Tuesday, July 12, 2011

„ფოლკსვაგენმა“ ექვს თვეში 2.5 მილიონი მანქანა გაჰყიდა

Volkswagen Does It Again: Sales Jump to 2.5 million in First Half of 2011
12 ივლისი
„ფოლკსვაგენი“ გაყიდვების რეკორდებს ამყარებს და არაა გამორიცხული, რომ ამ მაჩვენებლით, წელს მსოფლიო ლიდერობაც კი იგდოს ხელთ. კომპანიის განცხადებით, მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, მის ჯგუფში შემავალმა კომპანიებმა 4 მილიონზე მეტი ავტომობილი გაჰყიდეს, აქედან 2.53 მილიონი ავტომობილი კი საკუთრივ „ფოლკსვაგენზე“ მოდის.

„ფოლკსვაგენი“ მსოფლიო ლიდერობის ხელში ჩაგდებას 2018 წლისთვის გეგმავს, თუმცა საქმე ისე მიდის, რომ ამ მიზანს გაცილებით ადრე მიაღწევს. შარშან გერმანულმა ჯგუფმა 7.2 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა, წელს კი ამაზე 5 პროცენტით მეტის გაყიდვას გეგმავს.თუმცა, ამ ეტაპზე ზრდა თითქმის 12 პროცენტია.
„ფოლკსვაგენის“ გაყიდვები ყველაზე მეტი ტემპით ჩინეთში, ბრაზილიაში, ინდოეთსა და რუსეთში იზრდება. ვოლფსბურგული გიგანტის ავტომობილებზე მზარდი მოთხოვნილებაა გერმანიაშიც, სადაც ამის გამო, წლის მესამე კვარტალში, გაიზრდება ჰეჩბეკ „გოლფის“ და უგზოობის „ტიგუანის“ (ფოტოზე) წარმოება.
ცნობისათვის, ხუთი ტვის მონაცემებით, „ფოლკსვაგენს“ 2 მილიონი ავტომობილი ჰქონდა გაყიდული, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შემდეგ, გაყიდვები კიდევ უფრო გაზრდილია. ივნისში კომპანიამ გაყიდვების რეკორდი დაამყარა - მთელს მსოფლიოში 438 500 ავტომობილი გაჰყიდა. შედარებისთვის, შარშან იმავე თვეში მას 399 200 ავტომობილი ჰქონდა გაყიდული (ზრდა 9.8 პროცენტი).
„პირველი ექვსი თვის განმავლობაში ჩვენი კომპანიის გაყიდვების ზრდა სასიამოვნო ფაქტია. ძალიან დიდი მიღწევა იქნება, თუ ამ ტრენდის შენარჩუნებას შევძლებთ“, - ამბობს „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის და საკუთრივ „ფოლკსვაგენის“ გაყიდვების და მარკეტინგის დივიზიონის შეფი კრისტიან კლინგლერი.
თითქმის მილიონი ავტომობილია გაყიდული აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში და აქედან 850 ათასზე მეტი ავტომობილი მარტო ჩინეთზე მოდის. ცისქვეშეთი გერმანული კომპანიისთვის უდიდესი ბაზარია. საგრძნობლადაა გაზრდილი გაყიდვები ჩრდილოეთ ამერიკასა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. გაყიდვები პრაქტიკულად გაორმაგებულია რუსეთში.
ბიზნესის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის, „ფოლკსვაგენი“ მომდევნო ხუთ წელიწადში დაახლოებით 51.6 მილიარდი ევროს ინვესტირებას გეგმავს. გარდა ამისა, დამატებით 10.6 მილიარდს დააბანდებს ჩინურ ბაზარზე პოზიციების გასამყარებლად და ამ ინვესტიციას თავის ორ ჩინელ პარტნიორთან ერთად შექმნილ ერთობლივ საწარმოებს მოახმარს.
„ფოლკსვაგენის“ გეგმა ითვალისწინებს, რომ 2018 წლისთვის გაყიდვები 10 მილიონამდე უნდა გაიზარდოს. ამასთან, ამავე პერიოდში, 50 000-ზე მეტი ახალი თანამშრომელის აყვანაც იგეგმება.

No comments:

Post a Comment