Wednesday, May 18, 2011

„ლოტუსმა“ მოდელ „ელანის“ წარმოების დაწყება გადადო

Lotus postpones Elan production

18 მაისი

სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანია „ლოტუსმა“ გადაწყვიტა, გაურკვეველი დროით გადადოს მოდელ „ელანის“ წარმოების დაწყება. ამ ინფორმაციას ინტერნეტ გამოცემა „ავტობლოგის“ ესპანურენოვანი ვერსია ავრცელებს, რომელმაც ის „ლოტუსის“ აღმასრულებელ დირექტორ დენი ბაჰარისგან მიიღო.

არადა, შარშან, პარიზის საავტომობილო გამოფენაზე, „ლოტუსმა“ ერთბაშად ხუთი კონცეპტუალური ავტომობილი წარადგინა და ზარზეიმით გვამცნო, რომ მათ დროტა განმავლობაში გამოიტანს ბაზარზე. კონცეპტუალური „ელანი“ 4.2-ლიტრიანი ტურბოკომპრესორიანი V6 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 450 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მისი მეშვეობით, ამ ავტომობილს ნულიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3.5 წამში შეუძლია.

ბაჰარის განმარტებით, კონცეპტუალური „ელანი“, თავისი მახასიათებლებით ახლოსაა სერიულ „ევორასთან“ და ამდენად, დიდი ალბათობით, მისი კონკურენტი შეიძლება გახდეს. არადა, „ელანი“ ბაზარზე 2013 წელს უნდა გამოსულიყო. მაგრამ ახლა ამ ავტომობილის მომავალი გაურკვეველია.

ბაჰარმა ასევე დაადასტურა ადრე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ლოტუსი“ რვაცილინდრიანი ძრავის შემუშავებას აპირებს, რომლებსაც თავის ახალ მოდელებზე - „ესპრიტზე“, „ელიტსა“ და შესაძლოა, „იტერნზეც“ გამოიყენებს. ამ აგრეგატის შემუშავებას გერმანულ ტიუნინგ ატელიე AMG-ს ყოფილი ინჟინერი (გვარი არ სახელდება) ხელმძღვანელობს, რომელიც თავის დროზე, „პაგანი ძონდასთვის“ განკუთვნილ V12 და „მერსედეს ბენც SMS AMG-სთვის“ განკუთვნილ V8 ძრავების შექმნას უძღვებოდა.

ბაჰარის ინფორმაციით, ახალი V8 ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე 550 ცხენის ძალას მიაღწევს და მას ისეთი დამახასიათებელი ხმა ექნება, რომ მაშინვე „შეგიყვარდებათ“. სავარაუდოდ, მას მექანიკური გადაცემათა კოლოფი შეუწყვილდება. გარდა ამისა, ბაჰარი „ესპრიტის“ და „ელანის“ რობოტიზებული ტრანსმისიით და ორდისკოიანი ქუროთი აღჭურვას გამორიცხავს. მისი თქმით, ეს სისტემები ავტომობილებს მეტისმეტად დაამძიმებს და გააძვირებს.

ახალი „ესპრიტისდ“ სერიული ვერსიის პრემიერა ჟენევის მომავალ ავტო შოუზე გაიმართება. პარალელურად, „ლოტუსი“ თავისი ორი ძირითადი მოდელის - „ელისის“ და „ექსიჯის“ განახლებაზეც ზრუნავს. მათი განახლებული ვერსიები, ახლანდელებზე კომფორტულები გახდება და ისინი ყოველდღიური ხმარებისთვის მოსახერხებლებიც იქნება.

No comments:

Post a Comment