Monday, February 21, 2011

„ბეემვე i-მ“ სტარტი აიღო

გერმანული კომპანიისთვის ახალი ეპოქა იწყება

BMW Launches i

21 თებერვალი

21 თებერვალი ბავარიული კომპანიისთვის ისტორიული დღე გახდა - „ბეემვემ“ ოფიციალურად გაგვაცნო თავისი ახალი სუბ-ბრენდი, რომელსაც უბრალოდ, i უწოდა. ამ აბრევიატურით, ის მალე ელექტრომობილების და ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებას დაიწყებს. პრეზენტაციაზევე გამოცხადდა, რომ პირველი ორი ავტომობილი, რომლებიც ბაზარზე ამ მარკით გამოჩნდება, არის i3 და i8. პირველს აქამდ პროექტ „მეგასიტის“ სახელით ვიცნობდით, მეორე კი კონცეპტუალური „ვიჟნ ეფიშნტდაინემიქსის“ ბაზაზე დამზადდება.

„დღეს შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ „ბეემვე i“ პრემიუმ გადაადგილების მიმართულებით გადადგმული ახალი ნაბიჯია. ამ ახალი სუბ-ბრენდის დაფუძნებით, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ პრემიუმ სეგმენტს მწარმოებლებს შორის, სიახლეების დანერგვაში ლიდერები ვართ“, - ამბობს „ბეემვეს“ დირექტორთა საბჭოს წევრი იან რობერტსონი, ვინც კომპანიის გაყიდვებსა და მარკეტინგს განაგებს.

„დღეს ჩვენს ინდუსტრიაში ახალი ერა იწყება, ინდივიდუალური გადაადგილების ახალი ერა. ეს კი არის „ბეემვე i“, ახალი ეპოქის პიონერი, დაბადებული ელექტრობა“, - დასძენს რობერტსონი.

ახალი სუბ-ბრენდის ჩამოყალიბებასთან ერთად, ბავარიულმა კომპანიამ ასევე ამერიკაში დააფუძნა ერთობლივი საწარმო სახელწოდებით „ბეემვე i ვენჩარზ“, რომელსაც შტაბ-ბინა ნიუ იორკში ექნება. ამ კომპანიის საწესდებო კაპიტალი 100 მილიონი დოლარია. მისი მთავარი დანიშნულება ისაა, რომ „ბეემვე i-ს“ ავტომობილების ექსპანსიას და უმაღლეს დონეზე მომსახურებას შეუწყოს ხელი.

ახალი მარკის პირველი ორი ავტომობილი ეგრეთ წოდებულ „ლაიფდრაივ“ არქიტექტურას დაეყრდნობა. არ არქიტექტურის საფუძველს წარმოადგენს ალუმინის შასი და ძარის კარკასი, რომელიც ნახშირბადის ბოჭკოთი არმირებული პოლიეთერული ფისის კომპოზიციური მასალითაა დამზადებული. თვითონ ძარაც ასეთივე კომპოზიტით დამზადდება. ეს მასალა ბავარიელებმა ამერიკელ პარტნიორთან, „SG კარბონთან“ ერთად შეიმუშავეს.

i3 კომპაქტური ჰეჩბეკია, რომელსაც აქამდე პროექტი „მეგასიტი“ ეწოდებოდა. მასში ჩასაჯდომი კონფიგურაციაა 2+2. ავტომობილი აღჭურვილია ელექტროძრავით, რომლის სიმძლავრეც 170 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 250 ნიუტონმეტრი. ძრავი ენერგიას ლითიუმ-იონური აკუმულატორებისგან ღებულობს, რომლებსაც წყლით გაგრილების სისტემა ემსახურება. აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია, ავტომობილს მინიმუმ 160 კილომეტრს გაატარებს.

ამავე ავტომობილის ბაზაზე, უკვე მუშავდება მისი ჰიბრიდული ვერსია, რომლის სვლის სიშორის გასაზრდელადაც, კონსტრუქციას შიდაწვის ძრავისა და გენერატორის ტანდემი დაემატება. შიდაწვის ძრავი მცირელიტრაჟიანი იქნება და ის i-ს ჰიბრიდული ავტომობილებისთვის სპეციალურად მუშავდება.

რაც შეეხება i8-ს, მისი წინამორბედი - კონცეპტუალური „ვიჟნ ეფიშნტდაინემიქსი“ ბავარიელებმა პირველად 2009 წელს, ფრანკფურტის ავტო შოუზე გვიჩვენს, მისი წარმოების გადაწყვეტილება კი ახლახანს გაახმოვანეს. ავტომობილის დასახელებაში რიცხვი 8 მისი სპორტულობის მიმანიშნებელია. სახელით M8, „ბეემვე“ სპორტული სუპერ ავტომობილის წარმოებას გეგმავდა, თუმცა ეკონომიკური კრიზისის გამო, ამ განზრახვაზე ხელი აიღო.

მოდელი i8 ჰიბრიდული დანადგარით აღიჭურვება, რომელშიც ბენზინის სამცილინდრიანი 1.5-ლიტრიანი ძრავი და იგივე ელექტროძრავი შევა, რომელიც i3-ის აღწერისას ვახსენეთ. აქაც შიდაწვის ძრავს მხოლოდ ელექტროენერგიის გამომუშავების დანიშნულება აქვს. ბავარიელთა ინფორმაციით, i8-ს მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ იქნბა, ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე მის აჩქარებას კი 4.8 წამი ეყოფა.

უკვე ცნბილია ისიც, რომ ამ ორ ავტომობილს „ბეემვეს“ ლაიპციგის ქარხანა გამოუშვებს, რომლის მოდერნიზაციაზეც 400 მილიონი ევროა ინვესტირებული. ორივე ავტომობილის წარმოება 2013 წელს დაიწყება.

No comments:

Post a Comment