხუთი ვარსკვლავის კომბინაციაა. ისინი იმ ხუთ პირობას აღნიშნავენ, რომლებიც პარტნიორმა ავტომწარმოებლებმა, ახალი კომპანიის დაფუძნებისას დადეს. ესენია: მომხმარებელთა პატივისცემა, ფასეულობის შექმნა, საუკეთესოს წარმოება, მსოფლიოს დონის ხარისხის მიღწევა და ოცნების მიღწევა.

რა ოცნება აქვს ორ კომპანიას, ეს მათ არ განუმარტავთ, თუმცა ბევრი მარჩიელობა არ უნდა იმას, რომ უმთავრესი მიზანი, მსოფლიოს უკვე უდიდესი, ჩინური ავტო ბაზრის სოლიდური წილის დაუფლება იქნება. უფრო მეტს კი მომავალი გვიჩვენებს...

No comments:

Post a Comment