Sunday, June 12, 2011

„შკოდა“ ბონვილის სიჩქარის კვირეულზე საკუთარი მონსტრით იასპარეზებს

Skoda to Challenge the Big Boys at Bonneville Speed Week with 600HP Octavia RS
11 ივნისი
რაც „ფოლკსვაგენის“ დიდ ოჯახში გაწევრიანდა, „შკოდას“ საქმეები სულ წინ და წინ მიდის. შარშან ჩეხურმა კომპანიამ 760 000 ავტომობილი გაყიდა და იმედოვნებს, რომ 2018 წელს ეს მაჩვენებელი 1.5 მილიონამდე გაიზრდება. თუმცა, გერმანული კომპანია, თავის ჩეხ შვილობილზე მარტო ამ კუთხით არ ზრუნავს. მისი მიზანი, „შკოდას“ იმიჯის განვითარებაცაა. ეს კი მისი სხვადასხვა მოდელის სპორტული ვერსიების წარმოებას მოიაზრებს.

წელს 10 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც „შკოდამ“ ევროპაში სპორტული ქვებრენდი RS დააარსა და ამ თარიღთან დაკავშირებით, ჩეხურმა კომპანიამ ბონვილის სიჩქარის კვირეულზე ასპარეზობა გადაწყვიტა. ფესტივალი ბონვილის დამშრალი ტბის მარილოვან ფსკერზე, აგვისტოში ჩატარდება, შკოდა კი მასზე სპეციალურად მომზადებული „ოქტავია RS-ით“ იასპარეზებს. ჩეხურ კომპანიას საპატიო მიზანი აქვს დასახული - მისმა მანქანამ სიჩქარის 320 კმ/სთ-იანი ბარიერი უნდა გადალახოს, რაც მის ისტორიაში პირველად მოხდება.
მანქანის მომზადებაში მონაწილეობა, „შკოდას“ ბრიტანულმა ტექნიკურმა გუნდმა მიიღო, რომელთან ერთადაც, პროექტზე სატუნინგო ატელიე „რევო ტექნიკი“ მუშაობდა. საბაზისოდ „ოქტავიას“ ბოლო თაობის მოდელი შეარჩიეს, რომლის კლირენსიც 8 სანტიმეტრით შემცირდა. ამასთან, სარბოლო ავტომობილისთვის სრულიად ახალი სუბ-ჩარჩო შეიქმნა, რომელზეც სარბოლო საშუალედო გაგრილების სისტემა დამაგრდა.
სარბოლი ავტომობილი ისევ იმ 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი TSI ბენზინის ძრავიტაა აღჭურვილი, რომელიც სტანდარტულ ავტომობილზე დგას. სამაგიეროდ, ინჟინრებმა მისი სტანდარტული ტურბოკომპრესორი ახლით, კომპანია „გარეტის“ წარმოების კომპრესორით შეცვალეს, რომელიც ძრავში ჰაერს 2 ატმოსფერო წნევით ჭირხნის. იმისათვის, რომ ძრავმა ასეთ დატვირთვას გაუძლოს, საწვავად ბენზინის, მეთანოლის და წყლის ნარევს იყენებენ. შედეგი ბრწყინვალეა - ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე 600 ცხენის ძალამდე გაიზარდა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 450 ნიუტონმეტრამდე.
გარდა ამისა, სარბოლი „ოქტავია“ უსაფრთხოების ახალი საშუალებებითაც აღჭურვეს. ესენია ინტერიერის გამაძლიერებელი ჩარჩო, პარაშუტი, ცეცხლმქრობები და ფანჯრის ბადე.
„შკოდას“ სარბოლი ბოლიდი მონაწილეობას 2.0-ლიტრიანი ძრავებით აღჭურვილი სერიული ავტომობილების კლასში მიიღებს, რომლებსაც 15 კილომეტრი ექნებათ გასავლელი. ამასთან, დისტანციის შუაში, ერთმილიან მონაკვეთზე, დროის დანიშვნაცაა გათვალისწინებული.

No comments:

Post a Comment