Wednesday, July 13, 2011

„პორშე 929“ - კუპე „პანამერას“ ბაზაზე

Porsche 928 Plans to Make an Entrance
13 ივლისი
„პორშეს“ ყოველი ახალი მოდელი ძალიან წარმატებულია და ეს გარემოება გერმანელ მწარმოებელს იქითკენ უბიძგებს, რომ თავისი სამოდელო გამა კიდევ უფრო გააფართოვოს. ბოლო ხანებში სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ პატარა „პორშესა“ და „კაიუნზე“ - უგზოობის კომპაქტურ ავტომობილზე. ახლახანს კი ბრიტანულმა გამოცემა „ავტოქარმა“, სედან „პანამერას“ ბაზაზე გრან ტურიზმის კლასის ავტომობილის შესაძლო წარმოებაზე გაავრცელა ინფორმაცია.

„ავტოქარმა“ „პორშეს“ ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ეტაპზე, „პანამერას“ დამოკლებულ პლატფორმაზე, ორკარიანი კუპეს წარმოების მიზანშეწონილება განიხილება. თუ პროექტს მწვანე შუქს აუნთებენ, ავტომობილი, რომელიც მოდელ 928-ს იდეოლოგიური გამგრძელებელი უნდა იყოს, ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდება და მას „პორშე 929-ს“ დაარქმევენ. იქ კი ისეთი ძლიერი კონკურენტები დახვდება, როგორებიცაა „ასტონ მარტი DB9“, „ფერარი კალიფორნია“ და „ბენტლი კონტინენტალი“.
„პორშე 929“ ორი ტიპის ძარით გამოვა. ესენია კუპე და მისი ღია ვარიანტი რბილი სახურავით. ჯერჯერობით, ახალი ავტომობილის დიზაინი გასაიდუმლოებულია. „ავტოქარმა“ კი თავისი ინფორმაციის საილუსტრაციოდ, ხელოვნების სამეფო კოლეჯის სტუდენტ ჯულიანა ჩოს მიერ შექმნილი ესკიზები გამოიყენა. ცნობილია, რომ ჩოს „პორშე“ ასპონსორებს და რომ მას ხელი მიუწვდება გერმანული კომპანიის დიზაინ-სტუდიის უახლეს კონცეპციებზე. მის ნამუშევარს „პორშეს“ მთავარი დიზაინერის, მიხაელ მაუერის გავლენა ეტყობა. ცნობილია, რომ მაუერი მკაცრი პროპორციების და ეგრეთ წოდებული გეომეტრიული დიზაინის მომხრეა.
„ავტოქარის“ წყარო ამბობს, რომ „პანამერას“ ბაზაზე ახალი მოდელების წარმოება დიდად იქნება დამოკიდებული გერმანული კომპანიის საწარმოო შესაძლებლობებზე. „პორშე“ ისედაც აპირებს თავისი ლაიპციგური ქარხნის მოდერნიზებას, რათა იქ „კაიენის“ წარმოების მოცულობა გაზარდოს. „პანამერას“ კი „ფოლკსვაგენის“ ჰანოვერის ქარხანა უშვებს, თუმცა სავარაუდოდ, მეორე თაობის „პანამერას“ წარმოება ლაიპციგში გადაინაცვლებს.
საინტერესოა, რომ „პორშეს“ ყოფილი შეფი ვოლფგანგ დიურჰაიმერი ამჟამად „ბენტლის“ უდგას სათავეში. სწორედ ეს ორი კომპანია (რომლებიც ფოლკსვაგენის ჯგუფში არიან გაერთიანებულნი) შექმნის ერთობლივად ახალ პლატფორმას, რომელსაც „პანამერას“ გარდა, „ბენტლი“ „კონტინენტალისა“ და „ფლაინგ სპურისთვის“ გამოიყენებს.

No comments:

Post a Comment