Thursday, August 25, 2011

”სუპერსპორტი” - ტაილანდური სათამაშო სატრეკო დღეებისთვის

Thailand’s 999Motorsports Unveils Track-Day 300HP Lightweight Sportscar
25 აგვისტო
ეს მანქანა მოგეწონათ და სათაურს არ დაუჯერეთ? იმიტომ, რომ ფიქრობთ, სად ტაილანდი და სად სარბოლი ავტომობილი? მაგრამ სათაურში შეცდომა არაა - მანქანა, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, ტაილანდურ კომპანია ”999 მოტორსპორტსის” მიერაა შექმნილი. თურმე ნუ იტყვით და ეს ამ კომპანიისთვის მეორე ავტომობილია. პირველისთვის ”ჰაკერი” დაურქმევიათ. სახელის გამო ნუ იფიქრებთ, რომ ის რომელიმე ცნობილი სპორტული ავტომობილის ტაილანდური გადამღერება იყო. არა - საკმაოდ უცნაური, თუმცაღა ორიგინალური გარეგნობით გამოირჩეოდა.

”სუპერსპორტის” გარეგნობაც ასეთია - ორინალური. სამაგიეროდ, მას ტრადიციული აგებულება აქვს: ფოლადის მილებისგან შეკრულ შასიზე დგას, ტანი კი კარბონისა და შუშის ბოჭკოს კომპოზიტითაა დამზადებული. ამის შედეგია ის, რომ ავტომობილი სულ რაღაც, 950 კილოგრამს იწონის. მისი გაბარიტებია: სიგრძე 4210 მილიმეტრი, სიგანე 1850 მილიმეტრი, სიმაღლეზე მწარმოებელი არაფერს გვატყობინებს (ალბათ რელიზში მისი ჩაწერა გამორჩათ), ბაზა 2460 მილიმეტრი, წინა და უკანა ბორბლების კვალი (შესაბამისად) 1580 და 1540 მილიმეტრი, საწვავის ავზის მოცულობა - 55 ლიტრი.
ავტომობილის შუაში, უფრო უკანა ღერძისკენ, ”ჯენრალ მოტორსის” წარმოების ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ტურბოძრავია (სერია ეკოტეკი) ჩადგმული, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე 300 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 350 ნიუტონმეტრია. ძრავთან შეწყვილებულია 5-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორი დინამიკური მახასიათებლები აქვს ”სუპერსპორტს”.
ავტომობილი ასევე აღჭურვილია: გაზრდილი ცვეთადობის დიფერენციალით, რეგულირებადი ამორტიზატორებით, განივი მდგრადობის რეგულირებადი სტაბილიზატორით, სარბოლი სავარძლებით და სუაფრთხოების ექვსწერტილოვანი ღვედებით. რამდენადაც ის სატრეკო დღეებისთვისაა განკუთვნილი, მის სალონში ცეცხლის საქრობსაც ნახავთ. ავტომობილი ალუმინის შენადნობისგან ჩამოსხმულ 18-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებშიც ექვსცილინდრიანი სამუხრუჭე სისტემები მოთავსდა. წინა მუხრუჭების დისკოების დიამეტრი 320 მილიმეტრია, უკანებისა კი - 285 მილიმეტრი.
”999 მოტორსპორტსს” თავისი სარბოლი ავტომობილის ფასი არ გამოუქვეყნებია.

No comments:

Post a Comment