Saturday, August 13, 2011

პლაგ-ინ ჰიბრიდულ ”ტოიოტა პრიუსს” ფრანკფურტში ვნახავთ

Toyota to Debut 2012 Prius Plug-in Hybrid at the Frankfurt Motor Show
13 აგვისტო
დიდი ხანია, ”ტოიოტა” ჰიბრიდულ ”პრიუსს” უშვებს, რომელიც მთელს მსოფლიოში, უკვე თითქმის ორი მილიონია გაყიდული. მაგრამ ბაზარზე ელექტრომობილ ”ნისან ლიფის” და პლაგ-ინ ჰიბრიდული ”შევროლე ვოლტის” გამოსვლამ, ”პრიუსის” პლაგ-ინ ჰიბრიდული ვერსიის წარმოების აუცილებლობაც შექმნა. და იაპონურმა კომპანიამაც, ბაზრის მოთხოვნაზე რეაგირება არ დააგვიანა - ფრანკფურტის მოტორ შოუზე, სწორედ ასეთი ავტომობილის, (თანაც წარმოებისთვის მომზადებულის) პრემიერა გაიმართება.
ჩვეულებრივი ”პრიუსისგან”, მისი პლაგ-ინ (ეს არის სისტემა, რომელიც აკუმულატორების საყოფაცხოვრებო ქსელიდან დამუხტვის საშუალებას იძლევა) ვერსია იმით განსხვავდება, რომ ის ნიკელ მეტალ ჰიდრიდულთან (რომელსაც ჩვეულებრივ პრიუსზე იყენებენ) შედარებით კომპაქტური, ლითიუმ-იონური აკუმულატორებითა და პლაგ-ინ სისტემითაა აღჭურვილი.

დანარჩენი კი თითქმის ყველაფერი იგივეა. კერძოდ, ჰიბრიდულ სისტემაში გაერთიანებულია ბენზინის 1.8-ლიტრიანი ძრავი (სიმძლავრე 98 ცხენის ძალა) და ელექტროძრავი, რომელიც 80 ცხენის ძალას იძლევა. პლაგ-ინ ”პრიუსს” 100 კილომეტრის გასავლელად 2.2 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში მხოლოდ 49 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. შედარებისთვის, ჩვეულებრივი ”პრიუსის” ანალოგიური მაჩვენებლებია 3.9 ლიტრი და 89 გრამი.

ამასთან, ახალ ”პრიუსს” სხვა მაჩვენებლებიც უკეთესი აქვს. მაგალითად, მხოლოდ ელექტროძრავით მას 20 კილომეტრის გავლა შეუძლია, როცა ჩვეულებრივი მხოლოდ ორ კილომეტრს გადის. საყიფაცხოვრებო ქსელიდან აკუმულატორების დასამუხტად მხოლოდ 1.5 საათია საჭირო. ამასთან, ელექტროძრავით გადაადგილებისას, ავტომობილის სიჩქარე 100 კმ/სთ-ს აღწევს.

”ტოიოტა” ჯერ არ ამბობს, თუ რამდნია პლაგ-ინ ”პრიუსის” სვლის სიშორე, როცა ის კომბინირებულად (ელექტრო და შიდაწვის ძრავების მონაცვლეობით) მუშაობს. ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციას, იაპონური კომპანია ფრანკფურტში, ავტომობილის მსოფლიო პრემიერისას გაგვაცნობს.

ევროპულ და ამერიკულ ბაზრებზე, პლაგ-ინ ჰიბრიდულ ელექტრომობილ ”პრიუსის” გაყიდვები ჟენევის ავტო შოუს შემდეგ დაიწყება.

No comments:

Post a Comment