Friday, May 27, 2011

„ჯოსს JP1“ - ავსტრალიური სუპერ ავტომობილი

JOSS JP1, the Supercar from Down Under

27 მაისი

შვიდი წლის წინ, მელბურნის საავტომობილო გამოფენაზე, პატარა ავსტრალიურმა კომპანია „ჯოსს დეველოპმენტმა“ კონცეპტუალური სუპერ ავტომობილი წარადგინა, რომელმაც შესანიშნავი გამოხმაურება მიიღო. კონცეპციის ავტორი მაშინ იქადნიდა, რომ ამ ავტომობილის სერიულ წარმოებას მალე შეუდგებოდა. ტექნიკურად და ტექნოლოგიურად ამისთვის მზადაც იყო, მაგრამ საჭირო ინვესტიციების მოზიდვა ვერ მოხერხდა.

მაგრამ შემდგომი შვიდი წლის განმავლობაში, „ჯოსს-ის“ ხელმძღვანელობას ხელები არ ჩამოუშვია და ბევრი გაწბილების მიუხედავად, თავისას მიაღწია. და ახლა გვპირდება, რომ იმ კონცეპტუალური მოდელის სატესტო პროტოტიპს, იმავე მელბურნის გამოფენაზე წარმოადგენს. გარდა ამისა, გამოფენაზევე შესაძლებელი იქნება სერიული ავტომობილის მაკეტის ხილვა, რომელსაც აეროდინამიკურ მილში ტესტირებისთვის გამოიყენებენ.

ავტომობილს სპორტული სუპერ ავტომობილებისთვის დამახასიათებელი შეთანწყობა აქვს - წამყვანი უკანა ბორბლებია, ძრავი კი ბაზაშია მოთავსებული. მზიდი მონკოკი კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული, ძარის დეტალებისთვის კი, კარბონის გარდა, კევლარის ბოჭკოცაა გამოყენებული.
რაც შეეხება ძრავს, ეს იქნება მთლიანად ალუმინის V8 (მწარმოებელი და ლიტრაჟი უცნობია), რომელიც 500 ცხენის ძალას ავითარებს. მასთან 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია შეწყვილებული. მწარმოებელი ირწმუნება, რომ ამ ტანდემის მეშვეობით, ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 3 წამზე ნაკლებში ავითარებს, დრეგსტერების კლასიკურ დისტანციას (402 მეტრი) დაახლოებით 11 წამში გადის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 340 კმ/სთ-ს აღწევს.

რაც შეეხება სატესტო ავტომობილს, რომელიც გამოცდებისთვის უკვე მზადაა, ის 6.8-ლიტრიანი V8 ალუმინის აგრეგატითაა აღჭურვილი. ეს ძრავი 440 ცხენის ძალას ავითარებს, მასთან კი „პორშეს“ წარმოების 500-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია შეწყვილებული. ამ აგრეგატებით, 940-კილოგრამიანი ავტომობილის მონაცემები ოდნავ უარესია.

„რამდენიმე წლის წინ, მელბურნის გამოფენაზე, საზოგადოებამ ჩვენი ავტომობილი ძალიან მოიწონა, მაგრამ საავტომობილო ბიზნესი ძალიან რთულია. მას შემდგ, ჩვენი კომპანია ინვესტორების ძიებაში იყო და როგორც იქნა, საწადელს მივაღწიეთ. ახლა მიმწოდებლებიც შერჩეული გვყავს, პერსონალიც დაკომპლექტებული და მალე წარმოებასაც შევუდგებით“, - ამბობს „ჯოსს დეველოპმენტის“ ტექნიკური დირექტორი მეტ ტომასი.

ავსტრალიის ბაზარზე „ჯოსს JP1-ის“ სავარაუდო ფასი 500 000 ავსტრალიური დოლარი იქნება, რაც დაახლოებით 530 000 ამერიკული დოლარისა და თითქმის 375 000 ევროს ტოლფასია.

No comments:

Post a Comment