Friday, July 8, 2011

„ჰიუნდაის“ კონცეპტუალური „მცურავი ავტომობილი“

Hyundai Floauto Project to Enter New Design Dimension
8 ივლისი
თუ ზღვის დაავადება გაქვთ, ამ მანქანაზე არც იფიქროთ. თუნდაც იმის მიუხედავად, რომ ის მხოლოდ კონცეპტუალური ნამუშევარია და რა თქმა უნდა, ცურვასაც არ აპირებს. უბრალოდ, მისმა ავტორებმა უნივერსიტეტ ჰონკ-იკ-იდან, ასეთი სახელი - „ფლოაუტო“ შეარქვეს. რაც მთავარია, მათი პროექტი, ამ „ამფიბიის“ ელექტრონული ძალური დანადგარებით აღჭურვას ითვალისწინებს.

სად „ფლოაუტო“ და სად მცურავი ავტომობილი? - იკიტხავს მკითხველი. საქმე ისაა, რომ ასეთი განმარტება ამ სახელს სწორედ პროექტის ავტორებმა მისცეს. მათი თქმით, სახელი ინგლისური სიტყვების - ფლოუტინგ (ცურვა) და აუტომობილ, კომბინაციაა. ისე კი, გარეგნობის მიხედვით, მას სახელად უფრო „მხეცი გზაზე“ მოუხდებოდა. რაც გინდა დაარქვი, ეს კონცეპცია ნებისმიერი დონის გამოფენაზე, მუდმივად იქნება დამთვალიერებელთა ყურადღების ცენტრში.
ჰო, ავტომობილი კუპეს კლასს მიეკუთვნება. რა ნიშნით, ძნელი სათქმელია. თუმცა ფაქტია - „ფლოაუტო“ ორადგილიანი კუპეა, რომელიც მდიდრული იახტების შთაგონებითაა შექმნილი. რაც მთავარია, ამ ბორბლიანი იახტით გადაადგილება, მისი მგზავრებისთვის სიამოვნების მომტანიც იქნება.
ამ ავტომობილ-იახტაში, ყველაზე საინტერესო მისი სახურავია, რომელსაც არაერთი ფუნქცია აკისრია. მასზე სერფის დაფის დამაგრება შეიძლება, რაც ჩრდილს წარმოქმნის და მზის მწველი სხივებისგან შეგიფარებთ. საერთოდ, სახურავს უცნაური მოყვანილობა აქვს. ის მხოლოდ წინა საყრდენებზე დგას, უკან კი კეპივითაა გაშვერილი. საყრდენები სახურავს ნახევარ სიგრძეზე გაუყვება. სახურავის ზედა ნაწილი მოსახსნელია. ასე რომ, ავტომობილს თავისუფლად შეიძლება როდსტერიც ვუწოდოთ. თუმცა მას ტიიური როდსტერის გარეგნობაც არ აქვს.
ავტომობილის ბორბლები გარეთაა გამოსული, კორპუსს კი აეროდინამიკური ფორმა აქვს, რითაც ჰაერის შემხვედრ ნაკადს ნაკლებ წინააღმდეგობასაც უწევს და მას ისეთ მიმართულებას აძლევს, რომ კორპუსს მაქსიმალურად ეკვროდეს და მის გარშემო, გაუხშოებული ადგილები არ დატოვოს. ამგვარად, მცირდება მოხმარებული ენერგიის რაოდენობა. ენერგია ვახსენეთ და მის ნაწილს, „მცურავი კუპე“ მზის იმ ელემენტებისგან ღებულობს, რომლებიც სახურავზეა დამონტაჟებული. მზისგან მიღებული ენერგია კი მეტწილად ელექტროძრავს ხმარდება.
და მაინც, რა საერთო აქვს ამ ავტომობილს „ჰიუნდაისთან“? რა და მხოლოდ ის, რომ სტუდენტური პროექტი, კორეულმა ავტოგიგანტმა დააფინანსა და ახალბედა დიზაინერებს კონსულტაციებითაც „ჰიუნდაის“ სპეციალისტები ამარაგებდნენ - ახლანდელი სტუდენტების დიდი ნაწილი ხომ მომავალში სწორედ კორეული კომპანიის ტექნიკური ცენტრის თანამშრომელი შეიძლება გახდეს...

No comments:

Post a Comment