Tuesday, July 5, 2011

მიკროავტომობილების ბაზარი ბუმის მოლოდინშია

The Microcar Market Preparing for Boom by 2013
5 ივლისი
ავტორიტეტული კვლევითი ჯგუფი „ფროსტ ენდ სალივენი“ ვარაუდობს, რომ საავტომობილო ბაზრის მიკროავტომობილების სეგმენტში, 2013 წლიდან ბუმია მოსალოდნელი. ამ პროგნოზის საფუძველი კი ის ფაქტია, რომ მსოფლიოს ათი უდიდესი ავტომწარმოებლიდან, შვიდი ამ სეგმენტში მალე დამკვიდრდება. სულ კი, ამ კლასის ავტომობილების წარმოებას, 30 ავტოკომპანია აპირებს. სულ ბაზრის ამ სეგმენტში, 60 საბაზო მოდელის გამოჩენაა მოსალოდნელი, რომელთა შორისაც, ბევრი კვადროციკლი იქნება.

მსოფლიოს უდიდესი ავტოკომპანიები, ჯუჯების სეგმენტში საკონკურენციოდ, დიდი მონდომებით ემზადებიან. მოწინავე ათეული მალე ბაზარზე 19 ასეთ ავტომობილს გამოიტანს. ამ ვარაუდის საშუალებას იძლევა თუნდაც ის ფაქტი, რომ მათ პარიზის შარშანდელ და ჟენევის წლევანდელ საავტომობილო შოუებზე, 30 კონცეპტუალური მიკროავტომობილი იყო წარმოდგენილი. ამასთან, ასეთ კონცეპციებში, მეტწილად ალტერნატიულ ენერგიის წყაროზე მომუშავე ძალური დანადგარებია გამოყენებული.

„მეგაქალაქების განვითარება და მათში სატრანსპორტო არხების გადატვირთვა, საქალაქო ავტომობილებისადმი მიდგომის ახალ ტრენდს აყალიბებს, რომელიც აუცილებლად საჭიროებს გათვალისწინებას. რა თქმა უნდა, ამ კუთხით, მთავარი აქცენტი მცირე გამონაბოლქვს და საწვავის მოხმარების შემცირებაზე კეთდება. ეს კი კომპანიებს, ევროპული ბაზრისთვის მიკროავტომობილების წარმოებისკენ უბიძგებს“, - ამბობს „ფროსტ ენდ სალივენის“ ინდუსტრიული ანალიტიკოსი ვიშვას შანკარი.
მიკროავტომობილებთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევები, ასეთი მანქანების დაბალ სიჩქარეს და სვლის შედარებით მცირე სიშორეს უკავშირდება. ამასთან, ასეთი ავტომობილების სამი მეოთხედი ელექტრული ძალური დანადგარით აღიჭურვება. ეს კი ძვირი სიამოვნებაა. თუმცა არსებობს გამოსავალი, რომლის დანერგვასაც „რენო“ და ამერიკულ-ებრაული კორპორაცია „ბეტერ პლეისი“ ცდილობენ.
და, რაც მთავარია, ჯუჯა ავტომობილების სეგმენტის გაზრდა, აუცილებლად გამოიწვევს ისეთი პატარა კომპანიების აღზევებას, როგორებიცაა ფრანგული „აიქსამ მეგა“ და „ლიჟიე მიკროქარი“. ასეთი კომპანიები მიკროავტომობილების ბაზარზე ძველი მოთამაშეები არიან, მაგრამ ამ სეგმენტის არაპოპულარობის გამო, ისინი ბევრისთვის უცნობია. თუმცა, მალე ყველაფერი შეიცვლება. მათ კი გვერდში ისეთი ვეშაპები ამოუდგებიან, როგორებიცაა „რენო“, „PSA პეჟო სიტროენი“, „ტატა“ და „ჯენერალ მოტორსიც“ კი...

No comments:

Post a Comment