Saturday, February 19, 2011

„კრაისლერთან“ ალიანსი „ფიატ-ისთვის“ მნიშვნელოვანია

Marchionne says Chrysler alliance is crucial

19 თებერვალი

ფიატ-ის მთავარი აღმასრულებელი სერჯო მარკიონე (ფოტოზე) აცხადებს, რომ „კრაისლერთან“ ალიანსს, იტალიური საავტომობილო ჯგუფისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და დასძინა, რომ ტურინული კომპანია თავისი ბიზნესის იტალიაშივე განვითარებას აპირებს, რისთვისაც მილიარდობით დოლარის ინვესტირება იგეგმება.

„არამარტო ისაა სიმართლე, რომ „ფიატ-მა“ „კრაისლერი“ გადაარჩინა, არამედ ისიც, რომ „კრაისლერს“ ჩვენი ჯგუფის წარმატებული მომავლისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მათთან ერთად, ჩვენ საწარმოო პროგრამას ვამრავალფეროვნებთ და დიდი ერთობლივი გეგმები გვაქვს“, - ამბობს მარკიონე, ვინც იმავდროულად, ამერიკული კომპანიის მთავარი აღმასრულებელიცაა.

მარკიონემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ „კრაისლერთან“ გაერთიანების შემდეგ, „ფიატ-ის“ შტაბ-ბინა შესაძლოა, ამერიკაში გადავიდეს, რამაც იტალიის მთავრობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ამის გამო, მას სასწრაფოდ შეხვდა იტალიის პრემიერ მინისტრი სილვიო ბერლუსკონი, შემდეგ კი მარკიონე საპარლამენტო მოსმენაზეც დაიბარეს.

მარკიონემ, ვინც წარმოშობით იტალიელ-კანადელია, ბერლუსკონი დაარწმუნა იმაში, რომ „ფიატი“ საინვესტიციო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, 27 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს, მეტწილად იტალიაში განახორციელებს. მაგრამ საპარლამენტო მოსმენისას ისიც განაცხადა, რომ „კრაისლერთან“ გაერთიანების და ამ უკანასკნელის აქციონირების შემდეგ, ორი კომპანიის იტალიიდან მართვა პრობლემური გახდება.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მალე „კრაისლერის“ აქციებს ბირჟაზე გამოვიტანთ. ორი აქციონირებული კომპანიის სხვადასხვა შტაბ-ბინიდან მართვა კი პრობლემებს წარმოქმნის. თუმცა, ამასთან დაკავშირებით, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს“, - ამბობს მარკიონე.

„ფიატ-ს“, რომელიც იტალიის უდიდსი ინდუსტრიული ჯგუფია, „კრაისლერთან“ შერწყმა აქვს გადაწყვეტილი და ამ პროცესის დასრულებას, ორ-სდამ წელიწადში აპირებს. თუმცა, მანამდე ორივე კომპანიაში ძირეული რესტრუქტურიზაციის ჩატარება მოუწევს, რაც უზარმაზარ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.

2009 წელს, მას შემდეგ, რაც „კრაისლერმა“ მართვადი გაკოტრების რეჟიმში გააგრძელა არსებობა, მისი აქციების 20 პროცენტი „ფიატ-მა“ გამოისყიდა. ამ წლის დასაწყისში კი იტალიურმა კომპანიამ „კრაისლერში“ თავისი წილი 25 პროცენტამდე გაზარდა.

მარკიონე ამბობს, რომ „ფიატ-ის“ იტალიაში დატოვება სურს, თუმცა ისიც დასძინა, რომ ამის გაკეთება გაუჭირდება, თუ პროფკავშირებისგან მხარდაჭერა არ ექნება: „ჩვენ არსად წასვლის სურვილია რ გვაქვს. „ფიატ-ი“ ამ ქვეყნის ნაწილია და იტალიის დატოვების სურვილი არ აქვს“.

საინვესტიციო გეგმა, სახელად „ფაბრიკა იტალია“, 20 მილიარდი ევროს ინვესტირებას ითვალისწინებს და ამ თანხის უმეტესი ნაწილი იტალიაში მოქმედ ხუთ ქარხანას მოხმარდება, რომლებიც ამჟამად წაგებაზე მუშაობს. რაც შეეხება პროფკავშირებს, მათ უკვე „ფიატ-ის“ ორ - მირაფიორის (ტურინის მახლობლად) და პომილიანოს (ნაპოლის მახლობლად) ქარხანასთან გააფორმეს ხელშეკრულებები.

No comments:

Post a Comment