Thursday, November 3, 2011

”ფოლკსვაგენი” წელსვე მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი გახდება

VW likely to pass Toyota as top carmaker this year
2 ნოემბერი
პირველი ცხრა თვის მონაცემების მიხედვით, ”ფოლკსვაგენის” ჯგუფი წელს გაყიდვების მოცულობის მიხედვით, მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი გახდება. ის გადაასწრებს შარშანდელ ლიდერ ”ტოიოტას” და ”ჯენერალ მოტორსს”. და ამაში გერმანულ გიგანტს განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე, მისი პროდუქციისადმი მოთხოვნის სწრაფი ზრდა დაეხმარება.
სააგენტო ბლუმბერგის მონაცემებით, წელს ”ფოლკსვაგენის” ჯგუფის გაყიდვები 13 პროცენტით მომატებს და 8.1 მილიონს მიაღწევს. შედარებისთვის, ”ჯენერალ მოტორსის” გაყიდვების ზრდა 8-პროცენტიანი იქნება და 7.55 მილიონს მიაღწევს. რაც შეეხება ”ტოიოტას”, მისი გაყიდვები 9 პროცენტით, 7.27 მილიონამდე დაიწევს.
”JD პაუერ ენდ ესოშიეიტიდსის” პროგნოზით, გაყიდვები გაორმაგდება ინდოეთში, ჩინეთში კი ზრდა 20 პროცენტს მიაღწევს. ამ მხრივ, ცუდ დღეშია ”ტოიოტა”, რომელსაც სტიქიამ ჯერ იაპონიაში მოხდარი დამანგრეველი მიწისძვრა და ცუნამი არ აკმარა და ახლახანს, ტაილანდში მომხდარმა წყალდიდობამაც ძლიერ დააზარალა. ამ წყალდიდობის გამო, იაპონურმა კომპანიამ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში თითქმის ყველა საწარმო გააჩერა.
”განვითარებად ბაზრებზე, ავტომობილებზე მოთხოვნის ზრდის უზარმაზარი რესურსი არსებობს და ეს რესურსი დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება. ”ფოლკსვაგენმა” ეს დროულად გააცნობიერა, ამ ბაზრებისკენ დიდი ძალისხმევა მიმართა და ახლა ამის შედეგს იმკის”, - ამბობს ”JD პაუერის” შანჰაის ოფისის, ბაზრის უფროსი ანალიტიკოსიჯენი გუ.
თუმცა, არსებობს სხვა პროგნოზებიც. მაგალითად, ”HIS ავტომოტივის” გათვლებით, ჩინურ SAIC-თან ერთობლივი საწარმოს მიერ წარმოებულ ავტომობილების გათვალისწინებით, წელს ყველაზე მეტ ავტომობილს ”ჯენერალ მოტორსი” გაჰყიდის. ამ მაჩვენებლებით, ”ფოლკსვაგენი” მეორე ადგილს დაიკავებს, ”ტოიოტა” კი მესამე იქნება.
”ფოლკსვაგენი” მსოფლიო ბაზრის ლიდერობის მოპოვებას 2018 წელს გეგმავს, თუმცა წელს მომხდარმა მოვლენებმა და ჩინეთში გაყიდვების ძალიან სწრაფმა ზრდამ, ამ გეგმის შესრულება დააჩქარა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მოპოვებული ლიდერობის შენარჩუნება ადვილი იქნება. ასეთი ვარაუდის საბაბს ის ფაქტი იძლევა, რომ მიწისძვრა რომ არა, ”ტოიოტას” წელს 8.4 მილიონი ავტომობილის გაყიდვის რეალური შანსი ჰქონდა. ამის გამო, ”ფოლკსვაგენის” გაყიდვებიც შემცირდებოდა და ამ ორი კომპანიის მონაცემებს შორის სხვაობა რამდენიმე ასეულ ათასს მიაღწევდა.
და მაინც, ”JD პაუერი” ვარაუდობს, რომ გერმანული კომპანია მერმისსაც იაპონურზე 50 000 ავტომობილით მეტს გაჰყიდის. ასეთი ვარაუდის საბაბს კი ის გარემოება იძლევა, რომ ”ფოლკსვაგენი” და მის ჯგუფში შემავალი ”აუდი” და ”შკოდა” მნიშვნლოვნდ აფართოებენ თავიანთ საწარმოო პოტენციალს და სადილერო ქსელს. ბაზარზე გამოდის რამდენიმე ახალი მოდელი, რომლებმაც გაყიდვები მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს. განსაკუთრებულ ყურადღებას კი ეს სამი კომპანია ჩინურ ბაზარს უთმობს.

