Wednesday, November 16, 2011

„ფოლკსვაგენს“ „პორშეს“ შეძენა სურს

Volkswagen seen buying Porsche automaker to salvage merger
15 ნოემბერი
ორი გერმანული კომპანიის გაერთიანება გაჭიანურდა. მათ გაერთიანების თაობაზე შეთანხმებას ჯერ კიედვ ორი წლის წინ მიაღწიეს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, ამას აქამდე ვერ ახერხებენ. ამიტომ, არაა გამორიცხული, რომ ვოლფსბურგულმა გიგანტმა, „პორშეს“ ის შტო გამოისყიდოს, რომელიც სპორტული ავტომობილების წარმოებაზეა ორიენტირებული.
ევროპის უდიდესი ავტომწარმოებლის სამეთვალყურეო საბჭო ცდილობს, რომ „პორშეს“ შემოერთება დააჩქაროს. ამიტომ, გაერთიანების ალტერნატიულ გზებს ეძებს. სწორედ ასეთ გზადაა დასახული მისი აქციების საკონტროლო პაკეტის შეძენა. ეს ინფორმაცია, გამოცემა „აუტომოტივ ნიუს იუროპს“ საბჭოს წევრმა ორმა პირმა აცნობა, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს.
„ორი კომპანიის მომავალი ერთიანი სტრუქტურა, მათს ხელმძღვანელებზეა დამოკიდებული. „ფოლკსვაგენი“ ძირეულადაა დაინტერესებული, რომ „პორშე“ მის სტრუქტურაში შედიოდეს და ეს საკითხი, რაც შეიძლება, მალე მოგვარდეს“, – ამბობს ფრანკფურტში ბაზირებული ანალიტიკური კომპანია „ბანკჰაუს მეტცლერის“ ექსპერტი იურგენ პიპერი.
ცნობისათვის, „პორშეს“ვოლფსბურგული გიგანტის აქციების 51 პროცენტი ეკუთვნის, „ფოლკსვაგენის“ ხელში კი შტუტგარტული კომპანიის ავტომწარმოებელი შტოს 49.9 პროცენტია. „ფოლკსვაგენის“ მთავარი აღმასრულებელი მარტინ ვინტერკორნი დაინტერესებულია, რომ „პორშე“ თავისი კომპანიის ოჯახში მოაქციოს, რაც მას მსოფლიო პირველობის რაც შეიძლება სწრაფად მოპოვებაში დაეხმარება.
საინტერესოა, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, „პორშეს“ მოგების მარჟამ 19 პროცენტი შეადგინა. შედარებისთვის, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის მოგების საშუალო მარჟა 7.7 პროცენტია. მთლიანობაში კი ორივეს თითქმის ერთნაირი მოგება აქვთ. არადა, „პორშე“ გაცილებით მცირე რაოდენობით ავტომობილს ჰყიდის – თუ „ფოლკსვაგენის“ წლიური გაყიდვების მოცულობა თითქმის 7 მილიონი ავტომობილია, „პორშე“ 2018 წლისთვის, თავისი გაყიდვების 200 000–მდე გაზრდას გეგმავს.
გარდა იმისა, რომ „პორშეს“ მიერთების შემდეგ, „ფოლკსვაგენის“ მოგების მარჟა გაიზრდება, გაერთიანება მისთვის იმითაცაა ხელსაყრელი, რომ შტუტგარტელთა პლატფორმების თავის სტრუქტურაში ინტეგრირების შემდეგ, წლიურად დაახლოებით 700 მილიონი ევროს დაზოგვა იქნება შესაძლებელი – „პორშეს“ პლატფორმებს „აუდი“, „ლამბორგინი“, „ბენტლი“ და „ბუგატიც“ გამოიყენებენ და პირიქით – „პორშეც“ დიდ ხეირს მიიღებს ამ კომპანიებთან ნათესაობით.
„ფოლკსვაგენს“ „პორშესთან“ გაერთიანება 2009 წლიდან სურს, მაგრამ აშშ–ს მართლმსაჯულებამ ეს არ დაუშვა. საქმე ისაა, რომ აქციებით მოვაჭრე ამერიკელმა კომერსანტებმა იჩივლეს, რომ „პორშემ“ „ფოლკსვაგენთან“ დადებული შეთანხმებით, ამ უკანასკნელის აქციების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. მოგვიანებით კი, იმ ინვესტორებმა, რომლებმაც ვოლფსბურგული გიგანტის გაძვირებული აქციები შეიძინეს, მთლიანობაში 1 მილიარდი დოლარი დაკარგეს, რადგან აქციების ფასი სწრაფადვე შემცირდა. სწორედ ამიტომ, აშშ–ის და გერმანიის პროკურატურებმა, ამ ორი კომპანიის გაერთიანებას წითელი შუქი აუნთო.
მაგრამ არსებობს ალტერნტივაც, რომელიც „ფოლკსვაგენის“ მიერ „პორშეს“ აქციების სრულად შესყიდვას გულისხმობს. ამ შემთხვევაში, ვოლფსბურგელებს 3.9 მილიარდი ევროს გადახდა მოუწევთ და ისინი „პორშეს“ ერთპიროვნული აქციონერები გახდებიან. პარალელურად, „პორშეს“ ხელში ისევ დარჩება „ფოლკსვაგენის“ აქციების საკონტროლო პაკეტი. სააგენტო ბლუმბერგმა, ათი წამყვანი ანალიტიკოსი გამოკითხა, რომელთაგან ხუთმა განაცხადა, რომ მოვლენათა ამგვარად განვითარება რეალურია.
„ფოლკსვაგენის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ფერდინანდ პიხი, ვინც დიდი ფერდინანდ პორშეს ოჯახის წევრია, ყველაზე აქტიურად ლობირებს ორი კომპანიის (რომლებსაც თავის დროზე, საფუძველი ფერდინანდ პორშემ ჩაუყარა) გაერთიანებას. ამის გამო, მან გზიდან თავისი ბიძაშვილი ვოლფგანგ პორშეც კი ჩამოიშორა, რომელიც ამ საქმეში ხელის შემშლელი ფიგურა იყო.
ორი წლის წინ, „პორშემ“ 10 მილიარდი ევროს კრედიტი აიღო და ფულით, „ფოლკსვაგენის“ გამოსყიდვას ცდილობდა. არადა, ვოლფსბურგელები ერთ კვირაში იმაზე მეტ ავტომობილს აწარმოებენ, ვიდრე „პორშე“ მთელი წლის განმავლობაში. მართალია, „პორშემ“ „ფოლკსვაგენის“ აქციების ინტენსიურად შესყიდვა დაიწყო, მაგრამ ფულადი რესურსი არ ეყო და საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. ამიტომ, შტუტგარტულ კომპანიას დიდი ვალი დაედო, რითაც ისარგებლა „ფოლკსვაგენმა“ და მას გაერთიანება შესთავაზა.

No comments:

Post a Comment