Sunday, October 7, 2012

ლოებმა მეცხრე ტიტული საფრანგეთში გაინაღდა

Loeb clinches ninth consecutive world title
7 ოქტომბერი

ეს უკვე რეალობაა - როგორც მოსალოდნელი იყო, რალის ფრანგმა ლეგენდა სებასტიან ლოებმა, საფრანგეთის რალიც მოიგო და სეზონის დასრულებამდე ორი ეტაპით ადრე, მსოფლიო ჩემპიონის მეცხრე ტიტული გაინაღდა. სიმბოლურია, რომ 38 წლის ლოებმა ამ სეზონში მერვე, კარიერაში კი 75-ე გამარჯვება მის მშობლიურ ჰაჟენოს (აღმოსავლეთ საფრანგეთის პროვინცია ალსაკე) სიახლოვეს მოიპოვა.

ლოების ტრიუმფთან ერთად, კონსტრუქტორთა პირველობა მერვედ მოიგო „სიტროენის“ საქარხნო გუნდმა. საფრანგეთის რალი მეორე ადგილზე დაასრულა „ფორდის“ ფინელმა იარი-მატი ლატვალამ, მესამეზე კი ლოების თანაგუნდელი მიკო ჰირვონენი გავიდა, ვინც ჩემპიონატში მეორე ადგილზეა. ამგვარად, ლოებს 244 ქულა დაუგროვდა და ის 71 ქულას უგებს ჰირვონენს, რითაც ორ დარჩენილ რბოლაში მიუწვდომელია.
„დიდებული მომენტია. ამაზე ვოცნებობდი. ძალიან ბედნიერი ვარ. შესანიშნავი სეზონი ჩავატარე და ახლა სიამოვნების მიღებას ვაპირებ. სულაც არ ვიფიქრებ, რომ ჩვენ ერთად ბოლო ტიტული მოვიპოვეთ“, - ნარბოლევს განაცხადა ლოებმა, ვინც „ჩვენში“ მისი ნავიგატორი დანიელ ელენა იგულისხმა.
„ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულო ისაა, რომ ორივე ტიტული აქ ალსაკეში მოვიპოვეთ, სადაც სები დაიბადა“, - ამბობს „სიტროენის“ საქარხნო გუნდის შეფი ივ მატონი.
აღმოსავლეთ საფრანგეთის სველ გზებზე რბოლაში, ლოები თავიდანვე დაწინაურდა და რბოლის ბოლო დღის წინ, მისმა უპირატესობამ 54 წამი შეადგინა. კვირის ექვს სპეცმონაკვეთზე ლოების საუკეთესო შედეგი მეოთხე იყო, მაგრამ ესეც საკმარისი გამოდგა იოლი გამარჯვებისთვის. სხვათა შორის, ამ ექვსიდან ხუთი მონაკვეთი ბელგიელმა ტიერი ნოვილმა მოიგო, ვინც საბოლოოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა.
„პილოტი, ვინც მომავალ სეზნოში ჩემპიონი გახდება, ვერ იტყვის, რომ საუკეთესოა. ყველასთვის მთავარი ლოების დამარცხება. თუ მას აჯობე, ესე იგი, საუკეთესოთა შორის საუკეთესო ხარ“, - ამბობს „ფორდის“ ტექნიკური დირექტორი კრისტიან ლორიო.
გარდა იმისა, რომ ცხრა ტიტულს მოუყარა თავი, რაც ავტოსპორტში განუმეორებელი მიღწევაა და 75 გამარჯვებისა, ლოებს სხვა რეკორდებიც ეკუთვნის. მაგალითად, 2008 წლის სეზნში მან 11 რბოლა მოიგო. 2005 წლის კორსიკის რალიზე კი ყველა სპეცმონაკვეთზე უსწრაფესი იყო (!).


საფრანგეთის რალი
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი)             3:32:53.000
2. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი)                   +00:15.500
3. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი)                      00:44.100
4. ტიერი ნოივილი (ბელგია, სიტროენი)                       01:07.300
5. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი)                         01:16.400
6. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი)                              02:27.900
7. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი)                         05:51.600
8. კრის ეტკონსონი (ავსტრალია, მინი)                         06:42.400
9. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი)                          08:46.800
10. სებასტიან შარდონე (საფრანგეთი, სიტროენი)       08:59.700

მრბოლების კლასიფიკაცია

1. სებასტიან ლოები - 244 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი - 173; 3. იარი-მატი ლატვალა - 133; 4. მადს ოსტბერგი - 125; 5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) - 119; 6. ევგენი ნოვიკოვი - 69; 7. ტიერი ნოივილი - 53; 8. მარტინ პროკოპი - 42; 9. ოტ ტაენაკი - 34; 10. დანიელ სორდო (ესპანეთი, მინი) - 31; 11. სებასტიან (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) - 31; 12. ნასერ ალ-ატია (კატარი, სიტროენი) - 28; 13. კრის ეტკონსონი - 14; 14. არმინდ არაუჟო (პორტუგალია, მინი) - 11; 15. ფრანსუა დელკური (საფრანგეთი, ფორდი) - 8...

კონსტრუქტორთა პირველობა
1. სიტროენ ტოტალ WRT - 388 ქულა; 2. ფორდ WRT - 255; 3. M-სპორტ ფორდ WRT - 137; 4. სიტროენ ჯუნიორ WRT - 72; 5. ადაპტა WRT - 71; 6. კატარ WRT - 63; 7. მინი WRC ტიმ - 26; 8. ბრაზილ WRT - 20; 9. WRC ტიმ მინი პორტუგალ - 4; 10. ჩეხ ფორდ რალი ტიმ - 2; 11. კოლექტიფ ეკიპ დე ფრანს რალი - 1

No comments:

Post a Comment