Saturday, March 12, 2011

„ფოლკსვაგენი“ ახალ კომპაქტვენს გამოუშვებს

VW to Build New Microbus Using Bulli Concept

12 მარტი

უკვე რამდენიმე თვეა, საავტომობილო გამოცემებში გამოითქმება ვარაუდები იმის შესახებ, რომ „ფოლკსვაგენი“ მიკროვენის წარმოებას აპირებს. ჟენევის საავტომობილო შოუზე კი, კონცეპტუალური „ბულის“ სახით, ამის დასტური (თუნდაც არაპირდაპირი) გამოჩნდა.

ჟენევაშივე, გერმანული კომპანიის კვლევისა და განვითარების შეფმა ულრიხ ჰაკენბერგმა დაადასტურა, რომ მისი კომპანია მზადაა, ექვსადგილიანი მრავალმხრივი დანიშნულების ავტომობილი გამოუშვას, რომელსაც მოდულარულ პლატფორმა MDS-ს გამოიყენებს.

ეს პლატფორმა უნივერსალურია და მისი რამდენიმე კლასის ავტომობილისთვის გამოყენებაა შესაძლებელი. „ფოლკსვაგენი“ მას თავისი რამდენიმე ახალი ავტომობილის საფუძვლად გამოიყენებს, რომელთა შორისაც, პირველი ახალი „აუდი A3“ იქნება. ამ პლატფორმის ძირითადი თვისება ისაა, რომ დიდი დანახარჯების გარეშე, მისი გაბარიტები და ძირითადი პარამეტრები ადვილად იცვლება და ამის წყალობით, სხვადასხვა ზომის და კლასის ავტომობილებისთვის მისი გამოყენება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. ასე კი უზარმაზარი თანხები დაიზოგება.

ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, ახალ მიკრობუსს ჩატანუგას (შტატი ტენესი) ქარხანაში არ გამოუშვებენ. ამ ქარხნის დანიშნულება კვლავაც მხოლოდ საშუალო ზომის სედან „პასატის“ წარმოება იქნება. ყველაზე რეალურია, რომ მიკროვენის საწარმოებლად, ვოლფსბურგელებმა თავიანთი პუებლას (მექსიკა) ქარხანა გამოიყენონ, რომელიც ახალ „ხოჭოს“ უშვებს.

კონცეპტუალური მიკროვენი „ბული“, რომლის მსოფლიო პრემიერასაც ჟენევის საავტომობილო შოუმ უმასპინძლა, ელექტრომობილია. ის ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 85 კილოვატს იძლევა. ენერგიით მას ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი კვებას, რომლის ტევადობაც 40 კილოვატსაათია. გერმანული კომპანიის მონაცემებით, ეს ენერგია საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ერთი სრული დამუხტვით დაახლოებით 300 კილომეტრი გაიაროს. ამასთან, სპეციალური მოწყობილობის დახმარებით, აკუმულატორის სრული დამუხტვა ერთ საათში ესწრება.

ჰაკენბერგს არ დაუკონკრეტებია, თუ როდის დაიწყება ახალი მიკროვენის წარმოება და რა ერქმევა მას. შესაძლოა, ამ ავტომობილს კონცეპტუალურის სახელი შეუნარჩუნდეს, ან „კამპერი“ დაერქვას, როგორც ეს ცოტა ხნის წინ, „ფოლკსვაგენის“ მთავარმა დიზაინერმა კლაუს ბიშოფმა განაცხადა. სხვათა შორის, ამ სახელით, ვოლფსბურგელები თავიანთი პოპულარული „მიკრობუსის“ ტურისტულ ვერსიას უშვებდნენ.

No comments:

Post a Comment