Friday, March 4, 2011

ჟენევა 2011

ჟენევის ავტო შოუ - ყველაზე გრანდიოზული საავტომობილო ფორუმი

Geneva 2011

4 მარტი

რენო R-სპეისი და კაპტური

როგორც ჩანს, ფრანგული კომპანია ახალი კორპორატიული სტილის შექმნის სტადიაშია. ყოველ შემთხვევაში, ამის თქმა შეიძლება მას შემდეგ, რაც „რენოს“ ჟენვურ კონცეპტუალურ მოდელებს ნახავთ. ქროსოვერი „კაპტური“ და კუპე „დეზირი“ ამის თვალსაჩინო მაგალითია. მათ კი ჟენევაშივე გვერდს კომპაქტვენი „R-სპეისი“ უმშვენებდა. როგორც ჩანს, რაღაც ამათ მსგავსი ოთხბორბალა მალე გამოჩნდება ევროპულ ბაზარზე და ეს რაღაც ალბათ ახალი „კლიო“ იქნება.
„R-სპეისი“ იმითაა გამორჩეული, რომ მას შუა საყრდენი არ აქვს, წინა და უკანა კარებები კი ერთმანეთის საპირისპიროდ იღება. რა თქმა უნდა, ეს იმისათვის გაკეთდა, რომ სალონში მოხვედრა გაადვილებულიყო, თუმცა ასეთი რამ სერიულ ავტომობილებზე რომ არ გადავა, ამაში ეჭვის შეტანაც არ ღირს.
კომპაქტვენი საკმაოდ პატარა, სამცილინდრიანი 0.9-ლიტრიანი ტურბოძრავით აღჭურვეს, რომელიც 110 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და „R-სპეისს“ ადგილიდან 100-მდე 11 წამში აჩქარებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 200 კმ/სთ-ს აღწევს. ბევრი არაფერი? მეტი არც სჭირდება - ის ხომ საოჯახო ავტომობილია. თანაც, შესანიშნავი ეკონომიურობით გამოირჩევა და გარემოსაც მინიმალურად აბინძურებს. კერძოდ: საშუალოდ 100 კილომეტრზე მხოლოდ 3.7 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში მხოლოდ 95 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. ანუ, უკვე შეესაბამება უმკაცრეს ევრო6 სტანდარტს, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა.
ამაზე ოდნავ მეტს წვავს და გამოჰყოფს უგზოობის „კაპტურის“ ორტურბოიანი ძრავი. სამაგიეროდ, მას 160 ცხენის ძალის და 380 ნიუტონმეტრის მოცემა შეუძლია. მის დინამიკურ მონაცემებზე ფრანგული კომპანია სიტყვაძუნწობს. სამაგიეროდ, გვამცნობს, რომ „კაპტური“ ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროს მხოლოდ 95 გრამ ნახშირორჟანგით აბინძურებს.

ამ კონცეპციის მიზანიც ახალი სტილის ძიების პროცესის ჩვენება იყო. „კაპტურიც“ უჩვეულო კარებებით გამოირჩევა. ოღონდ, „R-სპეისისგან“ განსხვავებით, მას მხოლოდ ორი კარი აქვს და ისინი ზევით, „ლამბორგინის“ სტილში ეღება.

ფრანგული კომპანიის მთავარი დიზაინერი ლორენს ფან დენ აკერი ამბობს, რომ „კაპტური“ სპორტული ქროსოვერია, რომელმაც ახალგაზრდა მყიდველის ყურადღება უნდა მიიქციოს. თუმცა, ამ სახით ის კონვეიერზე ვერ მოხვდება - სერიულ ვერსიას ადრენალინის „ზედმეტ“ დოზას აუცილებლად მოაშორებენ. და თუ ასე მოხდა, მაშინ ახალგაზრდა მყიდველი მას უკვე სხვა თვალით შეხედავს...

No comments:

Post a Comment