3 ივლისი
„პურიტალია აუტომობილი“ პატარა იტალიური კომპანიაა,
რომელმაც ახლახანს დაასრულა თავისი პირველი სუპერ ავტომობილის - „პურიტალია 427-ის“
შემუშავება და მის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტით გაავრცელა. ეს ორადგილიანი ავტომობილი
1965 წლის „შელბი კობრას“ შთაგონებითაა შექმნილი. „პურიტალია“ აცხადებს, რომ თავისი
პირველი სუპერ ავტომობილის გამოშვებას შეკვეთების შესაბამისად, მომავალი წლიდან
დაიწყებს.
„პურიტალია აუტომობილის“ დიზაინის შეფი ფაბიო
ფერანტე ამბობს, რომ პროექტზე მუშაობისას, მან პატივი მიაგო ამერიკული მასკლ
ქარების სულისკვეთებას და ლეგენდარულ ავტომობილ „შელბი კობრას“, რომელსაც იტალიური
სტილის გემოვნება და ელეგანტურობა შეუხამა.
ორადგილიანი ღია ავტომობილზე მუშაობა „პურიტალიამ“
ორი წლის წინ დაიწყო. შასი მეტწილად ალუმინისგან, ძარა და მისი ცალკეული
ელემენტები კი კარბონისა და სხვა მასალების კომპოზიტისგანაა დამზადებული. ამის
წყალობით, 427 ძალიან მსუბუქი გამოვიდა - ის 1090 კილოგრამს იწონის, რაც წინა და
უკანა ღერძებს შორის თანაბრადაა განაწილებული. ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4340
მმ, სიგანე 1950 მმ, სიმაღლე 1250 მმ, ბაზა კი 2590 მილიმეტრია.
„შელბი კობრას“ მსგავსად, „პურიტალია 427-ც“
უკანაამძრავიანი ავტომობილია მყიდველის სურვილის შესაბამისად, ის შეიძლება ორი
სხვადასხვა ძრავით აღიჭურვოს. ორივე 5.0-ლიტრიანი V8-ა. ოღონდ მათგან ერთი
ატმოსფერულია, მეორეს კი მექანიკური დამჭირხნი ემსახურება. პირველის სიმძლავრე 445
ცხენის ძალაა, მეორისა კი - 605 ცხენის ძალა. ძრავს ორდისკოიანი ჰიდრავლიკური
ქუროს დახმარებით, 6-საფეხურიანი მექანიკური ტრანსმისია უწყვილდება, საიდანაც მაბრუნი
მომენტი უკანა, გაზრდილი ხახუნის დიფერენციალს გადაეცემა.
ავტომობილის ოთხივე ბორბალი დამოუკიდებელ საკიდარს
ეყრდნობა. საკიდარის სისტემაში, ორბერკეტიანი „ჩანგლები“, რეგულირებადი
ამორტიზატორები და განივი მდგრადობის სტაბილიზატორი შედის. ავტომობილის
დამუხრუჭებას, „ბრემბოს“ წარმოების სისტემა უზრუნველყოფს, რომელშიც წინ ექვსცილინდრიანი
სუპორტები და 380-მილიმეტრიანი დისკოები, უკან კი ოთხცილინდრიანი სუპორტები და 345-მილიმეტრიანი
დისკოები შედის. წინა ბორბლები 19-დუიმიანია, უკანები კი - 20-დუიმიანი.
„პურიტალია 427-ს“ ფასი ჯერ არ გამოცხადებულა.
იტალიური კომპანია აცხადებს, რომ სულ 100 ცალი ავტომობილის გამოშვებას აპირებს.
ამასთან, შემუშავებულია წინასერიული პროგრამა, რომელიც 10 ცალი ექსკლუზიური
ვერსიის გამოშვებას ითვალისწინებს. ამ ავტომობილების შეძენის საშუალება კი
წინასწარ შერჩეულ მყიდველს მიეცემა.
სავარაუდოდ,
„პურიტალია 427-ს“ მსოფლიო პრემიერა პარიზის მოტორ შოუზე შედგება.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment