Thursday, November 11, 2010

”ჯენერალ ელექტრიკი” 25 000 ელექტრომობილს ყიდულობს

General Electric to Order 25,000 EVs by 2015

11 ნოემბერი

”ჯენერალ ელექტრიკმა” გადაწყვიტა, რომ 2015 წლამდე სხვადასხვა კომპანიებისგან 25 000 ელექტრომობილი შეიძინოს, რაც მისი გლობალური საავტომობილო პარკის თითქმის ნახევარია. ამასთან, შესასყიდ ელექტრომობილების თითქმის ნახევარს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კონგლომერატი ”ჯენერალ მოტორსისგან” შეიძენს.

”ჯენერალ ელექტრიკი” ყველაზე დიდი რაოდენობით ”შევროლე ვოლტს” შეისყიდის. ამ დიდი გარიგების ფინანსური მხარე არ ცხადდება. სამაგიეროდ, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ”შევროლე ვოლტზე” მოთხოვნილება გაიზრდება. ”ჯენერალ ელექტრიკის” მიზანიც სწორედ ისაა, რომ ხელი შეუწყოს ელექტრომობილების პოპულარიზაციას და დამკვიდრებას ბაზარზე, რაც ამერიკას ნავთობის იმპორტზე ნაკლებად დამოკიდებულს გახდის.

”ელექტრომობილების ტექნოლოგია რეალურად მუშაობს და მზადაა ბიზნესისთვის. ჩვენ კი მზად ვართ იმისათვის, რომ ”ჯენერალ მოტორსთან” და სხვა პარტნიორებთან ერთად, ბაზარზე ასეთი ავტომობილების დამკვიდრებას შევუწყოთ ხელი. ჩვენი საკუთარი პარკის ელექტრიფიკაციით, ბაზარზე ელექტრომობილების ადაპტაციის პროცესს დავაჩქარებთ. რაც მთავარია, მყიდველის გონება ადვილად შეეგუება ამ სიახლეს”, - ამბობს ”ჯენერალ ელექტრიკის” მთავარი აღმასრულებელი ჯეფ იმელტი.

”ჩვენ ვაწარმოებთ ტექნოლოგიებს, რომლებიც ელექტრომობილებთან და შესაბამის ინფრასტრუქტურასთან ბევრი კუთხითაა შეხებაში. ამგვარად, საქმიანობის ახალ საფეხურს ვიწყებთ, რომელიც მომგებიანი იქნება ჩვენი ბიზნსისა და ჩვენი აქციონერებისთვის. ელექტრომობილების ფართო ადაპტაცია ასევე სასარგებლო იქნება გარემოსთვის და სუფთა ენერგიის არაერთი სიახლის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. შემცირდება ქვეყნის ნავთობდამოკიდბულება და გაუმჯობესდება ეკონომიკა”, - დასძენს იმელტი.

”ჯენერალ ელექტრიკი” იმედოვნებს, რომ ელექტრომობილების დიდი პარტიის შეძენა, შემოსავლის სახით, შემდეგ სამ წელიწადში დაახლოებით 500 მილიონ დოლარს მოუტანს. ეს კი შედეგი იქნება იმისა, რომ თავად ირიბად ჩართულია ელექტრომობილების ბიზნესში. გარდა ამისა, ელექტრომობილების რაოდენობის ზრდა, სუფთა ენერგეტიკის განვითარების აუცილებლობას გამოიწვევს და ამ საქმეშიც ”ჯენერალ ელექტრიკი” მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია.

რაც მთავარია, ელექტრომობილების მასობრივ წარმოებაზე გადასვლას, ასეთი ავტომობილების ფასის შემცირება და შედეგად, შემდგომი პოპულარიზაცია მოჰყვება, რაც ამ ახალ ბიზნსის განვითარების ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს. გაიზრდება მოთხოვნა აკუმულატორებზე, დასამუხტ წერტილებსა და ელექტრომობილებთან დაკავშირებულ სხვა ინფრასტრუქტურაზე, რაც ”ჯენერალ ელექტრიკის” ბიზნესის სფეროში შედის.

”შევროლე ვოლტის” გარდა, ბაზარზე მალე ”ნისანის”, ”ფორდის” და ”ტოიოტას” ელექტრომობილებიც გამოჩნდება. პირველმა უკვე დაიწყო ჰეჩბეკ ”ლიფის” წარმოება, მეორე კომერციულ ფურგონ ”ტრანზიტ კონექტს” და კომპაქტურ ჰეჩბეკ ”ფოკუსს” ამზადებს, მესამე კი ბაზარზე უგზოობის ელექტრულ RAV4-ს გამოუშვებს.

ცნობისათვის, ”ჯენერალ ელექტრიკის” შარშანდელმა შემოსავალმა 157 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანია შემდეგ ხუთ წელიწადში, სუფთა ენერგეტიკის განვითარებაზე 10 მილიარდ დოლარს დახარჯავს. ჰიბრიდებისა და ელექტრომობილებისთვის, ის ლითიუმ-იონურ აკუმულატორებს თავის პარტნიორთან, ”A123 სისტემზთან” ერთად აწარმოებს. გარდა ამისა, სოდაზე დაფუძნებულ აკუმულატორებს დიდი ზომის ავტომობილებისა და სარკინიგზო ლოკომოტივებისთვისაც აწარმოებს.

No comments:

Post a Comment