Tuesday, November 20, 2012

შემდეგი „ტოიოტა პრიუსი“ სრულამძრავიანი ელექტრომობილი იქნება

Next Toyota Prius to get electric all-wheel drive

20 ნოემბერი

ჰიბრიდულ „ტოიოტა პრიუსს“ ბევრი კონკურენტი გამოუჩნდა და მართალია, ეს ავტომობილი ჯერაც კარგად იყიდება, მაგრამ თუ მისი მახასიათებლები დროულად არ გაუმჯობესდა, მალე გაყიდვების კლება გარდაუვალი გახდება. თუმცა, ბრიტანულ ჟურნალ „ავტო ექსპრესის“ ინფორმაციით, იაპონური კომპანია, მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის გასაახლებლად უკვე ემზადება.
„ავტო ექსპრესის“ რეპორტიორი „ტოიოტას“ ერთ-ერთ წამყვან ინჟინერს ესაუბრა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა და გამოცემას ახალ „პრიუსზე“ მწირი ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, მომავალი „პრიუსი“ ახალ C-პლატფორმაზე აიგება, რომელიც ძველზე 70 კილოგრამით მსუბუქია. მოდიფიკაცია ჩაუტარდება 1.8-ლიტრიან შიდაწვის ძრავს და ელექტროძრავს. შემცირდბა გენერატორის ზომა, თუმცა მისი სიმძლავრე გაიზრდება. კომპანია ირწმუნება, რომ ახალი პრიუსი 100 კილომეტრის გასავლელად 3.14 ლიტრი საწვავი ეყოფა.
მართალია, ჩვეულებრივ „პრიუსს“ რადიკალური მოდერნიზაცია ჩაუტარდება, მაგრამ უცვლელი დარჩება მისი პლაგ-ინ ჰიბრიდული ვერსია. ამასთან, ორივე აღიჭურვება ერთნაირი ელექტროძრავით, რომელიც უკანა ბორბლებს დაატრიალებს. და რამდენადაც ჩვეულებრივ პრიუსზე, შიდაწვის ძრავი წინა ბორბლებს დაატრიალებს, ის სრულამძრავიანი (e-4WD) იქნება. „ტოიოტას“ ინჟინერი ამბობს, რომ ჰიბრიდულ „პრიუსზე“ უკანა ბორბლებს ელექტროძრავი მანამ დაატრიალებს, სანამ სიჩქარე მაქსიმუმ 37 კმ/სთ-ს მიაღწევს. ამის შემდეგ კი ავტომობილი მხოლოდ შიდაწვის ძრავის ძალით იმოძრავებს.
დაკიდევ, იმავე წყაროს ინფორმაციით, უცვლელი რჩება ელექტროენერგიის დაგროვების წყარო - ამ მოვალეობას ისევ ნიკელ-მეტალ ჰიდრიდული ელემენტების ბლოკი შეასრულებს. ეს იმ დროს, როდესაც პლაგ-ინ ჰიბრიდული „პრიუსი“ ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკითაა აღჭურვილი.
პარალელურად, მეტი ყურადღება მიექცევა დიზაინსაც, რაც ყოველთვის „პრიუსის“ სუსტი მხარე იყო. სოლისებრ პროფილს უფრო გარსშემოდენილი ფორმა შეცვლის. წინა საყრდენი უკან დაიწევს და მისი დახრის კუთხე გაიზრდება. ამასთან, ფორმების ცვლილება, ავტომობილის აეროდინამიკურ მახასიათებლებს არ გააუარესებს.


ასევე წაიკითხეთ

გაიცანით T.27 - გორდონ მარის ჯუჯა ელექტრომობილი

No comments:

Post a Comment