Monday, May 23, 2011

„ლამბორგინი“ „ყოველდღიური“ ავტომობილის წარმოებას აპირებს

Lamborghini to launch new "everyday" model

24 მაისი

სუპერ ავტომობილების მწარმოებელი იტალიური კომპანია „ლამბორგინი“, თავის საწარმოო პროგრამაში მესამე, ეგრეთ წოდებული ყოველდღიური ავტომობილის დამატების შესაძლებლობას განიხილავს. ამის თაობაზე, როიტერს „ლამბორგინის“ მთავარმა აღმასრულებელმა შტეფან ვინკელმანმა განუცხადა.

სპორტული სუპერ ავტომობილების ისტორიაში, გაყიდვების პიკი 2007 წელს დაფიქსირდა, თუმცა გლობალური ეკონომიკური კრიზისის კვალი მასაც დაეტყო. ახლა კი, როდესაც კრიზისმა ჩაიარა, ვინკელმანი თვლის, რომ გაყიდვები გაიზრდება და პიკურ მაჩვენებელს 2013-2014 წლებში მიაღწევს. ცნობისათვის, 2007 წელს მთელს მსოფლიოში, დაახლოებით 35 000 სუპერ ავტომობილი გაიყიდა, შარშან კი ამ კლასის ავტომობილების გაყიდვების მოცულობა დაახლოებით 26 000-მდე ჩამოვიდა.

ვინკელმანი აცხადებს, რომ სუპერ ავტომობილებზე ყველაზე მზარდი მოთხოვნა ჩინეთის ბაზარზე შეინიშნება. ბუნებრივია, ამ ბაზარზე განვითარება იტალ;იური კომპანიისთვის პრიორიტეტულია. ამასთან, ვინკელმანი თვლის, რომ საჭიროა საწარმოო პროგრამის გამდიდრება, რაც სამოდელო გამაში მესამე ავტომობილის დამატებას გულისხმობს.

„ჩვენ მესამე მოდელი გვჭირდება. ეს უნდა იყოს ავტომობილი ყოველდღიური მოხმარებისთვის. ჩვენ გვინდა ვაწარმოოთ ავტომობილი, რომელსაც კლიენტი ყოველდღიურად გამოიყენებს“, - ამ სიტყვებით, ვინკელმანმა გააღვივა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, „ლამბორგინი“ 2008 წელს ნაჩვენები კონცეპტუალური ოთხკარიანი კუპე „ესტოკეს“ წარმოების შესაძლებლობას განიხილავს.

თუმცა, ვინკელმანი კონკრეტულად ახალი ავტომობილის ტიპს არ მიუთითებს. უფრო მეტიც, ის ამბობს, რომ მის კომპანიას ამ საკითხზე ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. და როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, კიდევ ოთხი წელი იქნება საჭირო იმისათვის, რომ ახალი ავტომობილი ბაზარზე გამოჩნდეს.

ახალ ავტომობილს „ლამბორგინი“ საკუთარი ძალებით შეიმუშავებს, თუმცა „ფოლკსვაგენის“ რესურსსაც გამოიყენებს. შესაძლოა, ეს იმას ნიშნავდეს, რომ ამ ავტომობილის ბაზისად, „აუდის“ პლატფორმას გამოიყენებენ, რაც ავტომობილის წარმოებისთვის მომზადების დროს და ხარჯებს შეამცირებს.

ცნობისათვის, „ლამბორგინის“ გაყიდვების პიკმა 2008 წელს მიაღწია, როცა მთელს მსოფლიოში 2 430 ავტომობილი გაიყიდა. თუმცა, ორი წლის შემდეგ, გაყიდვების მოცულობა 1302 ერთეულამდე შემცირდა. იტალიური კომპანია იმედოვნებს, რომ წელს დაახლოებით 1 500 ავტომობილის გაყიდვას შეძლებს.

No comments:

Post a Comment