Saturday, July 9, 2011

„ლოტუსი“ უფრო ტემპერამენტიან „ევორას“ ამზადებს

Ultimate Evora on way
9 ივლისი
ბოლო ორი წელია, სპორტული ავტომობილების მწარმოებელი ინგლისური კომპანია „ლოტუს ქარზი“ ძალიან გააქტიურდა - ჯერ ფორმულა 1-ს დაუბრუნდა, შემდეგ კი, პარიზის შარშანდელ ავტო შოუზე, ერთბაშად რამდენიმე კონცეპტუალური ავტომობილი წარადგინა და ამაყად განაცხადა, რომ ყველა მათგანის წარმოებას გეგმავს. და მართალია, ფინანსების ნაკლებობის გამო, ამ გეგმის შესრულება უჭიანურდება, მაგრამ იმას მაინც ახერხებს, რომ თავის სამოდელო გამაში არსებული ავტომობილები განაახლოს და მყიდველს, მათს ბაზაზე დამზადებული ავტომობილები შესთავაზოს.
ახლახანს, კომპანიის შეფმა დენი ბაჰარმა განაცხადა, რომ განახლების პროცესშია მოდელი „ევორა“, რომლის ბაზაზეც, მალე კაბრიოლეტსა და პლაგ-ინ ჰიბრიდს, ასევე უფრო დამუხტულ ვერსიებს გამოუშვებენ. შემდეგ კი მეორე თაობის „ევორას“ წარმოების დროც მოვა, თუმცა გამორიცხული არაა, ის „ელანით“ შეიცვალოს, ერთ-ერთი იმ ავტომობილთაგანით, რომელიც შარშან, პარიზში ვიხილეთ.
ბაჰარი ამბობს, რომ განახლების პროცესში, „ევორას“ 147 დეტალი დაიხვეწა და გაუმჯობესდა. სიახლეებს შორის იქნება სალონის უფრო ხარისხიანი მასალებით გაწყობა, გადაცემათა მოდერნიზებული კოლოფი და ახალი გამოსაბოლქვი სისტემა, რომელმაც მყიდველი ბოხი ხმით უნდა მოხიბლოს.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ „ევორას“ ტოპ (დამუხტული) ვერსია, ამ ავტომობილისვე სარბოლი მოდიფიკაციის, GT-ს (ფოტოებზე) სტილში შესრულდება. ეს ავტომობილი საბაზოსთან შედარებით, შემსუბუქებულია, მისი ძრავა კი გაძლიერებული (400 ცხ.ძ-მდე). ცნობისათვის, დღეისათვის „ევორას“ ტოპ-ვერსია, ინდექსით S, 345-ცხენისძალიანი V6 ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც მექანიკური დამჭირხნი ემსახურება. ამ ავტომობილს „ლოტუსი“ პირველად ფრანკფურტის ავტო შოუზე წარადგენს.
რაც შეეხება კაბრიოლეტს, მის შესახებ ბაჰარი ამბობს მხოლოდ იმას, რომ „ევორას“ ღიაძარიანი ვერსია, დასაკეცი სახურავის ისეთსავე მექანიზმს მიიღებს, როგორსაც უახლესი „ესპრიტის“ კაბრიოლეტი. არც ისაა გამორიცხული, რომ ეს მექანიზმის შემდგომში სხვა მოდელებზეც ვიხილოთ.
დაბოლოს, ჰიბრიდული „ევორას“ შესახებ. სავარაუდოდ, მისი სერიული ვერსიის წარმოება ორ წელიწადში დაიწყება, კონცეპტუალურ ვერსიას კი ფრანკფურტის ავტო შოუს შემდეგ, სპეციალურ პრეზენტაციაზე გვიჩვენებენ. ბრიტანულ გამოცემა „ავტოექსპრესის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰიბრიდული „ევორა“ ბენზინის 1.2-ლიტრიანი და ორი ელექტრული ძრავით აღიჭურვება. მათგან ავტომობილს მბიძგველი ძალით ელექტროძრავები მიანიჭებს, რომელთა ჯამური მაბრუნი მომენტი 1000 ნიუტონმეტრს მიაღწევს (სიმძლვარე ჯერ არ ცხადდება). ეს კი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ავტომობილმა სტანდარტული აჩქარება 4.4 წამში მოასწროს. ამასთან, ყოველი კილომეტრის გავლისას, ის ატმოსფეროს მხოლოდ 55 გრამი ნახშირორჟანგით დააბინძურებს. სამწუხაროდ, ჰიბრიდული „ევორა“, სტანდარტულ, V6 ძრავით აღჭურვილ ვერსიაზე დაახლოებით ორჯერ მეტი - დაახლოებით 100 000 გირვანქა სტერლინგი ეღირება...

No comments:

Post a Comment