Tuesday, September 6, 2011

”ჰიუნდაიმ” ახალი i30 გვაჩვენა

Hyundai Lifts the Covers Off its Focus-Rivaling i30 Hatch
6 სექტემბერი

ფრანკფურტის მოტორ შოუს გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, ”ჰიუნდაიმ” თავისი მთავარი საგამოფენო სიახლის - C სეგმენტის ჰეჩბეკ i30-ის ფოტოები გაავრცელა. ამ ავტომობილით, რომელიც კომპანიის რიუსელსჰაიმის (გერმანია) ტექნიკურ ცენტრშია შემუშავებული, კორეელები კონკურენციას ისეთ პოპულარულ ავტომობილებს გაუწევენ, როგორებიცაა ”ფოლკსვაგენ გოლფი”, ”ფორდ ფოკუსი” და ”რენო მეგანი”.

ახალი ავტომობილი, კორეული კომპანიის კორპორატიულ სტილშია შესრულებული, რომელიც ”თხიერი სკულპტურის” სახელითაა ცნობილი. ამასთან, ამ სტილს რამდენიმე ახალი ელემენტი (მაგალითად, რადიატორზე) აქვს დამატებული. ავტომობილს დინამიურ და ოდნავ აგრესიულ იერს სძენს წინ ბორბლების ძლიერ დაბერილი თაღები, რომელთა ზედა ნაწილამდც, ფარებია გაწელილი. კაპოტი კი ოდნავ ჩაზნექილია, რაც ჰაერის ნაკადის მოწესრიგების საშუალებას იძლევა.

ინტერიერი ”ჰიუნდაის” ერთ-ერთი ბოლო ქმნილების, კუპე ”ველოსტერის” სტილშია შესრულებული. აქ ყურადღებას იქცევს ცენტრალური კონსოლი, რომლის თავზეც მრავალფუნქციური მონიტორი მოთავსდა, მის ორივე მხარეს კი - სავენტილაციო ”ლაყუჩები”.
ფრანკფურტში i30 ხუთკარიანი ჰეჩბეკის ძარით წარსდგება. მწარმოებელი მყიდველს ბენზინის და დიზელის ეკონმიური ოთხცილინდრიანი ძრავების ფართო არჩევანს შესთავაზებს. მათგან ყველაზე ეკონომიური და ეკოლოგიურია 1.6-ლიტრიანი დიზელი (სერია ბლიუ), რომელიც ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში 100 გრამზე ნაკლებ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
ცნობისათვის, ”ჰიუნდაიმ” i30-ის წარმოება 2007 წელს დაიწყო. ავტომობილს ჩეხეთში აწარმოებენ. შარშან ეს ავტომობილი 115 000-მა ადამიანმა შეიძინა, რაც კორეული კომპანიის რეკორდია (ევროპის ბაზარზე) ცალკე აღებული მოდელისთვის. სულ კი, წარმოების დაწყებიდან დღემდე, 350 000 ცალი i30 გაიყიდა.
ამ ავტომობილის შესახებ, რომელიც უშუალოდ ეროპული ბაზრისთვისაა განკუთვნილი, უფრო მეტ ინფორმაციას ”ჰიუნდაი” ფრანკფურტის შოუს გახსნამდე გვპირდება.

2 comments: