Tuesday, July 3, 2012

სერჯო პინინფარინა გარდაიცვალა


Famed Car Designer Sergio Pininfarina Dies at Age 85
3 ივლისი
85 წლის ასაკში, ლეგენდარული დიზაინერი, სერჯო პინინფარინა ტურინში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ის იყო კომპანია „პინინფარინას“ დამაარსებლის, ბატისტა „პინინ“ ფარინას (პინინფარინას - ეს გვარი მათ 1961 წელს, იტალიის პრეზიდენტმა ჯოვანი გრონკიმ მიანიჭა) შვილი, არაერთი ლეგენდარული ავტომობილის დიზაინის ავტორი. 40 წლის განმავლობაში, ის თავისი ოჯახის კომპანიას ედგა სათავეში, ბოლო წლებში კი მისი საპატიო თავმჯდომარე იყო.

ფერარი ტესტაროსა
სერჯო პინინფარინა არაერთ საავტომობილო კომპანიასთან თანამშრომლობდა. მას შექმნილი აქვს „ალფა რომეოს“, „შევროლეს“, „ბენტლის“, „პეჟოს“, „ვოლვოს“, „მაზერატის“ და რა თქმა უნდა, „ფერარის“ არაერთი ავტომობილის დიზაინი. განსაკუთრებით კი სახელი ამ უკანასკნელის ორი ლეგენდარული მოდელის - „ტესტაროსას“ და „ენცოს“ შემუშავებით გაითქვა.
ალფა რომეო 164
სერჯო პინინფარინა 1926 წელს დაიბადა, 1950 წელს ტურინის პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა და მალე მუშაობა ოჯახის ფირმაში, „კაროცერია პინინ ფარინაში“ დაიწყო,  სადაც 1960 წელს კომპანიის გენერალური მენეჯერი გახდა. ექვსი წლის შემდეგ, მამამისის გარდაცვალებიდან ცოტა ხანში, მან კომპანიის თავმჯდომარის პოსტი ჩაიბარა, რომელიც 40 წლის განმავლობაში ეკავა.
პეჟო 406 კუპე
მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია: „ფერარი ტესტაროსა“ (1984 წელი, ფოტოზე სწორედ ამ ავტომობილთანაა გადაღებული), „ფიატ 124 სპაიდერი“ (1986), „კადილაკ ალანტე (1986), „ალფა რომეო 164“ (1987), „ბენტლი აზური“ (1995), „პეჟო 406 კუპე“ (1996), „ფერარი ენცო“ (2002), „მაზერატი კვატროპორტე“ (2003) და „ფერარი სკალიეტი“ (2004).
2005 წელს, ქვეყნის წინაშე დამსახურებათა გამო, სერჯო პინინფარინა იტალიის სამუდამო საპატიო სენატორი გახდა. ერთი წლის შემდეგ, ის „პინინფარინას“ პრეზიდენტის პოსტს ტოვებს და მისი საპატიო თავმჯდომარე ხდება. დამსახურებათა გამო, მას იტალიასა და ევროპის ქვეყნებში (გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი) არაერთი საპატიო წოდება და აღიარება აქვს მიღებული...
სერჯო პინინფარინას დარჩა მეუღლე ჯორჯა და ორი შვილი - ლორენცა და პაოლო.
მაზერატი კვატროპორტე
ფერარი ენცო
ფერარი სკალიეტი

No comments:

Post a Comment