Tuesday, May 17, 2011

უიშვიათესი „ფერარი ტესტა როსა“ 4 მილიონ დოლარად იყიდება

Rare four-cylinder '57 Ferrari Testa Rossa expected to top $4 million at auction

17 მაისი

ამ ავტომობილს ხშირად „ფერარი 500-საც“ უწოდებენ. რა თქმა უნდა, აქ „ფიატ 500“ არაფერ შუაშია. ლაპარაკია მოდელზე, რომლის სრული სახელწოდებაა „ფერარი 500 TRC“ (აბრევიატურა ნიშნავს ტესტა როსა ტაიპ C-ს). ეს არის ავტომობილი სპაიდერის ძარით და ოთხცილინდრიანი (ერთ რიგში განლაგებული ცილინდრებით) ძრავით, რომელიც მარანელოელთა ცნობილმა ინჟინერმა აურელიო ლამპრედიმ სპეციალურად, ფორმულა 2-ის ავტომობილისთვის შექმნა.

მას შემდეგ, რაც ლამპრედიმ მარანელო დატოვა, ეს ძრავი სპორტული პროტოტიპების კლასს მიუსადაგეს. ავტომობილი მოდელ „მონცას“ ბაზაზე შეიქმნა (1953 წელს) და რაც მთავარია, ის პირველი ავტომობილია, რომელსაც სახელად ტესტა როსა უწოდეს. ამის მიზეზი კი ის გარემოება გახდა, რომ ძრავს, რომელიც ამ ავტომობილს მამოძრავებელ ძალას ანიჭებს, წითლად შეღებილი ბლოკის თავი აქვს.

სხვათა შორის, 500-ის შემდეგ, „ფერარიმ“ გაცილებით მძლავრი „250 ტესტა როსაც“ გამოუშვა, თუმცა პირველი კოლექციონერებში დღეს უფრო ფასობს, რადგან ძალიან ცოტაა დამზადებული. მარანელოში მხოლოდ 19 ცალი „ფერარი 500 TRC“ დაამზადეს. თუმცა, შემდეგ 250-ის უპოპულარულესი ვერსია - GTO გამოუშვეს და ამით 500 დაჩრდილეს.

ფოტოზე გამოსახული ავტომობილი, აღნიშნული 19-დან მეექვსეა. ის სიჩილიელმა მყიდველმა შეუკვეთა, რომელმაც თავისი კვიცი რამდენიმე რბოლაშიც კი გამოიყენა. სხვათა შორის, ამ მოდელით, ოღონდ არა ფოტოზე ნაჩვენები ეგზემპლარით, ლე მანის და ტარგა ფლორიოს მარათონები, ასევე ნაკლებად პოპულარული მონტე პელეგრინოს (პალერმოში) სამთო რბოლაა მოგებული (თავის კლასებში).

ავტომობილს, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, სააუქციონო კომპანია „RM ოქშენზი“, ვილა დ’ესტეს (იტალიის ჩრდილოეთში მდებარე ტბა კომოს პირასაა) ელეგანტურობის კონკურსზე გამოიტანს. წინასწარი ვარაუდით, ავტომობილი 2.6-3.3 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდება. ცნობისათვის, იმავე აუქციონზე, „ფერარი 500 TRC-თან“ ერთად, „ბერტონეს“ 6 კონცეპტუალური ავტომობილი, „ძაგატოს“ ძარებით შემოსილი რამდენიმე „ალფა რომეო“, ასევე „ტალბოს“ და „ბუგატის“ რარიტეტული ავტომობილები გაიყიდება.

No comments:

Post a Comment