Wednesday, November 16, 2011

„კადილაკმა“ ახალი ფლაგმანი გვიჩვენა

2013 Cadillac XTS looms large over lineup
16 ნოემბერი
მას შემდგ, რაც „კადილაკმა“ თავისი ფლაგმანი სედანი DTS ისტორიას ჩააბარა, კომპანია ლუქსის კლასის მოდელის გარეშე დარჩა, რაც მის ისტორიაში პირველად მოხდა. მაგრამ „ჯენერალ მოტორსი“ ამ პრობლემას მალე გამოასწორებს – მერმისს ბაზარზე სრულიად ახალ ფლაგმანს, სედან XTS–ს გამოუშვებს. ეს ავტომობილი „კადილაკის“ ახალ სტილშია შესრულებული, რომელსაც „ხელოვნება და მეცნიერებას“ უწოდებენ. ამ სტილის დამახასიათებელი ნიშნებია წახნაგოვანი ფორმები და ამ კომპანიისთვის მთავარი საფირმო დეტალი – ტრაპეციის ფორმის რადიატორი.
ახალი ფლაგმანის ზომებია: სიგრძე 5131 მილიმეტრი, სიგანე 1851 მილიმეტრი, სიმაღლე 1501 მილიმეტრი, ბორბლებს შორის ბაზა კი – 2837 მილიმეტრი. გრძელი ბაზის წყალობით, სალონი ძალიან ფართე გამოვიდა. მაგალითად, უკანა მგზავრების ფეხებისთვის ადგილი 1016 მილიმეტრია. ეს კი, „ბეემვეს“ მე–5 სერიის და „მერსედეს ბენცის“ E–კლასის სედანების შესაბამის ზომებზე თითქმის 100 მილიმეტრით მეტია. რაც შეეხება XTS–ის საბარგულს, მისი მოცულობა 509 ლიტრია. ეს უფრო მეტია, ვიდრე „აუდი A8–ს“ საბარგულის მოცულობა.
სედანის საბაზო ვერსია აღჭურვილია ბენზინის 3.6–ლიტრიანი V6 აგრეგატით, რომელიც საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების სისტემის დახმარებით, 300 ცხენის ძალას და 358 ნიუტონმეტრს (5300 ბრ/წთ–ზე) ავითარებს. ძრავთან შეწყვილებულია 6–საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი (სერია ჰიდრა–მატიკ), რომელსაც მექანიკურ რეჟიმში მუშაობაც შეუძლია. „კადილაკი“ ამ ავტომობილის დინამიკურ მახასიათებლებს ჯერჯერობით არ აქვეყნებს.
ავტომობილის წინა ნაწილი მაკფერსონის ტიპის მოდერნიზებულ საკიდარზე დგას, რომელსაც მობრუნების განცალკევებული მუშტები და ზედა ორმაგი სამაგრები აქვს. ასეთი სამაგრები, ბორბლისგან მიღებულ დატვირთვას, ძარაზე თანაბრად ანაწილებს. უკან კი H-ფორმის ბერკეტები და პნევმო ამორტიზატორებია გამოყენებული. საკიდარის მუშაობას აკონტროლებს სისტემა „მაგნეტიკ რაიდ კონტროლი“, ავტომობილის დამუხრუჭებას კი „ბრემბოს“ სისტემა უზრუნველყოფს.
შესაძლებელი იქნება როგორც წინაამძრავიანი, ასევე სრულამძრავიანი XTS–ის შეკვეთა. გარდა ამისა, ოპციის სახით მყიდველს შესთავაზებენ შეჯახების გამაფრთხილებელ სისტემას, ეგრეთ წოდებული „ბრმა ზონების“ კონტროლის სისტემას და ადაპტირებად კრუიზ–კონტროლს.
ახალი სედანის პრემიერა ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე შედგა, მას კი „ჯენერალ მოტორსის“ კანდური საწარმო გამოუშვებს, რომელიც ქალაქ ოშავაში (შტატი ონტარიო) მდბარეობს.

No comments:

Post a Comment