Friday, October 28, 2011

”აუდი” კონცეპტუალურ ელექტრომობილ ”ურბანს” გამოუშვებს

Audi Urban Concept
28 ოქტომბერი
”აუდი” კონცეპტუალურ ელექტრომობილ ”ურბანის” სერიულ წარმოებას გეგმავს. ეს ავტომობილი გერმანულმა კომპანიამ ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგინა და სპეციალისტების და დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. მას შემდეგ, პატარა, ღიაბორბლიანი ელექტრომობილი ბრიტანულ გამოცემა ”ქარ-ის” ჟურნალისტებმა გამოსცადეს და მათვე შეიტყვეს, რომ ”აუდი” მის წარმოებას გეგმავს.
ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ”აუდი” მხოლოდ 999 ცალი ”ურბანის” გამოშვებას აპირებს, თითოეულის ღირებულება კი 9999 ევრო იქნება. არაა გამორიცხული, რომ ამ ავტომობილის წარმოება ინგოლშტადტელთა სპორტულმა შტო ”კვატრომ” ითავოს. არც ისაა გამორიცხული, რომ მისი წარმოება რომელიმე სხვა კომპანიას, მაგალითად ”მაგნა შტეირს” შეუკვეთონ. სავარაუდდ, ავტომობილის მიწოდება 2013 წელს დაიწყება.
ფრანკფურტში ნაჩვენები ავტომობილი ორი მცირე ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელთა ჯამური სიმძლავრე მხოლოდ 20 ცხენის ძალაა. თუმცა, ავტომობილს, რომელიც ”ქარ-ის” ჟურნალისტებმა გამოცხადეს, 40 ცხენის ძალა ემსახურება და სავარაუდოდ, სერიული ავტომობილის სიმძლავრე ამაზე ნაკლები არ იქნება.
სხვა აგრეგატები ჯერჯერობით უცვლელია. ესაა ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი, რომელიც 7.1 კილოვატსაათ ელექტროენერგიას იტევს და ერთსაფეხურიანი ტრანსმისია. ”ურბანის” ძარა კი ალუმინისა და კარბონის კომპოზიტის ნაზავს წარმოადგენს, რომელიც ძალიან მსუბუქია. ამის წყალობით, ავტომობილი მხოლოდ 480 კილოგრამს იწონის.
”ურბანის” ფრანკფურტისვე ვარიანტი ადგილიდან 65 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 6 წამში ასწრებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 100 კმ/სთ-მდეა. აკუმულატორის ტევადობა დაახლოებით 50 კილომეტრის გასავლელადაა საკმარისი. საყოფაცხოვრებო ქსელიდან მის სრულ დამუხტვას ორი საათი ჰყოფნის, სწრაფად დამმუხტავს კი ამისათვის 20 წუთი ჰყოფნის.
”აუდი” აცხადებს, რომ ეს მონაცემები ჯერ საბოლოო არაა, რადგან მისი ინჟინრები ჯერაც სხვადასხვა აგრეგატს ცდიან და ამ ეტაპზე, ძრავისა და აკუმულატორის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტის შერჩევით არიან დაკავებულნი.

No comments:

Post a Comment