Monday, May 23, 2011

„აუდი Q5 HFC“ - ჰიბრიდი საწვავის ფიჭური ელემენტებით

Audi Q5 HFC Hybrid Fuel Cell Revealed

24 მაისი

„აუდი“ ინტენსიურად მუშაობს მომავლის ამძრავი სისტემების შემუშავებაზე, რომელთა შორისაც, ყველაზე უკეთ, ტრადიციული ჰიბრიდული და ელექტრონული სისტემები მეტნაკლებად ათვისებული აქვს. და ახლა ისეთი ჰიბრიდული სისტემების ათვისებასაც შეუდგა, რომლებშიც ელექტროენერგიის გამომუშავება, ფიIურ ელემენტებში ხდება.

საბურავების მწარმოებელ ფრანგულ კომპანია „მიშლენის“ მიერ ორგანიზებულ „ბიბენდუმის“ (ასე ჰქვია მიშლენის ემბლემას) გამოწვევაზე, გერმანულმა კომპანიამ ერთბაშად ხუთი ისეთი ავტომობილი გამოიყვანა, რომლებიც ალტერნატიული ძალური დანადგარებითაა აღჭურვილი. მათ შორისაა უგზოობის Q5-ის ბაზაზე შექმნილი HFC (ჰაიბრიდ ფიუელ სელ).

ეს არის ექსპერიმენტული ავტომობილი, რომლის მეშვეობითაც, ინგოლშტადტელები ავტომობილებში ფიჭური ელემენტების გამოყენების პერსპექტივას შეისწავლიან. ამ ავტომობილში ბევრი ისეთი კომპონენტია გამოყენებული, რომლებიც სერიულ ჰიბრიდულ ავტომობილებში დაინერგება. ამასთან, ავტომობილს აქვს ორი მაღალი წნევის ცილინდრი, რომლებშიც ფიჭური ელემენტების საწვავი - წყალბადი 700 ბარი წნევითაა ჩატუმბული.

ფიჭური ელემენტის პოლიმერ ელექტროლიტური მემბრანა ჯამში 98 კილოვატ (დაახლოებით 133 ცხენის ძალა) ენერგიას გამოიმუშავებს. ელემენტებში გამომუშავებული ენერგიის დაგროვება კი ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკში ხდება, რომლის ტევადობაც სულ რაღაც 1.3 კილოვატსაათია. თუმცა, ელექტროენერგიის მუდმივად გამომუშავების პირობებში, აკუმულატორის მეტი ტევადობა საჭირო არცაა.

ავტომობილის გადაადგილებისთვის საჭირო ძალას კი ორი ელექტროძრავი გამოიმუშავებს, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 125 ცხენის ძალა, ჯამური მაბრუნი მომენტი კი 420 ნიუტონმეტრია. გერმანული კომპანია ამ ავტომობილის ტექნიკურ-დინამიკურ მახასიათებლებს არ აქვეყნებს.

„აუდი Q5 HFC“ გამოწვევის პროგრამით, ბრანდენბურგის მიწაზე მოწყობილ სატესტო გარბენში ასპარეზობდა, რომლის დისტანციაც 300 კილომეტრი იყო. გარბენის მიზანი, ავტომობილების შესაძლებლობათა ტესტირების გარდა, მათი უსაფრთხოების შემოწმებაცაა. ამ გარბენში, ფიჭური ელემენტებით აღჭურვილი Q5-ის გარდა, „აუდის“ კიდევ სამი ისეთი ავტომობილი მონაწილეობდა, რომლებიც ექსპერიმენტული ძალური დანადგარებითაა აღჭურვილი. მათ შორისაა ბუნებრივ გაზზე მომუშავე A3 TCNG, Q5 ჰიბრიდული კვატრო და 3.0-ლიტრიანი ტურბოდზელით (TDI) აღჭურვილი A8.

სხვათა შორის, „აუდი“ მარტო თავისი ავტომობილების ელექტრიფიკაციას როდი ეშურება. გერმანულ კომპანიას გადაწყვეტილი აქვს, რომ თავის წარმოებაში, მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა მეთოდებით გამომუშავებული ელექტროენერგია გამოიყენოს. კერძოდ, დაგეგმილია საწარმოების საჭიროებისთვის, ქარის ელექტროსადგურების გამოყენება...

No comments:

Post a Comment