Saturday, March 12, 2011

„მერსედეს ბენცმა“ A კლასის ჰეჩბეკის კონცეპციის ესკიზი გამოაქვეყნა

Mercedes Benz A-Klasse Concept First Pic

12 მარტი

შარშან „მერსედეს ბენცმა“ გამოაცხადა, რომ მისი ორი ნაკლებად პოპულარული მოდელი - A და B კლასის ჰეჩბეკები, მალე მისი მომავალი საწარმოო პროგრამის ძირითადი შემადგენელი ნაწილები გახდება. ამ ორი ავტომობილით, სამქიმიანები თავიანთი ბრენდთ ახალგაზრდა მყიდველის მიზიდვას აპირებენ.

გერმანული კომპანია ახალი A კლასის ჰეჩბეკის კონცეპციის პრემიერას შანჰაის ავტო შოუზე აპირებს, მანამდე კი ამ ავტომობილის ფოტო ტიზერების გავრცელება და ასე მისადმი ყურადღების მიქცევა დაიწყო. პირველი ტიზერი ახალი ავტომობილის ესკიზია, რომლითაც მასზე გარკვეული შთაბეჭდილების მიღება შეიძლება.

ამ ესკიზის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ახალი A კლასს წინმორბედთან შედარებით, ახალგაზრდა მყიდველისთვის მისაღები, აგრესიული გარეგნობა აქვს. ეს ესკიზი რაღაცით კონცეპტუალურ F800-საც მოგვაგონებს, რომლის პრემიერაც ჟენევის შარშანდელ ავტო შოუზე შედგა და რომელიც ფაქტობრივად, სამქიმიანების ახალი სტილის მაჩვენებელი პირველი მერცხალია.

ამ ეტაპზე უცნობია, რა აგრეგატებით აღიჭურვება ახალი ავტომობილი. არაა გამორიცხული, რომ გამოფენაზე ის ჰიბრიდული აგრეგატით, ან სულაც ელექტრომობილად წარსდგეს. რა ტქმა უნდა, მისი სერიული ვერსია შიდაწვის ძრავებით აღიჭურვება, თუმცა შტუტგარტელები არ მალავენ, რომ A და B კლასის ჰეჩბეკებს წყალბადის ფიჭურ ელემენტებზე მომუშავე ელექტროაგრეგატებიტაც აღჭურვავენ.

შესაბამისი აგრეგატები ამერიკაში უკვე გადის ტესტირებას. ისინი B კლასის სამ ავტომობილზეა დამონტაჟებული, ეს ავტომობილები კი აშშ-ის გარშემო მოგზაურობენ. ამ გარბენს ტესტების გარდა, სარეკლამო დანიშნულებაც აქვს. რაც შეეხება შიდაწვის ძრავებს, მათ შორის აღარ იქნება 1.5-ლიტრიანი და მეტი მუშა მოცულობის მქონე აგრეგატები. მათ უფრო მცირე, კომპაქტური და რა თქმა უნდა, ეკონომიური ძრავებით შეცვლიან, რომლებსაც „მერსედეს ბენცი“ „რენო-ნისანის“ ალიანსთან კოოპერაციით შექმნის.

როგორც ჩანს, ეს ესკიზი ერთადერთი ტიზერი არ იქნება. შანჰაის შოუმდე, შტუტგარტელები თავიანთი სიახლის შესახებ, ინფორმაციის მორიგ დოზებს გამოაქვეყნებენ და მათ ჩვენი მკითხველიც აუცილებლად შეიტყობს...

No comments:

Post a Comment