Saturday, February 12, 2011

„ბეემვეს“ კიდევ ერთ „ხედვას“ ჟენევაში ვნახავთ

BMW Vision Turns ConnectedDrive, Heads for Geneva

12 თებერვალი

2009 წლის ფრანკფურტის ავტო შოუზე, „ბეემვემ“ კონცეპტუალური ავტომობილი, სახელად „ვიჟნ ეფიშენტდაინემიქსი“ წარადგინა. ეს არის კონცეპცია ავტომობილისა, რომელსაც მბიძგველ ძალას ელექტროძრავი ანიჭებს. მაშინ ვერავინ, თვით ბავარიელებიც ვერ იფიქრებდნენ, რომ ეს კონცეპცია რეალურად განხორციელდებოდა. მაგრამ გამოფენაზე მიღებულმა გამოხმაურებებმა, კომპანიის ხელმძღვანელობას მისი მცირესერიული წარმოების დაწყების გადაწყვეტილება მიაღებინა.

პირველმა წარმატებამ „ბეემვეს“ მადა აღუძრა და ჟენევისთვის „ვიჟნ“ სერიის კიდევ ერთი კონცეპტუალური ავტომობილი - „ვიჟნ კონექტდდრაივ“ მოამზადა. ამ ღია ავტომობილს რამდენიმე საინტერესო თავისებურება აქვს. ჯერ ერთი, შესაძლოა, მისი სახით, ბავარიული კომპანიის ახალი კორპორატიული სტილის წინამორბედს ვხედავთ. მეორეც, „მისი სახით, „ბეემვე“ მობილური კავშირის ახლანდელი და მომავლის მეთოდებს წარმოგვიდგენს“.

თუ „ვიჟნ ეფიშნტდაინემიქსის“ მთავარი ღირსება მისი ჰიბრიდული აგრეგატია, რომელშიც 3-ცილინდრიანი ტურბოდიზელი და ორი ელექტროძრავი (თითო წინა და უკანა ღერძზე) შედის. რაც შეეხება „ვიჟნ კონექტდდრაივს“, ის მძღოლისთვისაა შექმნილი და მასში მთავარი ყურადღება კომფორტზე, უსაფრთხოებასა და ინფოგართობაზეა (ინფოტაინმენტ) გადატანილი. უფრო კონკრეტულად, მისი შემქმნელები გვიჩვენებენ, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავლის ავტომობილში, მასა და მძღოლს შორის ურთიერთობა. დაკიდევ, პირველ „ვიჟნ“ კონცეპციას დახურული ძარა აქვს, მეორეს კი - ღია.

„ბეემვე“ თავისი ახალი კონცეპტუალური მოდელის შესახებ, დაწვრილებითი ინფორმაციის გავრცელებას არ ჩქარობს. რა თქმა უნდა, ბავარიელთა მიზალია, რომ მათ ჟენევურ გამოფენამდე, ამ ავტომობილის შესახებ ინტერესი, რაც შეიძლება, მეტად გააღვივონ. ჰოდა, ამ ავტომობილის შესახებ ინფორმაციის პორციებს, გამოფენამდე პერიოდულად გაავრცელებენ.

და ისევ დიზაინის შესახებ. იმის შესახებ, რომ ამ კონცეპტუალური ავტომობილის გარეგნობის ზოგიერთი ელემენტი შეიძლება მალე „ბეემვეს“ სერიულ მოდელებზეც ვიხილოთ, ბრიტანულ გამოცემა „აუტოქართან“ საუბრისას, გერმანული კომპანიის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომლებმაც თავიანთი ვინაობის გამხელა არ ისურვეს.

„ამ კონცეპტუალური მოდელის გარეგნობაში ზოგიერთი ისეთი დეტალი შევიტანეთ, რომლებსაც მალე ჩვენს სერიულ ავტომობილებზეც იხილავთ. ისინი პრაქტიკულად მომზადებულია და დამუშავების ბოლო საფეხურს გადიან“, - ამბობს „აუტოქარის“ წყარო. უფრო კონკრეტულად, ასეთი ელემენტებია მთავარი ფარები, რადიატორის ბადე, ასევე უკანა ფარები, რომლებსაც ბუმერანგის ფორმა აქვთ. სხვათა შორის, ასეთ უკანა ფარებს პირველად მე-6 სერიის შემდეგი თაობის კაბრიოლეტზე ვიხილავთ.

სიახლეებია სალონშიც. კერძოდ, მძღოლს ახალი საინფორმაციო სისტემა მოემსახურება, რომელიც სერიული ავტომობილებიდან, პირველად პროექტ „მეგასიტის“ ფარგლებში შექმნილ ჰიბრიდულ სპორტულ მოდელ i8-ზე გამოჩნდება. მასში მძღოლის სავარძელი პროექცირებადი მონიტორითაა აღჭურვილი, რომელიც სხვადასხვა მონაცემს სამგანზომილებიან სივრცეში გამოსახავს. ასეთი სისტემა თანდათან გამოდევნის ტრადიციულ მაჩვენებელთა დაფას.

დაბოლოს, „ბეემვე“ არაფერს ამბობს „ვიჟნ კონექტდდრაივის“ აგრეგატებზე რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კონცეპტუალურ ავტომობილს გადაადგილების უნარი არ აქვს და ის მხოლოდ იმ ტექნოლოგიების სადემონსტრაციო ნიმუშია, რომელთა ჩვენებასაც ბავარიელები ამ ეტაპზე აპირებენ.

No comments:

Post a Comment