Wednesday, January 12, 2011

კუპე ”ველოსტერით” ”ჰიუნდაი” ექსპანსიას აძლიერებს

Hyundai adds flair with sporty Veloster coupe

12 იანვარი

ძლიერი კრიზისის მიუხედავად, ”ჰიუნდაი” მსოფლიო ბაზარზე წინსვლას აგრძელებს. კორეული კომპანია ლამის ერთადერთი დიდი ავტომწარმოებელია, რომელსაც ამ კრიზისის დროს, გაყიდვები კი არ შეუმცირდა, საგრძნობლად გაეზარდა და სიდიდით მეხუთე ავტო კომპანია გახდა.

მაგრამ ამას არ სჯერდება და ბაზარზე ექსპანსიას ზრდის, რაშიც ახლახანს, დეტროიტის საავტომობილო შოუზე გამოფენილი სამკარიანი სპორტული კუპე ”ველოსტერი” უნდა დაეხმაროს. ეს ავტომობილი ამერიკის და ევროპის ბაზრებზე გაზაფხულიდან გამოჩნდება და კორეელები მასზე სოლიდურ მოთხოვნას ელიან.

”გვჯერამ რომ ”ველოსტერი” ჩვენს სამოდელო გამას გაახალისებს და ახალი მყტიდველების მოზიდვაში დაგვეხმარება”, - ავტო შოუზე მოწყობილ პრეზენტაციაზე განაცხადა ”ჰიუნდაის” ევროპული შტოს უფროსმა მმართველმა ოპერატორმა ალან რაშფორტმა.

პირველი 11 თვის მონაცემებით, ევროპაში ”ჰიუნდაის” გაყიდვები ოდნავ - დაახლოებით 4 პროცენტით, 330 612 ავტომობილამდე გაიზარდა. ევროპის ავტომწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) მონაცემებით, კორეულმა კომპანიამ ევროპული ბაზრის 2.6 პროცენტი დაიკავა (შედარებისთვის, შარშან მას 2.4 პროცენტი ეკუთვნოდა).

”მინი ქლაბმენის” მსგავსად, ”ველოსტერს” მძღოლის მხარეს ერთი კარი აქვს, მგზავრების მხარეს კი - ორი. კორეული კომპანია აცხადებს, რომ ასეთი კონფიგურაციის წყალობით, ავტომობილი უფრო პრაქტიკულია, ვიდრე ანაოგიური კლასის ორკარიანი კონკურენტები.

სერიული ”ველოსტერი” იმ კონცეპტუალური მოდელის შესაბამისად აიგო, რომელიც ”ჰიუნდაიმ” პირველად სამი წლის წინ, სეულის ავტო შოუზე წარმოადგინა. წინა წამყვანბორბლიან კუპეს დინამიური პროფილი აქვს და სრულად შეესაბამება დიზაინის ეგრეთ წოდებული ”თხიერი სკულპტურის” კორპორატიულ სტილს.

”ველოსტერის” საბაზო ვერსია ბენზინის 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი, 138-ცხენისძალიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელთანაც ორმაგი ქუროს მეშვეობით, 6-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფია დაკავშირებული. სხვათა შორის, ეს ”ჰიუნდაის” პირველი ავტომობილია, რომელიც ასეთი კოლოფით აღიჭურვა.

რაშფორტი გვპირდება, რომ ”ველოსტერის” ევროპული ვერსიის მახასიათებლებს ჟენევის ავტო შოუზე გაგვაცნობს. ისე კი, ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ ამ ავტომობილით, კორეული კომპანია კონკურენციას ”ფოლკსვაგენ სიროკოს” გაუწევს. გერმანიაში ”ველოსტერის” სასტარტო ფასი 20 000 ევრო იქნება (შედარებისთვის, სიროკოს ფასი 22 500 ევროდან იწყება).

No comments:

Post a Comment