პირველი ჩინეთში და მასობრივი ინვესტიციები
ჩინეთი დღეისათვის მსოფლიოს უდიდესი ბაზარია. შარშან იქ 18 მილიონზე მეტი ავტომობილი გაიყიდა. და ეს მაჩვენებელი წელსაც გაიზრდება. ”ფოლკსვაგენი” წელს იქ ალბათ 2.3 მილიონ ავტომობილს გაჰყიდის და ცისქვეშეთში ლიდერობას შეინარჩუნებს. ინდურ ბაზარზე კი გაყიდვების მოცულობა 116 000-ს მიაღწევს. ჯამში, ორივე ქვეყანაზე, ”ფოლკსვაგენის” მიერ გაყიდული ავტომობილების თითქმის მესამედი მოვა.
ასეთი მაჩვენებლების მიღწევაში, ”ფოლკსვაგენს” უზარმაზარი ინვესტიციები ეხმარება. გერმანული კომპანია საკუთარ და მის ჯგუფში შემავალი 60-ზე მეტ ქარხანას, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, 62.4 მილიარდ ევროს (დაახლოებით 87 მილიარდ დოლარს) მოახმარს. საბოლოოდ, ასეთი ფართო საინვესტიციო პროგრამის წყალობით, 2018 წელს გაყიდვების მოცულობა 10 მილიონს მიაღწევს. სხვათა შორის, ამ საინვესტიციო გეგმაში არ შედის ჩინური ერთობლივი საწარმოები, რომლებზეც დამატებით 14 მილიარდი ევროს ინვესტირება იგეგმება. ყოველივეს გამო, არაა გამორიცხული, რომ გერმანულმა გიგანტმა დასახულ მიზანს სამი წლით ადრე მიაღწიოს.
”ფოლკსვაგენი პირველი უცხოური კომპანიაა, რომელიც ჩინურ ბაზარზე გამოჩნდა. ეს 30 წლის წინ მოხდა. მალე გერმანული კომპანია იქ კიდევ ორ ახალ ქარხანას გახსნის, რაც მას წლიური წარმოების მოცულობის 3 მილიონამდე გაზრდის საშუალებას მისცემს.
ცისქვეშეთში წარმოების გაზრდაზე ”აუდიც” ზრუნავს, რომელსაც იქ ერთი ახალი ქარხნის ამოქმედება აქვს გეგმაში. ამის წყალობით, ინგოლშტადტელები 2015 წლისთვის ჩინეთში წარმოების მოცულობას 700 000-მდე გაზრდიან.
თუმცა, არსებობს პრობლემებიც, რომლებიც იაპონურ კომპანია ”სუძუკისთან” ურთიერთობაში წარმოიქმნა. ეს უთანხმოება იმ ფაქტმა გამიწვია, რომ ”სუძუკიმ” ”ფიატთან” კონტრაქტი გააგრძელა. ამ კონტრაქტით, ის იტალიური კომპანიისთვის, უნგრეთში ძრავების წარმოებას გააგრძელებს. იაპონურ კომპანიასთან წარმოქმნილი სირთულეები, ”ფოლკსვაგენს” ინდურ ბაზარზე ფეხის მოკიდებას გაურთულებს - მსოფლიოს მეორე ყველაზე ხალხმრავალ ქვეყანში, ინდურ ”მარუტისთან” ერთად, ”სუძუკის” წამყვანი პოზიცია უკავია.
გერმანულ კომპანიასთან ურთიერთობით უკმაყოფილოა ”სუძუკიც”, რომელსაც თანაალიანსელის მოწინავე ტექნოლოგიებზე ხელი ჯერაც არ მიუწვდება. არადა, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულება, სწორედ ამას ითვალისწინებს. მოკლედ, ”სუძუკი” კონტრაქტის გაუქმებას და ”ფოლკსვაგენისთვის” მიყიდული აქციების გამოსყიდვას მოითხოვს, თუმცა გერმანული კომპანია ამას არ აპირებს.

კონკურენტები
”ტოიოტას” მიწისძვრა და ცუნამი, რამდენიმე თვის განმავლობაში, წარმოების მნიშვნელოვნად შემცირებად დაუჯდა. მანამდე კი ტექნიკური უწესივრობების გამო, იაპონურ გიგანტს, მთელს მსოფლიოში, მილიონობით ავტომობილის გახმობამ მოუწია. საქმე იქამდც კი მივიდა, რომ შარშან წარმოებული ავტომობილებზე მეტი ავტომობილი სარემონტოდ გაიხმო. თუმცა, ის წელი მაინც პირველ ადგილზე დაასრულა. ახლა კი პრობლემებს ტაილანდის წყალდიდობაც დაერთო, რომლის მსგავსიც ამ ქვეყანას ნახევარი საუკუნის განმავლობაში არ დასტეხია თავს.
რაც შეეხება ”ჯენერალ მოტორსს”, გაყიდვების ზრდას, ისიც განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე აქტიურობით ახერხებს. ამერიკული გიგანტი განსაკუთრებით ძლიერ პოზიციებს ჩინეთში და ბრაზილიაში ინარჩუნებს და ინდოეთსაც სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს.
”ჯენერალ მოტორსი” ამერიკაზე მეტ ავტომობილს ჩინეთში ჰყიდის, სადაც SAIC-თან ერთად, ”შევროლესა” და ”ბიუიკის” მოდელებს აწარმოებს. ”ფოლკსვაგენის” მსგავსად, წელს ჩინთში გენერლებიც გადალახავენ ორმილიონიან ზღვარს. და ეს ტრენდი მომავალ წელსაც გაგრძელდება.

No comments:

Post a Comment