Saturday, February 19, 2011

სუპერ ეკონომიური „ნისან მიკრა“

Nissan Launches Super Clean Micra DIG-S Turbo

19 თებერვალი

„ნისანმა“ თავის პოპულარულ სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ „მიკრას“ ახალი, სუპერ ეკონომიური ვერსია DIG-S (დირექტ ინჯექშნ გაზოლინ-სუპერჩერჯერ) შექმნა, რომელიც გარემოს ნახშირორჟანგით მინიმალურად აბინძურებს.

ავტომობილი ბენზინის სამცილინდრიანი 1.2-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემა და მექანიკური დამჭირხნი ემსახურება. გარდა ამისა, ავტომობილის ეკონომიურობის გაუმჯობესებას სისტემა სტოპ-სტარტიც უზრუნველყოფს.

ძრავი 98 ცხენის ძალას და 142 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს და რაც მთავარია, ავტომობილის მიერ ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში მხოლოდ 95 გრამ CO2-ს გამოჰყოფს. ოღონდ, ეს მაჩვენებელი მაშინ მიიღწევა, როდესაც ძრავთან მექანიკური კოლოფია შეწყვილებული. ავტომატური კოლოფის შემთხვევაში კი გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა 115 გრამია.

ზემოთ ხსენებული სისტემების გარდა, ძრავის ეკონომიურობას ის გარემოებაც განაპირობებს, რომ ის ეგრეთ წოდებული მილერის ციკლით მუშაობს. ასეთი ძრავების თავისებურება ისაა, რომ შეშვების და გამოშვების ტაქტები სხვადასხვა ხანგრძლივობისაა. კერძოდ, შემშვები სარქველი ჩვეულებრივზე გვიან იხურება. ის შეკუმშვის ტაქტის დასაწყისშიც კი ღიად რჩება. სხვათა შორის, ფაზების ასეთ გადაფარვას ძრავების ფორსირებისას იყენებენ. 13:1-მდე გაიზარდა ძრავის კუმშვის ხარისხი, რამაც ასევე ძრავის ეფექტურობის გაუმჯობესება განაპირობა. საბოლოოდ, აგრეგატის მახასიათებლები 1.5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი აგრეგატისას გაუთანაბრდა.

მექანიკურ კოლოფთან შეწყვილებული ასეთი ძრავით აღჭურვილი „მიკრას“ მაქსიმალური სიჩქარე 180 კმ/სთ-ია, 100 კილომეტრის გასავლელად კი, შერეული ციკლით მოძრაობისას, მას სულ რაღაც, 4.1 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის. „მიკრას“ ეკონომიურობა ოდნავ უარესდება, როცა ძრავი ავტომატურ კოლოფთან ერთად მუშაობს.

გარდა იმისა, რომ ტემპერატურული რეჟიმის შემსუბუქებით (მილერის ციკლის გამოყენების წყალობით), ხახუნის შემცირებითა (მოძრავი დეტალების რაოდენობის შემცირების წყალობით) და საწვავის შეფრქვევის სისტემის დახვეწით, ძრავის ეფექტურობა გაზარდეს, „ნისანის“ ინჟინრებმა „მიკრას“ ეკონომიურობის გაუმჯობესებას იმითაც მიაღწიეს, რომ სამცილინდრიანი ძრავი, ოთხცილინდრიანთან შედარებით, ნაკლებს იწონის. ასევე შეცვლილია ძრავის მართვის სისტემაც.

სუპერ ეკონომიური „ნისან მიკრას“ პრემიერა მარტში, ჟენევის ავტო შოუზე გაიმართება, მისი გაყიდვები კი ევროპის ბაზარზე ზაფხულში დაიწყება.

No comments:

Post a Comment