Thursday, March 24, 2011

„პაგანი ჰუაირა“ - სამხრეთამერიკული ქარის ქალღმრთი იტალიური მარკით

Pagani Huayra Live from the Geneva Motor Show

24 მარტი

ათ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ჰორაციო პაგანიმ, თავისი გვარის მატარებელი კომპანიის მარკით, სუპერ ავტომობილი, სახელად „ძონდა“ პირველად გვიჩვენა. ეს 1999 წელს მოხდა. „ძონდა“ გერმანულ სატუნინგო კომპანია AMG-ს წარმოების 7.0-ლიტრიანი V12 ძრავით იყო აღჭურვილი. „ძონდა“ მშვენიერი და იმავდროულად, აგრესიული გარეგნობით, ასევე შესაშური ტემპერამენტით გამოირჩეოდა. მაგრამ ამ წლების განმავლობაში, ის მეტისმეტად მოძველდა და შესაცვლელი გახდა.

რა თქმა უნდა, ჰორაციო ძონდამ ამაზე იზრუნა და შემცვლელი, უცნაური სახელით „ჰუაირა“, ჟენევის ავტო შოუზე გაგვაცნო. უნდა ითქვას, რომ ავტომობილს სახელი შესაფერისი აქვს - „ჰუაირა“ სამხრეთამერიკული ქარის ქალღმერთის სახელია. და ავტომობილიც ამ სახელს სრულად შეეფერება. თუმცა, ჟენევაში ბევრს არ მოეწონა მისი უცნაური გარეგნობა, ძლიერ დაწეული ცხვირით და უჩვეულო, სამრგოლიანი უკანა ფარებით. ამასთან, ისიც ფაქტია, რომ „პაგანი“ ტრადიციას აგრძელებს - მისი მეორე სუპერ ავტომობილიც აგრესიული გარეგნობით გამოირჩევა.

თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გამოიყურება ავტომობილი, როცა იცი, რომ ის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითაა შექმნილი. კერძოდ, ავტომობილის მთავარი მზიდი ელემენტი, კარბონის კომპოზიტისა და ტიტანის გამოყენებითაა დამზადებული. ამასთან, ძარის წინ და უკან, აქტური აეროდინამიკური ელემენტებია განლაგებული. „ჰუაირას“ გაბარიტებია: სიგრძე 4605 მილიმეტრი, სიგანე 2036 მილიმეტრი, სიმაღლე 1169 მილიმეტრი, ბაზა 2795 მილიმეტრი. ავტომობილის მშრალი წონა 1350 კილოგრამია და ის წინა და უკანა ღერძებს შორის, 44:56 პროპორციითაა განაწილებული.
რაც შეეხება ძრავს, ის ისევ AMG-ს (რომელიც ამჯერად მერსედეს ბენცს ეკუთვნის) წარმოებისაა, თუმცა მისი მუშა მოცულობა „მხოლოდ“ 6.0 ლიტრია. ძრავს (V12) წყვილი ტურბოკომპრესორი ემსახურება, რომელთა მეშვეობითაც, 700 ცხენის ძალას (ვერსია სპორტის შემთხვევაში, სიმძლავრე 730 ცხ.ძ-ა) და 1000 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავთან კომპანია XTRAC-ის წარმოების 7-საფეხურიანი სეკვენტალური კოლოფია დაკავშირებული.

ამ აგრეგატების დახმარებით, „ჰუაირა“ ადგილიდან ასამდე აჩქარებას 3.3 წამში ასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 370 კმ/სთ-ია. ჰორაციო პაგანის განცხადებით, ამ ავტომობილის სერტიფიცირება ჯერ არ დასრულებულა და ამ პროცესის გავლის შემდეგ, მისი კომპანია უფრო ზუსტა დინამიკურ მონაცემებს გამოაქვეყნებს.

ასევე, ჯერჯერობით დაუზუსტებელია „ჰუაირას“ ფასიც. სავარაუდოდ, ის მილიონი ევრო ეღირება. თავიდან დაგეგმილი იყო, რომ წლიური წარმოება მხოლოდ 20 ავტომობილით შემოფარგლულიყო, თუმცა კომპანიის განცხადებით, სამხრეთამერიკული ქარის ქალღმერთის სეხნია უკვე 60-მა მყიდველმა შეუკვეთა. ჟენევაში ჰორაციო პაგანიმ ასევე განაცხადა, რომ მისი კომპანია უფრო იაფფასიანი სუპერ ავტომობილის წარმოების შესაძლებლობასაცგანიხილავს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ „პაგანი“ ამ მოთხოვნით უამრავ წერილს ღებულობს.

No comments:

Post a Comment