Friday, February 18, 2011

B99 - პატარა „იაგუარის“ კონცეპცია „ბერტონესგან“
Bertone's Baby-Jaguar B99 Concept
18 თებერვალი
იტალიურმა სადიზაინერო სახლმა „ბერტონემ“, ჟენევის ავტო შოუსთვის, კონცეპტუალური ავტომობილი მაომზადა, რომელსაც „იაგუარ B99“ უწოდა. ჯერჯერობით უცნობია, ეს ინგლისური მარკის ახალი პატარა სედანია, თუ უბრალოდ, „ბერტონეს“ საჩვენებელი ავტომობილი, რომლითაც იტალიური ატელიე თავს გვახსენებს.
კონცეპტუალურ ავტომობილს „იაგუარი“ კი ეწოდება, თუმცა აბრევიატურა დიზაინ ატელიესგან აქვს მიღებული - B სწორედ „ბერტონეს“ ნიშნავს, რიცხვი კი - ამ ატელიეს არსებობის B99 წელს. ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია გვამცნობს, რომ ეს ავტომობილი მალე ინგლისური მარკის ყველაზე პატარა მოდელ X-ტაიპს შეცვლის.
კონცეპტუალური ავტომობილი კომპაქტურ სედანად კი ითვლება, მაგრამ თუ მის გაბარიტებს გადავხედავთ, კომპაქტურობისას ვერაფერს შევატყობთ: სიგრძე 4.5 მეტრი, სიგანე 1.95 მეტრი, სიმაღლე კი 1.35 მეტრი. თავისი გარეგნობით, ის კლასიკურ XJ-ს მოგვაგონებს. ავტომობილს არ აქვს შუა საყრდენი, მისი კარებები კი ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით იღება. B99-ს ოთხი კარი კი აქვს, მაგრამ მათგან სრულფასოვანი მხოლოდ წინა კარებებია, უკანებს კი წინების ნახევარი სიგრძე აქვს. სავარაუდოდ, თუ ეს ავტომობილი კონვეიერზე დადგა, მწარმოებელი სტანდარტულ კარებებზე შეაჩერებს არჩევანს.

ავტომობილის გარეგნობას ერთი საინტერესო თვისება აქვს - მისი წინა და უკანა ნაწილები ძლიერ ჰგავს ერთმანეთს. კერძოდ, მთავარი ფარები და გაბარიტული ფარები წვრილი, წაგრძელებული და თითქმის ერთნაირი მოყვანილობისაა. მათ შორისაც ერთმანეთის მსგავსი, ოვალური მოყვანილობის სეგმენტებია ჩაყოლებული. წინ ეს სეგმენტი რადიატორის ბადითაა შევსებული, უკან კი მასში სანომრე დაფა მოუთავსებიათ.
ჯერ „იაგუარ B99-ის“ ინტერიერის ფოტოები არ გავრცელებულა, თუმცა ეჭვის შეტანაც არ ღირს იმაში, რომ კონცეპტუალური ავტომობილი, ინგლისური მარკისთვის შესაფერისად, მდიდრულად გამოეწყობა. სალონის გაფორმებისას ძვირფას ტყავს, ალუმინისა და აფრიკული კაკლის ხის დეტალებს გამოიყენებენ.
ჯერჯერობით არც ამ ავტომობილის აღჭურვილობაზე გავრცელებულა ინფორმაცია. ამ მხრივ, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ის ჰიბრიდული (კერძოდ რა ტიპის, ესეც უცნობია) დანადგარით აღიჭურვება. ამასთან, „ბერტონე“ ირწმუნება, რომ ავტომობილს სვლის დიდი მარაგი ექნება.

No comments:

Post a Comment