Tuesday, November 16, 2010

კონცეპცია ”მერსედეს ბენც ბიომე”
Mercedes Released Biome Concept Photos
16 ნოემბერი

ტრადიციისამებრ, ლოს ანჯელესის საავტომობილო შოუზე, კონკურსი დიზაინის გამოწვევა იმართება ხოლმე, რომლის თემასაც ორგანიზატორები წინასწარ აცხადებენ. ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა. კონკურსის თემა გადაადგილების მომავლის ისეთ საშუალებათა კონცეპციების მომზადება იყო, რომელთაც 4 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოთ და რომელთა წონაც არ უნდა იყოს 454 კილოგრამზე მეტი.
ამ კონკურსისთვის ”მერსედეს ბენცმა” სამი კონცეპტუალური ნამუშევარი მოამზადა, რომელთაგან ერთი, სახელად ”ბიომე”, კალიფორნიაში, კომპანიის დიზაინ სტუდიაში მომზადდა, მეორე სახელად ”სმარტ 454”, გერმანიაში შეიქმნა, მესამე კი, სახელად ”მაიბახ ე-რიკშა”, გერმანული კომპანიის იაპონელი პარტნიორების ნამუშევარია.

კალიფორნიის (ქალაქი კარლსბადი) სტუდიას ცნობილი დიზაინრი ჰუბერტ ლი ხელმძღვანრლობს, რომლის შექმნილიცაა ახალი თაობის მოდელი CLS და კონცეპტუალური პროტოტიპი ”F800 სტაილი”, რომელმაც ჟენევის წლევანდელ ავტო შოუზე დიდი მოწონება დაიმსახურა.
”ბიომეს” სიგრძე 4020 მილიმეტრი, სიგანე კი 2500 მილიმეტრია. კონცეპციის განმარტებაში ნათქვამია, რომ ავტომობილის ძარა და შასი სრულიად ახალი, ორგანული მასალისგან დამზადდება, რომელსაც პროექტის ავტორები ბიობოჭკოს უწოდებენ. ჰუბერტ ლის განმარტებით, ასეთი ორგანული მასალა ფოლადსა და კარბონის კომპოზიტზე გაცილებით მტკიცე და მსუბუქია. თანაც, ის სრულ გადამუშავებას ექვემდებარება. ამ მასალის წყალობით, ”ბიომე” სულ რაღაც, 394 კილოგრამს იწონის.
რა თქმა უნდა, ეს კონცეპცია მხოლოდ პროექტის ავტორების ფანტაზიის ნაყოფია და მისი რეალური განხორციელება, ყოველ შემთხვევაში, იმ მახასიათებლებით, როგორც მას გვთავაზობენ, არარეალურია. თუმცა სულაც არაა გამორიცხული, რომ ”ბიომეს” გარეგნობის ზოგიერთი ელემენტი, არცთუ შორეულ მომავალში, ”სამქიმიანების” ავტომობილების დიზაინშიც ვიხილოთ.
რაც შეეხება დანარჩენ ორ მოდელს, ”სმარტის” ავტომობილი ისეთივე ჯუჯაა, როგორიც სერიული მოდელი ”ფორთუ”. ამ ავომობილის ძარაც ისეთი პლასტიკისგანაა დამზადებული, რომელიც გადამუშავებას სრულად ექვემდებარება. ჰო მართლა, ამ პატარას კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული საბურავები აქვს (კონცეპციის განმარტებაში სწორედ ასე წერია). ”მაიბახ რიკშა” კი თანამედროვე რიკშაა, რომელსაც ორი ბორბლით 4 მგზავრის გადაყვანა შეუძლია...

No comments:

Post a Comment