Cadillac CTS-V Coupe Gets Improved by Hennessey
26 ივლისი
„კადილაკი“ დაარსების დღიდან ლიმუზინებს და მდიდრულ სედანებს აწარმოებს, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია, „ჯენერალ მოტორსის“ პრემიუმ ბრენდი, სპორტული იმიჯის მორგებასაც ცდილობს, რათა ასე გერმანელ და იაპონელ კონკურენტებთან გაჯიბრება სცადოს. თუმცა, ჯერჯერობით ეს ნაკლებად გამოსდის.
მაგრამ ამ საქმეში მას ხელი ამერიკულმა სატუნინგო კომპანია „ჰენესიმ“ შეაშველა, რომელმაც კუპე CTS-V-სთვის სპეციალური პაკეტი შეიმუშავა. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ყველაზე პრეტენზიული და თავზეხელაღებული მძღოლებიც კი მოიხიბლნონ. „ჰენესის“ სპეციალისტებმა მთავარი ცვლილებები ავტომობილის აგრეგატებში შეიტანეს, რისი წყალობითაც, ძრავის სიმძლავრე 1000 ცხენის ძალამდე გაიზარდა.
კუპე აღჭურვილია 7.0-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც წყვილი ტურბოდამჭირხნითაა აღჭურვილი. ის მაქსიმალურ სიმძლავრეს მუხლა ლილვის 6 400 ბრ/წთ-ზე ავითარებს. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფა 3.5 წამში მოესწროს, მაქსიმალური სიჩქარე კი 370 კმ/სთ-ს აღწევს. დრეგსტერების კლასიკური დისტანციის (402 მეტრი) გასავლელად, ასეთ ავტომობილს 10.9 წამი ჰყოფნის.
რა თქმა უნდა, „ჰენესის“ ინჟინერთა ხელი მარტო აგრეგატებს არ შეხებია. მათ ძარა გააგანიერეს და მთლიანად ნახშირბადოვანი ბოჭკოს კომპოზიციური მასალისგან დაამზადეს. მარტო ამის წყალობით, ავტომობილის წონა 90 კილოგრამით შემცირდა. ძრავის კოლოსალური სიმძლავრიდან გამომდინარე, აუცილებელი მოდერნიზაცია შაუტარდა გადაბმის ქუროსა და მუხრუჭებს. შეიცვალა საკიდარის მახასიათებლები, ავტომობილი კი 20-დუიმიან ბორბლებზე დააყენეს, რომლებიც წინ 275/30, უკან კი 345/30 ზომის საბურავებით შემოსეს. ჯერჯერობით უცნობია, რა ეღირება „ჰენესის“ მიერ დამუხტული „კადილაკის“ კუპე. სამაგიეროდ, სატუნინგო კომპანია აცხადებს, რომ ამ მონსტრს მხოლოდ 12 ცალს დაამზადებს, მყიდველებს კი სპეციალური ერთდღიანი კურსი ჩაუტარდებათ, რომლის დროსაც, მათ 1000 ცხენის ძალის მოთვინიერებას, „ჯენერალ მოტორსის“ სპორტული ავტომობილების დივიზიონის ყოფილი დირექტორი, ჯონ ჰეინრაისი ასწავლის.
No comments:
Post a Comment