Wednesday, November 2, 2011

”პეჟო 208” - პატარა ლომი წარმოებისთვის მზადაა

First Official Photos of New Peugeot 208 Supermini
2 ნოემბერი
კომპანია ”პეჟომ” თავის ახალ სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ 208-ს ფოტოები და მის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ეს ავტომობილი ბაზარზე მერმისს, გაზაფხულზე გამოვა და ის პოპულარულ 207-ს შეცვლის. პირველ რიგში, შოურუმებში სამ და ხუთკარიანი 208 გამოჩნდება, დროთა განმავლობაში კი გამას სხვა ტიპის ძარიანი (კუპე, სედანი და სხვა) მოდელებიც შეავსებს.
რა თქმა უნდა, ახალი ავტომობილის გარეგნობა ”პეჟოს” ახალ კორპორატიულ სტილშია შესრულებული, რომელსაც არასწორი ექვსკუთხა ფორმის რადიატორი აქვს. უკნიდან კი ყურადღებას უცნაური მოყვანილობის უკანა ფარები იქცევს, რომლებმაც შესაძლოა, არწივის თავი გაგახსენოთ.
207-თან შედარებით, 208 გაბარიტებში ოდნავ შემცირებულია. კერძოდ, 70 და 10 მილიმეტრითაა შემცირებული მისი სიგრძე და სიგანე. თუმცა, კომპანია ირწმუნება, რომ ამით ინტერიერის მოცულობა არ შემცირებულა. უცვლელი დარჩა ბორბლებს შორის ბაზა - 2540 მილიმეტრი.
სამაგიეროდ, ოდნავ (0.30-დან 0.29-მდე) შემცირდა აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი. 15 ლიტრით, 285 ლიტრამდე გაიზარდა საბარგულის მოცულობა. სამაგიეროდ, მსუბუქი მასალების გამოყენების წყალობით, 208 წინამორბედზე 110 კილოგრამით მსუბუქია და 975 კილოგრამს იწონის (საბაზო კომპლექტაციით).
ფრანგული კომპანია გვამცნობს, რომ 208-ს კონსტრუქციაში გამოყენებული მასალების 25 პროცენტი ან ეკოლოგიურად სუფთაა, ან მეორად გადამუშავებას ექვემდებარება. ამ მასალების უმეტესობა პოლიმერული კომპოზიციაა, ან ბუნებრივი წარმოშობისაა. 208 იმავე პლატფორმას იყენებს, რომლებზეც ნათესავი ”სიტროენის” C3 DS3 რის ბაზირებული.
”პატარა ლომების” აღჭურვისთვის, დიზელის ხუთი და ბენზინის ორი ძრავია გათვალისწინებული. ბენზინზე მომუშავე აგრეგატები სამცილინდრიანია, მათი მუშა მოცულობა კი 1.0 და 1.2 ლიტრია. ჯერჯერობით, მათი ტექნიკური მახასიათებლები არ ქვეყნდება. სავარაუდოდ, მათი სიმძლავრე 75 და 100 ცხენის ძალა იქნება, 100 კილომეტრის გასავლელად ისინი შესაბამისად, 3.4 და 4.3 ლიტრ ბენზინს დაწვავენ, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში გამოყოფილი CO2-ის დოზა 100 გრამზე მეტი არ იქნება.
რაც შეეხება დიზელებს, მათ შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ზოგიერთი მათგანი ჰიბრიდული ტექნოლოგიებითაც დაკომპლექტდება, როგორიცაა სისტემა სტარტ-სტოპი. დიდი ალბათობით შეიძლება ვარაუდი, რომ მომავალში, 208-ს GTi ვერსიაც გამოვა.
ბაზარზე 208-ს სამკარიან ვერსიას კონკურენტებად ”აუდი A1”, ”ფიატ 500” და ”მინი” დახვდებიან, ხუთკარიანს კი, რომელსაც საოჯახო ავტომობილის იმიჯი ექნება, ძველი კონკურენტები (B კლასის სეგმენტში) – ”ფოლკსვაგენ პოლო”, ”ოპელ კორსა”, ”ფორდ ფიესტა” და სხვა, ეყოლება.

No comments:

Post a Comment