Friday, June 12, 2009

ფედერაციამ განაცხადები მიიღო

Formula 1

12 ივნისი

გუშინ ლონდონში, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციასა (FIA) და ფორმულა ერთის გუნდების ასოციაციას (FOTA) შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი დასრულდა, რის შემდეგაც, ფედერაციამ იმ გუნდების სია გამოაქვეყნა, რომლებიც მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

შეხვედრაში, რომელიც 11 საათი გაგრძელდა, მონაწილეობა მიიღეს FIA-ს პრეზიდენტმა მაქს მოსლიმ, ”ფერარის” შეფმა სტეფანო დომენიკალიმ, ”ბრაუნ GP-ს” შეფმა როს ბრაუნმა, ”რედ ბულ რეისინგის” შეფმა კრისტიან ჰორნერმა და ”ტოიოტას” შეფმა ჯონ ჰაუეტმა.

შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, მისმა მონაწილეებმა კომენტარებისგან თავი შეიკავეს, თუმცა ფედერაციის ერთ-ერთმა წევრმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, მოლაპარაკებებზე არსებული განწყობა რომის პაპის არჩევნებს შეადარა: ”შეიძლება ითქვას, რომ დღეს ბოლი რუხი ფერის იყო. შეიძლება, ეს კარგ ნიშნად არ გეჩვენოთ, მაგრამ გარკვეული თვალსაზრისით, ეს წინგადადგმული ნაბიჯია”.

ცნობისათვის, პაპის არჩევნების დროს, მისი მონაწილენი საზოგადოებას პაპის არჩევის მოახლოებას თეთრი ბოლით ამცნობენ. თუ არჩევნები ჭიანურდება, მაშინ ბოლი შავია ხოლმე.

მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, ფედერაციამ გამოაქვეყნა იმ გუნდების სია, რომლბიც მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატში დაიშვებიან. მათ შორის, ყველა მოქმედი გუნდია, ოღონდ მათგან ფედერაცია ”მაკლარენის”, ”ბეემვე ზაუბერის”, ”რენოს”, ”ტოიოტას” და ”ბრაუნ GP-ს” განაცხადების დადასტურებას კიდევ ერთი კვირა დაელოდება.

რაც შეეხება ახალ გუნდებს, ესენია: USF1, ”კამპოს გრან პრი” და ”მეინორ გრან პრი”. ამ უკანასკნელის სიაში მოხვედრა ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. სამაგიეროდ, სიაში ვერ მოხვდა ”პროდრაივი”, რომელიც კუვეიტური საინვესტიციო ჯგუფის მყარი ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს და რომელიც ფორმულა ერთში ”ასტონ მარტინის” დაბრუნების წინაპირობაა.

თუმცა, არაა გამორიცხული, რომ სია მას შემდეგ შეიცვალოს, რაც ზემოთ დასახელებული ხუთი მოქმედი გუნდის განაცხადი დადასტურდება.

გუნდები, რომლებიც მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას:

გუნდები (კონსტრუქტორები)

სკუდერია ფერარი მარლბორო (ფერარი)

სკუდერია ტორო როსო (სკუდერია ტორო როსო, ძრავი მოგვიანებით გამოცხადდება)

რედ ბულ რეისინგი (რედ ბულ რეისინგი, ძრავი მოგვიანებით გამოცხადდება)

At&T უილიამსი (უილიამს ტოიოტა)

ფორს ინდია F1 ტიმ (ფორს ინდია მერსედესი)

კამპოს გრან პრი (კამპოს კოსუორტი)

მეინორ გრან პრი (მეინორ კოსუორტი)

ტიმ US F1 (ტიმ US F1 კოსუორტი)

ვოდაფოუნ მაკლარენ მერსედესი (მაკლარენ მერსედესი)

BMW ზაუბერი (BMW ზაუბერი)

რენო F1 ტიმ (რენო)

პანასონიკ ტოიოტა რეისინგი (ტოიოტა)

ბრაუნ GP ფორმულა ვან ტიმ (ბრაუნი, ძრავი მოგვიანებით გამოცხადდება)

No comments:

Post a Comment