Monday, February 21, 2011

პირველად ჟენევაში - ელექტრული „როლს როისი“

Rolls-Royce 102EX, Electric Phantom for Geneva

21 თებერვალი

„ბეემვემ“ ელექტრომობილების წარმოებას სერიოზულად მოჰკიდა ხელი - გერმანულმა კომპანიამ ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების მწარმოებელი ქვე-ბრენდიც კი შექმნა. ბუნებრივია, ახალ ტენდნციას მის ჯგუფში შემავალი კომპანიებიც აყოლებენ ფეხს და მათ შორისაა „როლს როისიც“, რომელმაც ჟენევის ავტო შოუსთვის, ელექტრული „ფანტომი“ – 102 EX მოამზადა.

ინგლისური მარკის მთავარი აღმასრულებელი ტორსტენ მიულერ-ოტვოსი ამბობს, რომ ჟენევისთვის მომზადებული ელექტრომობილი, ეგრეთ წოდებული ტესტ პლატფორმაა იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს საზოგადოების აზრის შესწავლა. ამასთან, თუ ბაზარი ამისათვის მზად იქნება, კონცეპტუალური ელექტრომობილის ბაზაზე, „როლსის“ სხვა მოდელების ელექტრიფიკაციაც განხორციელდება.

ნებისმიერ შემთხვევაში, 102 EX ულტრა ლუქსის სეგმენტის პირველი სრულიად ელექტრული ავტომობილია. ჯერჯერობით მისი აღჭურვილობის და ტექნიკური მონაცემების შესახებ, არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება. ყველაფერ ამას მწარმოებელი გამოფენისთვის ინახავს.

მიულერ-ოტვოსის თქმით, „როლს როისი“ 102 EX-ის სერიულ წარმოებას არ აპირებს. სამაგიეროდ, ამ ავტომობილს ჟენევის შემდეგ, მსოფლიო ტურნე ელის - მას ყველა იმ ქვეყანას მოატარებენ, სადაც „როლს როისის“ ავტომობილები იყიდება. ამ ტურნეს დროს, კომანიის მარკეტოლოგები პოტენციური კლიენტების აზრს შეისწავლიან და მიღებული ინფორმაციის ანალიზის შემდეგ გადაწყვეტენ, „როლს როისისთვის“ აქვს თუ არა აზრი ელექტრომობილების წარმოების დაწყებას.

გარდა ამისა, ბრიტანულმა კომპანიამ სპეციალური ვებ-გვერდი შექმნა, რომელიც 102 EX-ის მსოფლიო ტურნეს გააშუქებს. მასზევე მოათავსებენ ამ ავტომობილზე ავტომოყვარულების და პოტენცური კლიენტების შთაბეჭდილებებს. ტურნეს ბოლოს კი „როლს როისის“ და „ბეემვეს“ ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, აქვს თუ არა აზრი ეკოლოგიურად სუფთა „როლსების“ წარმოებას.

No comments:

Post a Comment